Accessibility links

ჰოლოკოსტი - „მთლიანად დამწვარი“ სიცოცხლეები


ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი „ოსვენციმი“. 2014 წლის 27 იანვარი

ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი „ოსვენციმი“. 2014 წლის 27 იანვარი

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თბილისში ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიება სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საერთაშორისო ფონდ „ლეას“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს 1933-1945 წლებში დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც გერმანიის ნაცისტურ რეჟიმს საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ მის ფარგლებს გარეთ შეეწირნენ.

ლევ სამოვსკი არასამთავრობო ორგანიზაცია ებრაულ-ევროპული პარლამენტის წარმომადგენელია საქართველოდან. ჰოლოკოსტი მისი ცხოვრების ნაწილია. ბავშვობისას ხშირად უამბობდა მამა იმის შესახებ, თუ როგორ გაექცა ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილს. დღეს ლევი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, იმ ადამიანების ხსოვნის დღეს, რომლებიც 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების ქმედებებს შეეწირნენ. ლევის მშობლები გადაურჩნენ ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის სისასტიკეს, იმ სისასტიკეს, რომელმაც 6 მილიონი ებრაელი, როგორც დაბალი რასა, საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ მის გარეთ გაანადგურა:

„ჩემი ოჯახი საინტერესოა, იმიტომ რომ მამაჩემი უკრაინიდან იყო და სწორედ დნეპროპეტროვსკში გერმანელების შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ბებიაჩემმა მოჰკიდა ხელი თავის ორ ბიჭს და დროულად გაეცალნენ იქაურობას, სადაც, საბოლოოდ, 45 ათასზე მეტი ებრაელი დაიღუპა. დედა 1940 წლამდე რუმინეთში ცხოვრობდა - იმ დრომდე, სანამ ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდოდნენ. დედას ოჯახმა გაქცევა მოასწრო და ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. სწორედ საქართველოში გაიცნეს ერთმანეთი ჩემმა მშობლებმა და მეც დავიბადე“.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თბილისში

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თბილისში

1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა პოლონეთში „სიკვდილის ბანაკად“ წოდებული საკონცენტრაციო ბანაკი „ოსვენციმი“. სწორედ ეს თარიღი დაედო საფუძვლად გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას, როდესაც 2005 წელს მიიღო რეზოლუცია 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ. ჰოლოკოსტის მსხვერპლთ ყოველ 27 იანვარს იხსენებენ საქართველოშიც. წელს ეს დღე, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ფონდ „ლეას“ ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღინიშნა. წუთიერი დუმილი - ასე დაიწყო ღონისძიება, რომლის მონაწილეებმაც მენორაზე სანთლების დანთებით მიაგეს პატივი ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ ადამიანებს, ნაცისტური გერმანიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა კი რაბი ავიმელიხ როზენბლატმა წაიკითხა.

თამარ ქოსაშვილი ისმენს ლოცვას დაღუპული ებრაელებისთვის. მისთვის და მისი ოჯახისთვის ეს დღე განსაკუთრებით მტკივნეული და, ამასთანავე, მნიშვნელოვანია:

„მე ებრაელი ვარ და ამ 6 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს ისე განვიცდი, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებისას. ძალიან დიდ ტკივილია ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის და ამ ამბავს ყოველთვის დიდი მწუხარებით ვიხსენებთ. ჰოლოკოსტი ჩემთვის, პირველ რიგში, თავისუფლების შეზღუდვის გამოხატულებაა“.

ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა ეს სამყარო უკეთეს ადგილად აქციეს...

„ჩვენ გვჯერა, რომ ამ დღის აღნიშვნა არა მხოლოდ ხსოვნის, არამედ დაფიქრების მიზანს ემსახურება“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომლის თქმითაც, დღეს კვლავ საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო, რომელიც ომითა და შეუწყნარებლობითაა დამუხტული და ადამიანებს კვლავაც უწევთ ცხოვრება რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი თუ პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შიშში. უჩა ნანუაშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის აღნიშვნა, ეს არის თანამედროვე ანტისემიტიზმის, ტერორიზმის, გენოციდის, ძალადობისა და შეუწყნარებლობის გაპროტესტება:

„ამ მცირე ძალისხმევის გაწევა თანამედროვე მსოფლიოში კეთილი ნების ადამიანების მორალური და სამოქალაქო ვალდებულებაა - ვალდებულება, თუნდაც ასე, სიმბოლური ჟესტის დონეზე, დადგე ადამიანის, მისი უნიკალური ინდივიდუალურობის, მისი სიცოცხლისა და ღირსების მხარეს. წლევანდელი ჰოლოკოსტის მთავარი თემაც სწორედ ადამიანის ღირსებას ეძღვნება“.

იან კელი

იან კელი

„ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა ეს სამყარო უკეთეს ადგილად აქციეს“, - ამბობს ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი, რომელმაც სხვა დიპლომატებთან ერთად მიაგო პატივი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. მისი თქმით, საზოგადოებას აქვს განსაკუთრებული ვალდებულება იზრუნოს მათზე, შეინახოს მათი ამბები, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს ჰოლოკოსტი, რა ხდებოდა ოსვენციმში:

„არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველი მსხვერპლის უკან კონკრეტული სახელი იდგა, იდგა ტრაგედია ნაადრევი სიკვდილისა, განუხორციელებელი მომავლისა, განადგურებული ოჯახისა და მარადიული სიყვარულისა“.

12-წლიან სასტიკ პერიოდს, ანუ ჰოლოკოსტს, ანუ „სრულიად დაწვას“, გარდა 6 მილიონი ებრაელისა, ემსხვერპლა ორ მილიონზე მეტი ბოშა, შავკანიანი გერმანელები, პოლონელი ინტელექტუალები, სექსუალური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ჰოლოკოსტს კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ ჩატარებული ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, 1946 წელს, ეწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG