Accessibility links

logo-print
კახეთში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემოდგომაზე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, ზეწოლასა და დაშინების ფაქტებზე ლაპარაკობენ. ისინი კონკრეტულ ადამიანებს ასახელებენ, რომლებიც მათზე და მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ბრალდებებს უარყოფენ.

ზვიად ყვირალაშვილი "რესპუბულიკური პარტიიდან" არის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქმიანობს. ამბობს, რომ მის გათავისუფლებას სამსახურიდან პოლიტიკური სარჩული აქვს. ყვირალაშვილი შპს "გურჯაანის კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა მალევე - მას შემდეგ, რაც მისი პარტია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანდა - სამსახურიდან გაათავისუფლეს, თანაც, როგორც ამბობს, უმიზეზოდ.
ოპოზიციონერი სამსახურში 2011 წლის თებერვლიდან საქმიანობდა და, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის მაისამდე უნდა ემუშავა. შრომითი ხელშეკრულება მას მარტში შეუწყვიტეს:

„ეს იყო პოლიტიკური დევნა. მე მივმართე ჩემს ყოფილ სამსახურს განცხადებით, რომ განემარტათ, თუ რა იყო გათავისუფლების მიზეზი, და მათ წერილობითვე მომაწოდეს პასუხი, რომ თურმე მე ვარღვევდი შრომითი ხელშეკრულების პირობებს. არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები, თუ რას გულისხმობდნენ გათავისუფლების ამ თითიდან გამოწოვილ მიზეზში."

ზვიად ყვირალაშვილი მომხდარს კოალიცია "ოცნებაში" გაწევრიანებას უკავშირებს და ამბობს, რომ სამსახურიდან გაშვების არგუმენტი აბსურდულია. ყვირალაშვილი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობს, მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი პეტრუზაშვილი ყვირალაშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ამბობს, რომ თვითმმართველობა ამ პროცესებში არ ერევა:
პროვოკატორი ხარო. შენ არ გჭირდება ინტერნეტი, რადგან დედოფლისწყაროზე ტყუილებს წერო, - ასე მომმართა "სილქნეტის" ხელმძღვანელმა ...

„ნამდვილად ვერ ვიქნები შემფასებელი ამ კონკრეტული ფაქტის, რადგან თვითმმართველობის ორგანოები არანაირად არ ერევიან ამ პროცესებში. ამდენად, მე კომენტარს არ გავაკეთებ.“

არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო". პარტიამ კახეთში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება უკვე დაიწყო. დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი ირწმუნება, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი გახდა. მას ინტერნეტის მიწოდება შეუწყვიტეს. გურაშვილის თქმით, "სილქნეტის" წარმომადგენლებმა პირადად უთხრეს, რომ დავალებული ჰქონდათ მისთვის ინტერნეტის მიწოდება შეეწყვიტათ:

„პროვოკატორი ხარო. შენ არ გჭირდება ინტერნეტი, რადგან დედოფლისწყაროზე ტყუილებს წერო, - ასე მომმართა "სილქნეტის" ხელმძღვანელმა. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ამ პიროვნებამ იცოდა, მე ვინ ვიყავი, რას ვწერდი და, შესაბამისად, ცდილობდა ვიღაცის დავალებით, რომ ხელი შეეშალა ჩემთვის, რათა ინტერნეტი არ მქონოდა და დედოფლისწყაროდან არ გამევრცელებინა ინფორმაციები.“

დედოფლისწყაროში კომპანია "სილქნეტის" ხელმძღვანელი ილია კიკაბიძე პოლიტიკური ნიშნით ინტერნეტის გათიშვას კატეგორიულად უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირებს:

„როგორც თქვენ გელაპარაკებით, ასე ნორმალურად ველაპარაკე იმასაც. საერთო საკაბელო დაზიანება იყო. არადა, მაინც მოდის და იძახის, გააკეთეთო.“

მცირე ბიზნესის განადგურება, შვილის სამსახურიდან გათავისუფლება, სასოფლო -სამეურნეო მიწების გადაწვა და მხარდამჭერების დაშინება - ეს არის ფაქტები, რომელთა შესახებაც კოალიცია "ქართული ოცნების" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე ლაპარაკობს. მისი თქმით, ზეწოლა მასზე და ოჯახის წევრებზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა და მისი მხარდამჭერი წერილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაავრცელა:
მე რამდენადაც ვიცი, მისმა შვილმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და წამოვიდა სამსახურიდან ...

„ჩემი შვილი იყო 1 კვირიან თუ 10 დღიან შვებულებაში წასული და იმ საღამოსვე დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩასულიყო თელავში, სოციალურ სააგენტოში, და მკაცრად მოსთხოვეს, რომ სასწრაფოდ დაეწერა განცხადება გათავისუფლების თაობაზე. მოადგილემ ასე ღიად უთხრა გათავისუფლების მოტივი, რომ დამალულ-დაფარული არაფერი არ არისო. მე იჯარით მქონდა სავაჭრო ფართი აღებული. იმ საღამოსვე მოვიდა ჩემთან განადგურებული კაცი, რომელმაც მთხოვა, რომ დაგვეცალა ეს ფართი. მე ვკითხე, ვინ დააძალა მას ამის გაკეთება, მაგრამ მან მითხრა, რომ მისი სიცოცხლე და მისი სამსახური საფრთხის ქვეშ იდგა და ვერაფერს მეტყოდა.“

ის, რაზეც ახმეტაში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი ლაპარაკობს, კარგად არის ცნობილი საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილისთვის, თუმცა ფაქტებს საკრებულოს თავმჯდომარე სხვაგვარად ხსნის:

„მე რამდენადაც ვიცი, მისმა შვილმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და წამოვიდა სამსახურიდან. რაც შეეხება ფართის დაცლას, ბატონ ზაქროს კერძო პირის ვალი ჰქონდა და ამის გამო მოსთხოვა, დაეცალა ფართი.“

კოალიცია "ქართული ოცნების" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე ამბობს, რომ, ზეწოლის მიუხედავად, იგი პოლიტიკურ ბრძოლას მაინც გააგრძელებს, ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე კი სასამართლოს მიმართავს.

არჩევნების ჩატარებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. ზოგადად ოპოზიციის მიმართ ზეწოლაზე კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ, თუმცა კონკრეტული შემთხვევების შეფასებისგან თავს იკავებენ.

სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ისეთი შემთხვევები, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლების 10 ფაქტი, მუქარის 10, კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლის 6 და ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა. ოპოზიციურ პარტიებში ვარაუდობენ, რომ ზეწოლა მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდება.
XS
SM
MD
LG