Accessibility links

logo-print
რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოს მცხოვრები ზურაბ სალამაშვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა, როცა მისი დაკავება მოხდა. უკვე ცნობილია, რომ სალამაშვილი ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი. საკორინთლოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ რუსებმა სოფლის პერიმეტრზე მავთულხლართები რამდენიმე თვის წინ გააბეს და იქით მხარეს გადასვლა თითქმის შეუძლებელია. დაკავებულის დედა ელისო სალამაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულა.

ადგილობრივების თქმით, რუსი სამხედროები ეგრეთ წოდებულ საზღვარს ყოველდღიურად თავად არღვევენ და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. დაკავებულის და, მარიკა სალამაშვილი, ამბობს, რომ რუსებმა ეგრეთ წოდებული საზღვარი სოფლის სიღრმეში გადმოსწიეს, რამდენიმე დღის წინ კი სოფლის მწყემსები გააფრთხილეს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს არ მისულიყვნენ.

სალამაშვილის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკაავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზის მეშვეობით მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკება დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი რუსების საკორინთლოში შესვლის ფაქტს არ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაქცეული საქონლის მოსაბრუნებლად გადავიდა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ეგრეთ წოდებული საზღვრის დამრღვევების მიმართ ცხინვალში სასამართლო პროცესი იმართება და დაკავებულებს 2000 რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ ხოლმე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG