Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დინამიკური პარტნიორობა“ ავღანეთში და არადინამიკური საინფორმაციო პოლიტიკა


გასულ კვირაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ჩატარებული ერთკვირიანი ოპერაციის თაობაზე, რომლის ამოცანა ყოფილა სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ რაიონში ჩარჩენილი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა. ოპერაციაში, სახელწოდებით „დინამიკური პარტნიორობა“, ამერიკულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობა მიუღიათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 32-ე და მე-12 ბატალიონებს. თუმცა ამ ინფორმაციამ, ტრადიციულად, დაგვიანებით და ძალიან მშრალად ჩამოაღწია საქართველომდე.

ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა ინფორმაცია იმაზე, თუ რითაა 1600 ქართველი ჯარისკაცი დაკავებული მსოფლიოს „ყველაზე ცხელ წერტილში“, კვლავინდებურად ცოტაა. ამ ინფორმაციულ დუმილს არღვევს ხოლმე ან საგანგაშო ცნობა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ, ანდა ცნობა ავღანეთში რომელიმე ქართველი მაღალჩინოსნის - იქნება ეს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი თუ გენერალური შტაბის უფროსობა - ვიზიტის შესახებ, რაც, დიდი ანგარიშით, სახელმწიფო მოხელის პიარს უფრო ემსახურება, ვიდრე ქართველი ჯარისკაცების ღვაწლის წარმოჩენას.

„სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ასრულებენ მისიას, ზოგადად მედიას და საზოგადოებას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია ჩვენი ჯარისკაცების ყოფის, ყოველდღიურობის, მათი წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. ერთადერთი, რა ინფორმაციასაც ვიღებდით, ეს იყო თითოეული ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ცნობა, რასაც რადიო თავისუფლებაც გამოეხმაურა და მიუძღვნა „ხსოვნის გვერდი“. დანარჩენი რეალური ინფორმაცია და ამ კუთხით საზოგადოებასთან მუშაობა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არ მიმდინარეობდა“, ამბობს საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა.
ჰელმანდის პროვინციის „სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ“ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მასში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 32-ე და მე-12 ქართული ბატალიონების 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა...

ასეთ საინფორმაციო პოლიტიკას კი არაერთი თვალშისაცემი უხერხულობა ახლავს, რაზეც, ალბათ, უნდა დაფიქრდეს როგორ ISAFI-ის სარდლობა, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა. უფრო კონკრეტულად კი, მაშინ როცა ოფიციალური ვიზიტის ასახვას რამდენიმე ტელეკამერა და ე.წ. „ჟურნალისტური პული“ ემსახურება, ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობით ჩატარებული მცირე თუ დიდმასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაცია ძალზე მწირია და იგი დიდი დაგვიანებით - შესაბამისი უწყებების ფილტრში გავლის შემდეგ - აღწევს საზოგადოებამდე. ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ცნობას არა აქვს თარიღი და მკითხველიც ვერ გებულობს, თუ როდის მოხდა ასეთი ამბავი და მოხდა თუ არა, საერთოდ.

„ჰელმანდის პროვინციის „სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ“ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია განახორციელა. მასში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 32-ე და მე-12 ქართული ბატალიონების 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მთავარი მიზანი ოპერაციისა, კოდური სახელით „დინამიკური პარტნიორობა“, შურაკაის რაიონში ჩარჩენილი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა იყო, ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა კი - „წითელი გზისა“ და „ბამას გზის“ გაკონტროლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქმედო არეალი 40კმ-ს ფარავდა. სამხედრო ოპერაცია ერთ კვირას გაგრძელდა და მსხვერპლის გარეშე დასრულდა“ - ეს არის ამონარიდი თავდაცვის სამინისტროს მიერ 1 მარტს გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელშიც არაფერია ნათქვამი, თუ როდის ჩატარდა ეს ოპერაცია და მიაღწია თუ არა მან საბოლოო მიზანს - გამოიყვანეს თუ არა ამერიკელმა და ქართველმა მებრძოლებმა „შურაკაის რაიონში ჩარჩენილი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი უსაფრთხო ტერიტორიაზე“.

უცნაურია ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის თაობაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი ISAFI-ის ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ოპერაციის მთავარ საიტზე. ერთადერთი წყარო, რომელიც მცირეოდენ ცნობას იძლევა „დინამიკური ოპერაციის“ შესახებ, ეს გახლავთ კერძო კომპანია DVIDS-ი, ამავე სახელწოდების პორტალი, რომელიც აშშ-ის არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დაკვეთით ქმნის და ავრცელებს ვიდეო, აუდიო, ფოტო და გრაფიკულ საინფორმაციო მასალას.

ზემოხსენებულ პორტალ DVIDS-ზე გამოქვეყნებულია მოკლე ინფორმაცია და რამდენიმე საინტერესო ფოტო „დინამიკური ოპერაციის“ თაობაზე, რომელიც სამ ეტაპად - 9-დან 15 თებერვლამდე - ჩატარებულა და რომლის ამოცანაც ყოფილა ჰელმანდის პროვინციის სოფელ შურაკაიდან იქ დისლოცირებული სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გამოყვანა.

ამერიკულ პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არაფერს გვეუბნება იმაზე, ქვედანაყოფი იქ ჩარჩენილი იყო და ამიტომ გახდა მისი გამოყვანა საჭირო ასეთი მრავალეროვნული ძალის თანხლებით, თუ ეს იყო სამხედრო ნაწილის გეგმიური როტაცია. თუმცა, პორტალ DVIDS-ზე გამოქვეყნებული, პროფესიონალი სამხედრო ფოტოგრაფის მიერ შექმნილი მაღალპროფესიული ფოტოგალერეით თუ ვიმსჯელებთ, სოფელ შურაკაიდან სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გამოყვანის ოპერაცია იმდენად რთული და საპასუხისმგებლო ყოფილა, რომ ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და საზღვაო მედესანტეებს ერთად ლოცვაც კი ჩაუტარებიათ.

პორტალ DVDIS-ის თანამშრომლებს, ცხადია, მადლობის მეტი არაფერი ეთქმით ჰელმანდის პროვინციის სოფელ შურაკაიში მრავალეროვნული სამხედრო ოპერაცია “დინამიკური პარტნიორობის“ გაშუქებისათვის, თუმცა მაინც ცოტა საწყენია, რომ არაფერია ნათქვამი საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-ე და მე-12 ბატალიონების ჯარისკაცებზე, რომლებსაც ოპერაციის მსვლელობის დროს „წითელი გზისა“ და „ბამას გზის“ გაკონტროლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG