Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის დაცვის სააგენტო პროსტიტუციასთან დაკავშირებულ სკანდალში


აშშ-ის პრეზიდენტის ესკორტი
აშშ-ის პრეზიდენტის ესკორტი
აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ფირმის რამდენიმე მუშაკი პროსტიტუციასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა.

თეთრი სახლის დაკვეთით დაწყებულია გამოძიება, რომელიც ფაქტების დადგენას ცდილობს. საქმე ეხება ობამას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყების 11 წევრს - გავრცელებული ვარაუდით, მათ 20-მდე მეძავთან ჰქონდათ კავშირი გასულ კვირაში კოლუმბიის ქალაქ კარტახენის ერთ-ერთ სასტუმროში, ობამას ვიზიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების პარალელურად. აშშ-ის პრეზიდენტი კოლუმბიაში ამერიკულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩადიოდა.

აგენტებს სტატუსი უკვე მოეხსნათ. ისინი უკან, აშშ-ში დააბრუნეს და გამოძიება დაიწყეს.

ამერიკელი გამომძიებლები კარტახენაში ჩავიდნენ და საქმეში ჩართული ქალების პოვნას და მათთან გასაუბრებას ცდილობენ.

პრეზიდენტმა ობამამ სკანდალის სრულად გამოძიების ბრძანება გასცა. „თუ პრესაში გამოქვეყნებული ბრალდებების ნაწილი მართლაც დადასტურდა, რასაკვირველია, ძალიან გავბრაზდები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ-ის მედიაში გამოქვეყნებული, თვითმხილველების მონათხრობზე დაფუძნებული, ცნობების თანახმად, აგენტებმა ბევრი ალკოჰოლი მიიღეს და სტრიპტიზბარში ატარებდნენ დროს. არის ცნობები კოკაინის შესაძლო გამოყენებაზეც. იუწყებიან ასევე, რომ აგენტები ქალებთან ტრაბახობდნენ და თავი მოჰქონდათ თავიანთი სამუშაოთი - იმით, რომ პრეზიდენტს იცავენ.

ვინ იყვნენ ის ქალები? შესაძლებელია თუ არა, რომ ისინი აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფების წევრები ყოფილიყვნენ? ...
სიუზან კოლინსი
ცნობებს აშშ-ში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბევრი ამბობს, რომ ეს ინციდენტი, საუკეთესო შემთხვევაში, აშშ-ისთვის დიდი სირცხვილია, უარეს შემთხვევაში კი პოტენციური საფრთხეა, თუკი საქმეში ჩართული რომელიმე ქალი აშშ-ის მტრების დავალებით მოქმედებდა.

ვითარებას ის ფაქტორიც ამძიმებს, რომ საქმე ეხება ელიტური უწყების აგენტებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის გარშემო შექმნილი საფრთხეების ამოცნობასა და განეიტრალებაში არიან გაწვრთნილი როგორც აშშ-ის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

კონგრესის წევრების ნაწილის თანახმად, საგანგებო სხდომები გაიმართება იმის დასადგენად, ამ ინციდენტმა რამდენად შეუქმნა საშიშროება აშშ-ის უსაფრთხოებას.

„ვინ იყვნენ ის ქალები? შესაძლებელია თუ არა, რომ ისინი აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფების წევრები ყოფილიყვნენ? შეეძლოთ თუ არა მათ მოსასმენი აპარატების დამონტაჟება, იარაღის გაუვნებელყოფა ან რაიმე სხვა ფორმით საფრთხის შექმნა პრეზიდენტისა და ჩვენი ქვეყნისთვის?“ - იკითხა რესპუბლიკელმა სენატორმა სიუზან კოლინსმა, რომელიც სენატში უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

საიდუმლო სამსახური ირწმუნება, რომ ინციდენტს, რომელიც კოლუმბიაში ობამას ჩასვლამდე მოხდა, არ შეუქმნია პრობლემა პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ნაბიჯების გადადგმამდე გამოძიების დასრულებას დაელოდება.
XS
SM
MD
LG