Accessibility links

logo-print

შსს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას პრიორიტეტად იტოვებს


ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძე

13 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართვა გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ პრობლემის მოგვარება (მას გასულ წელს 26 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა) 2015-2016 წლებში სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება, ხოლო „ძალადობის შემთხვევაში დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“. შსს-ს განცხადებაში ის კონკრეტული ნაბიჯებია ჩამოთვლილი, რომლებიც გადაიდგა უწყების მიერ გასულ წელს ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ოჯახში ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიმართვის პარალელურად, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სოფო მაისურაძემ, ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„5-6 თვეზე მეტია, ჩემს მეგობარს, რომელსაც 2 წლის შვილი ჰყავს, ყოფილი ქმარი თავს არ ანებებს - ცემით, მოკვლით და ბავშვის წართმევით ემუქრება. ამბობს, რომ არ ეშინია ციხის და თუ ციხეში ჩაჯდება,გამოსვლის შემდეგმაინც იპოვის და მოკლავს. მუდმივად უვარდება სახლში, აწიოკებს, ლეწავს საოჯახო ნივთებს, რამდენჯერმე ბავშვი ფიზიკურადაც დააზიანა. ჩვენ მივმართეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მუდმივად საქმის კურსში გვყავს პატრული, თუმცა რეაგირება არავისგანაა. შაბათს ეს კაცი ისევ აუვარდა სახლში, ისევ დაამტვრია რაღაცები. პოლიციამის ისევ ვერ დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იყო მისული. მეზობლებმაც დაადასტურეს, რომ კაცი ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად“.

ოჯახში ძალადობა გლობალური პრობლემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელს გავააქტიურებთ დისკუსიას ოჯახში ძალადობის თემაზე, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან...

ამ ჩანაწერის საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ სოფო მაისურაძეს სასწრაფოდ დაუკავშირდნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე სახალხო დამცველის აპარატიდან, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მის მეგობარს დახმარება შესთავაზეს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა სოფო მაისურაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლს სასწრაფოდ სჭირდება დაცვა.

ახლა ჩავხედოთ, რა წერია ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ 13 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში:

„ოჯახში ძალადობა გლობალური პრობლემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელს გავააქტიურებთ დისკუსიას ოჯახში ძალადობის თემაზე, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ნაწილთან“, - წერს შსს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 13 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის ამ უწყებამ 2014 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ჩამონათვალს შორის არის, მაგალითად, 500-ზე მეტი უბნის ინსპექტორის გადამზადება, მონაცემთა განახლებადი რუკის შექმნა, რომელიც ძალადობის ფაქტებს აფიქსირებს; 2013 წელთან შედარებით, ოჯახში მოძალადეთა მიმართ დევნის გაორმაგებული დაშემაკავებელი ორდერების გამოყენების გაოთხმაგებული მაჩვენებელი; ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის შექმნილი ცხელი ხაზი და ასევე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე.

მისასალმებელია, რომ შსს აქტიურად ჩაერთო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, არც მის მიერ 2014 წელს გატარებული ქმედებები უნდა დავივიწყოთ, როგორიც იყო, მაგალითად, პოლიციელთა ცნობიერების ამაღლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის არაერთი ხარვეზი, რაც მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფას უშლის ხელს...

შსს ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებსაც ჩამოთვლის. 2015 წლის გეგმაშია იარაღის უკანონო ფლობაზე კონტროლის გამკაცრება - განსაკუთრებით მის კანონიერ მფლობელებზე, რომელთაც წარსულში ძალადობრივი ქმედების გამოცდილება ჰქონდათ. მსხვერპლს სჭირდება მტკიცე გარანტიები და თავდაჯერება, რომ პოლიციისადმი მიმართვის შემთხვევაში დაცული იქნება, დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, - ვკითხულობთ მიმართვაში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ოჯახში ძალადობის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს, თუმცა, როგორც ომბუდსმენის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე შენიშნავს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ჯერ კიდევ რჩება ხარვეზები, რაც ძალადობის მსხვერპლთა ეფექტურ დაცვას ხელს უშლის:

„მისასალმებელია, რომ შსს აქტიურად ჩაერთო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, არც მის მიერ 2014 წელს გატარებული ქმედებები უნდა დავივიწყოთ, როგორიც იყო, მაგალითად, პოლიციელთა ცნობიერების ამაღლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის არაერთი ხარვეზი, რაც მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფას უშლის ხელს - აი, თუნდაც, დაცვის ეფექტური ღონისძიებების გატარება. სახალხო დამცველმა გასული წლის 2014 წლის დეკემბერში მიმართა შს მინისტრს ხელწერილებისა და გაფრთხილებების გამოყენების არაეფექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შსს-ში უნდა დაინერგოს რისკების შეფასების მეთოდოლოგია და, რაც მთავარია, უწყვეტად გაგრძელდეს პოლიციელთა ცნობიერების ამაღლების პროცესი“.

არც სტრატეგია, არც დღევანდელი განცხადება არსად უსვამს ხაზს, ძალადობასთან ბრძოლაში რას ვერ გაართვა თავი სახელმწიფომ, სად დაუშვა შეცდომა, რა იყო სირთულე, რაც, იცით, რას ნიშნავს? ...

შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართვის შინაარსი კრიტიკის საგანი გახდა ქალთა უფლებების დამცველი ზოგიერთი ორგანიზაციისთვის. მაგალითად, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე ამ მიმართვაზე დიდ იმედებს ვერ ამყარებს, რადგან, მისი აზრით, ოჯახში ძალადობის საკითხზე შსს-ს ხედვა არსებითად არ შეცვლილა. ამის თქმის საფუძველს კი ანა აბაშიძეს ის დოკუმენტი აძლევს, რომელსაც ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ეფუძნება - ეს დოკუმენტი არის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია, რომლის პირველი ვერსია, ანა აბაშიძის თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს:

ანა აბაშიძე

ანა აბაშიძე

„ეს სტრატეგია, რომელიც დაწერილია ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ, არაფერს ამბობს ისეთ ჯგუფზე, როგორიც არის, მაგალითად, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებიც ხშირად სწორედ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს სტრატეგია არის ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი, მასში ძირითადი აქცენტი განათლებაზეა, რაც თავისთავად საჭიროა, მაგრამ ჩვენ დღეს გვჭირდება მოკლევადიანი ეფექტური ღონისძიებები, რასაც ამ სტრატეგიაში ვერ ვხედავთ“.

სამინისტროს თვითკრიტიკა აკლია, მას დღემდე არ შეუფასებია წლების განმავლობაში რას ვერ გაართვა თავი ოჯახში ძალდობასთან ბრძოლის საქმეში, - ფიქრობს ანა აბაშიძე. მისივე შეფასებით, ცალკე პრობლემად რჩება ის ფაქტორი, რომ დღემდე არსად ნათლად არ წერია, რა არის საქართველოში რეალურად ოჯახში ძალდობის მიზეზი:

„არც სტრატეგია, არც დღევანდელი განცხადება არსად უსვამს ხაზს, ძალადობასთან ბრძოლაში რას ვერ გაართვა თავი სახელმწიფომ, სად დაუშვა შეცდომა, რა იყო სირთულე, რაც, იცით, რას ნიშნავს? ამ შეფასების გარეშე დაწერილი სტრატეგია თავიდანვე აჩენს შეკითხვას, რამდენად რეალისტური იქნება ის. საინტერესოა, რომ სტრატეგიაში ჩამოთვლილია ძალადობის მიზეზები: ალკოჰოლიზმი, სოციალური გაჭირვება, უმუშევრობა. არადა, მთლიანობაში, ეს ვერ იქნება ოჯახში ძალადობის მთავარი მიზეზი, რადგან მთელი მსოფლიოა შეთანხმებული იმაზე, რომ ძალადობის მთავარი წინაპირობა ეს არის გენდერული უთანასწორობა, რაც მამაკაცს აყენებს დომინანტურ მდგომარეობაში და მას აძლევს დე ფაქტო უფლებას იძალადოს ქალზე. ეს არსად არ არის ცალსახად ნათქვამი“.

ანა აბაშიძე და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ თუ სტრატეგიის დოკუმენტი არსებითად შეიცვლება, ტერმინები დაზუსტდება, გასწორდება შეცდომები, მხოლოდ მაშინ შეიძლება უწყებაში სისტემურ ცვლილებებზე ვილაპარაკოთ.

XS
SM
MD
LG