Accessibility links

logo-print

ომბუდსმენის პირველი ყოველწლიური ანგარიში - ახალი მოწვევის პარლამენტს


სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ორგანოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოში 2012 წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების შემაჯამებელი დოკუმენტი შაბათს გაუგზავნა, 1 აპრილს კი საგანგებო ბრიფინგი მოიწვია, რომელზეც მედიას ანგარიშის ძირითადი აქცენტები გააცნო. უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველის 770 გვერდიან ანგარიშში 2012 წელს საქართველოში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა გახმაურებული ფაქტი შევიდა, აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც ანგარიში უკვე გაუგზავნა განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს. პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარება, წინასაარჩევნო დარღვევები, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა - ამ საკითხების სიმწვავის თვალსაზრისით, გამონაკლისი არც 2012 წლის ანგარიშია.

”ანგარიშში საუბარია პატიმართა წამებისა და დამცირების სერიოზულ ფაქტებზე. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ ამ სისტემაში არსებული ვითარება რჩება და ამით იხსნება კიდეც სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზეა არაერთი საინტერესო ინფორმაცია მასში შესული, მათ შორის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზეც სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე აღსანიშნავია კონტროლის პალატის და შემდგომში კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელიც პოლიტიკური დევნის იარაღად იქცა”.

გასულ წელს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის, პატიმართა რაოდენობის თვალსაზრისით ( 25 000 პატიმრით), პირველ ადგილს იკავებდა, ერთი წლის განმავლობაში კი პატიმართა რაოდენობა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, 12 000-ით შემცირდა. რაც შეეხება პატიმართა გარდაცვალების ფაქტებს, თუ 2011 წელს პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 140, 2010-ში - 142, 2012 წელს, ციხის სკანდალამდე, უკვე დაფიქსირებული იყო პატიმართა გარდაცვალების 67 ფაქტი.
მათ შორის არის მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები, თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები და ლოპოტის ხეობაში ლაფანყურის სპეცოპერაცია...

სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ვითარების გამოსწორებას უკავშირდება. ადამიანის უფლებების პატივისცემა სამართალდამცავ სტრუქტურებში კვლავაც პრობლემად რჩება, აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის ანგარიშში ცალკე თავებად გამოიყო რამდენიმე ამბავი, რომელთა გარშემოც, როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და, რაც მთავარია, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს:

”მათ შორის არის მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები, თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები და ლოპოტის ხეობაში ლაფანყურის სპეცოპერაცია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თავიდან ჩატარდეს გამოძიება და შეიქმნას საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ჩვენს ანგარიშში დასმულ კითხვებს პასუხს გასცემს“.

სახალხო დამცველის ყოველწლიურ შემაჯამებელ ანგარიშში, ტრადიციულად, შევიდა ინფორმაცია ფსიქიატრიულ, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, აისახა აგრეთვე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგის შედეგები და ის პრობლემები, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში არსებობს.

ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიშები ყოველთვის გამოირჩეოდა კრიტიკულობით, პრობლემად რჩებოდა მასზე სახელმწიფოს რეაგირების არარსებობა, აცხადებს უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი აზრით, ახალ ანგარიშში წარმოდგენილი საკითხები, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, კვლავაც საყურადღებოა და ისევ მოითხოვს, ერთი მხრივ, სამოქალაქო სექტორის ადვოკატირებას და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს:
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველა რეკომენდაცია შესაძლოა არ იყოს პარლამენტისთვის მისაღები, მაგრამ ეს პარლამენტმა მკაფიოდ უნდა განმარტოს - თუ მისაღებია, გაითვალისწინოს...

”მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება ამ ანგარიშს არ უნდა მიუდგეს ფორმალურად - მოისმინოს და ამით დასრულდეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ წინა ომბუდსმენის დროს რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულდებოდა, მაინც რჩებოდა არაერთი პრობლემა. ახლაც არანაკლები გამოწვევების წინაშე დგას ახალი ხელისუფლება”.

თავად უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტი ამჯერად მაინც არ მიიღებს მხოლოდ ცნობად, მით უმეტეს, რომ, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, მან პირადად ამ პოსტზე არჩევისას ახალი პარლამენტისგან ამის დაპირება მიიღო. უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული რეკომენდაციების შესრულებას პარლამენტი დაუყოვნებლივ შეუდგება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ნახევრად ცარიელ დარბაზში არ განიხილავს, როგორც ეს წინა მოწვევის პარლამენტის დროს ხდებოდა, და რომ მას საკანონმდებლო ორგანო სათანადო ყურადღებას დაუთმობს. პარლამენტმა ეს ანგარიში ყურადღებით უნდა შეისწავლოს და კარგად გაერკვეს რა პრობლემებზე სვამს აქცენტს ქვეყნის ომბუდსმენი:

”ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველა რეკომენდაცია შესაძლოა არ იყოს პარლამენტისთვის მისაღები, მაგრამ ეს პარლამენტმა მკაფიოდ უნდა განმარტოს - თუ მისაღებია, გაითვალისწინოს, თუ არადა, მაშინ უნდა განმარტოს, რატომ არ იზიარებს სახალხო დამცველის ამა თუ იმ რეკომენდაციას”.

სახალხო დამცველის ანგარიშის არსი, განმარტავს ვახტანგ ხმალაძე, იმაშია, რომ ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ნახოს, რა ხდება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ხოლო თუ ხელისუფლება არ მიიღებს შესაბამის ზომებს ამ დარღვევების გამოსასწორებლად, საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი უნდა იყოს - ასეთ ხელისუფლებას უარი უნდა უთხრას პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
XS
SM
MD
LG