Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზრთა სხვადასხვაობა ფარმაცევტული ბაზრის თაობაზე


”ავერსის”, ”პე-ეს-პესა" და ”ჯი-პი-სის” წარმომადგენლების პრესკონფერენცია
”ავერსის”, ”პე-ეს-პესა" და ”ჯი-პი-სის” წარმომადგენლების პრესკონფერენცია
სამი ფარმაცევტული კომპანიის - ”ავერსის”, ”პე-ეს-პე”-სა და ”ჯი-პი-სი“-ს წარმომადგენლებმა გამოკვლევის შედეგს უნდობლობა გამოუცხადეს. კვლევის შედეგები, რომელიც 22 ივნისს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა, ფარმაცევტული ბაზრის ანალიზს შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არათანაბარი პირობებია შექმნილი და ეს სფერო მართვის ნაკლებობით ხასიათდება, რაც, საბოლოოდ, ბაზარზე დომინანტი კომპანიების წარმოშობას და მედიკამენტებზე ფასის კონტროლს იწვევს. სამი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას არ ეთანხმებიან და, მთლიანობაში, კვლევას ზედაპირულად და მათი რეპუტაციის შემლახველდ მიიჩნევენ.

ფარმაცევტული კომპანიები ”ავერსი”, ”პე-ეს-პე” და ”ჯი-პი-სი” არ ეთანხმებიან აზრს, რომ მათ მიერ მედიკამენტებზე დაწესებული მოგების მარჟა 102%-ს შედგენს. ფასნამატი, მათი განცხადებით, 25-30%-ის ფარგლებშია. კომპანიები არ ეთანხმებიან ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” გამოკვლევაში გამოთქმულ აზრს, რომ მათ შორის ფარული შეთანხმება არსებობს მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით; არ ეთანხმებიან აზრს, რომ ფარმაცევტულ პროდუქტებზე მოსახლეობის დანახარჯი, საერთოდ, ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 60% -ს შედგენს და, მთლიანობაში, 22 ივნისს წარმოდგენილ ანგარიშს რეალობასთან შეუსაბამოს უწოდებენ.

”ისეა დაწერილი, რომ მე უნდა შემრცხვეს, რატომ შევქმენი თავის დროზე ”ავერსი”, რატომ არსებობს დღეს „ავერსი“, რატომ ჰყავს 8 ათასი თანამშრომელი, რატომ იხდის ბიუჯეტში ძალიან დიდ თანხებს - მე ამის ყველაფრის უნდა შემრცხვეს, ისეა აქ გამოყვანილი ყველაფერი. ალბათ, კიდევ ერთხელ შევხვდებით ამ კვლევის ავტორებს და მოვთხოვთ საიდან მოიტანეს ეს ზოგადი განმარტებები, რომ არის დიდი დარიცხვები, არის ფარული გარიგებები და ა.შ.”, – თქვა კომპანია ”ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ პრესკონფერენციაზე.
ჩვენ აქ ყველაზე დიდი პრეტენზია გვაქვს სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც ბაზრის - კონკრეტულად კი, ფარმაცევტული ბაზრის - მონიტორინგს ახორციელებენ...
ეკა გიგაური

იმის შესახებ, თუ რა რესურსებს ეყრდნობოდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშის მომზადებისას, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ ეს იყო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ვებპორტალ ”ინვესტ ინ ჯორჯიას” ინფორმაციული წყარო, რაც, ეკა გიგაურის თქმით, ოფიციალური სახელმწიფო წყაროა, რომელიც თავის თავში სხვადასხვა უწყებებიდან შესულ ინფორმაციას აერთიანებს. იმ პრეტენზიაზე კი, რომ ორგანიზაციამ კვლევის დროს ინფორმაცია თავად ფარმაცევტულ კომპანიებს არ მოსთხოვა, ეკა გიგაური ამბობს, რომ ფარმაცევტულ კომპანებს წერილობითი მიმართვა დაეგზავნათ, მაგრამ თანამშრომლობა არ შედგა.

ზოგადად ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი შენიშნავს, რომ კვლევის გულდასმით წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ის იმ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, რომლებიც ამ სფეროს ბაზრის განვითარებას განაპირობებენ, არამედ უფრო ბაზრის რეგულაციების ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ისახავს მიზნად:
ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია
ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

”ჩვენ აქ ყველაზე დიდი პრეტენზია გვაქვს სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც ბაზრის - კონკრეტულად კი, ფარმაცევტული ბაზრის - მონიტორინგს ახორციელებენ. და თუკი შეხედავთ რეკომენდაციების ნაწილს, ძირითადი რეკომენდაციები სწორედ სახელმწიფო უწყებების მიმართ არის და არა ამ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებმაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ფარმაცევტული ბაზრის განვითარებაში.”

როდესაც ფარმაცევტული ბაზრის სახელმწიფო რეგულაციებზეა საუბარი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ერთ ფაქტორს გამოყოფს: არსებული კანონმდებლობით, ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ თავად იყვნენ მედიკამენტების როგორც იმპორტიორები, ასევე მწარმოებლები და გამყიდველებიც. ამით კი, ნარმანიას სიტყვებით, იკვრება სამკუთხედი, რის გამოც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი რამ ევროკავშირის ქვეყნებში ნაკლებად მიღებული პრაქტიკაა:

”ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ასეთი რამ დაუშვებელია ან, ყოველ შემთხვევაში, იქ, სადაც დაშვებულია, მარეგულირებელი ინსტიტუტები უყურებენ, რომ ეს ბაზარზე დომინანტური მდგომაროების მისაღწევად არ გამოიყენონ კომპანიებმა. ჩვენთან მხოლოდ ახლა მიიღეს - დაახლოებით ერთი თვის წინ - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონი, სააგენტო კი ქმედით ღონისძიებებზე ჯერ არ გადასულა. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვთ, არ იზღუდებიან კომპანიები.”
ბუნებრივია, რომ ”ავერსს” და ”პე-ეს-პე”-ს ჰქონდათ ათწლიანი უპირატესობა, ათწლიანი ისტორია, როდესაც ზუსტადაც რომ სახელმწიფო უწყობდა ხელს ამ კომპანიების მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩენას...
ვახტანგ მეგრელიშვილი

დავით ნარმანიას ამ აზრს არ იზიარებს და არსებულ მდგომარეობას ბუნებრივ მონოპოლიად მიიჩნევს ეკონომიკის სხვა ექსპერტი - ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ლექტორი ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი სიტყვებით, კანონი იმავე შესაძლებლობებს აძლევს სხვა, თუნდაც მცირე კომპანიებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყანაში მონოპოლიის ხელოვნურად შექმნის საშუალებას არ იძლევა. უბრალოდ, ამ სამ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას ის უპირატესობა აქვს, რომ ბაზარზე გაცილებით ადრე გაჩნდნენ:

”ბუნებრივია, რომ ”ავერსს” და ”პე-ეს-პე”-ს ჰქონდათ ათწლიანი უპირატესობა, ათწლიანი ისტორია, როდესაც ზუსტადაც რომ სახელმწიფო უწყობდა ხელს ამ კომპანიების მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩენას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი უნდა გაკოტრდეს და სახლში წავიდეს, ანუ ისინიც აგრძელებენ მუშაობას. ისინი როგორც მუშაობდნენ 2009 წლამდე, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ მონოპოლისტები ვერ არიან, ვინაიდან ამ ბაზარზე სადღაც 80-მდე კომპანია ოპერირებს.”

ვახტანგ მეგრელიშვილი 2009 წელს იმის გამო ახსენებს, რომ სწორედ ამ წელს შევიდა ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილებები, რომელთა მიზანიც კონკურენციისათვის ხელშეწყობა იყო, თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 22 ივნისს წარმოდგენილ ანგარიშშია ნათქვამი, ცვლილებებმა ბაზარზე მხოლოდ ნაწილობრივ იქონია გავლენა. ბაზარზე მსხვილი კომპანიების დომინირება პრაქტიკულად არ შეცვლილა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG