Accessibility links

logo-print

პოროშენკო ამერიკას მეტ დახმარებას სთხოვს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვაშინგტონში იმყოფება. პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრამდე მან სიტყვით მიმართა აშშ-ის კონგრესს.

პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე ამერიკის დედაქალაქში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე გამოვიდა. მან სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც მათ უცხოური აგრესიის წინაშე დარჩენილი ქვეყნის მიმართ გამოხატეს და ამერიკელ კანონმდებლებს მომავალში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ისტორიაში დგება ისეთი მომენტები, როცა თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური ცნება. ასეთ დროს თავისუფლება ხდება ერთადერთი არჩევანი, რომელიც შენს არსებობას განსაზღვრავს, როგორც ადამიანის და როგორც ერის“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, როცა საკუთრი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობდა.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის ნებაყოფლობითი დათმობის შემდეგ, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოში ზომით მესამე ადგილზე იყო, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად „ზურგში დანის ჩარტყმა მიიღო ერთ-ერთი იმ ქვეყნისგან, რომელიც უსაფრთხოების გარანტორი უნდა ყოფილიყო“. პოროშენკო 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს გულისხმობდა, რომელსაც ხელი უკრაინასთან ერთად რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ბირთვული იარაღის დათმობის შემთხვევაში, უკრაინას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები ეძლეოდა.

პეტრო პოროშენკოს თითქმის ერთსაათიანი გამოსვლა კონგრესში ხანგრძლივი, ფეხზე მდგარი კანომდებლების ოვაციებით გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა მისი ქვეყნისთვის ამ მძიმე და უკიდურესი განსაცდელის პერიოდში განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებინა.

„დაბეჯითებით მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის განმტკიცებისთვის განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს, რომელიც ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის უმაღლესი დონის ურთიერთთანამშრომლობას ასახავს“ - განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, რომ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც მისი ქვეყანა იმყოფება, საშიში მხოლოდ უკრაინისთვის არ არის. მსოფლიომ „არჩევანი ცივილიზაციას და ბარბაროსობას შორის უნდა გააკეთოს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში თავისუფლების განმტკიცების საქმე ამერიკის დახმარებით წარმატებით დაგვირგვინდება.

ამერიკული რევოლუციის სლოგანმა „თვისუფლება ან სიკვდილი“ პოროშენკოს თქმით, უკრაინაში მაიდანზე გამოსული დემონსტრანტებიც შთააგონა, რამაც უკრაინაში ე.წ. „ღირსების რევოლუცია“ გამოიწვია. საბოლოო ჯამში კი უკრაინელებმა ქვეყანაში პრორუსული ორიენტაციის ხელისუფლება დაამხეს. სიტყვით გამოსვლისას პოროშენკომ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას „ძლიერი და თანამედროვე არმია“ სჭირდება და ამისთვის როგორც ლეტალური, ასევე არალეტალური იარაღით დახმარებაა საჭირო.

ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის უკრაინას 53 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს. აქედან 46 მილიონი უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის არის განსაზღვრული, 7 მილიონი კი - ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ამას გარდა, კონგრესს მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც კონგრესმენ მარსი კაპტურის თქმით, უკრაინის ორივე -ლეტალური და არალეტალური იარაღით მხარდაჭერას ითვალისწინებს. თუმცა, ამ ეტაპზე ობამას ადმინისტრაცია თავს იკავებს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისგან და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო მოსკოვის დასასჯელად ფართო ეკონომიკური სანქციების გამოყენებას ირჩევს.

ამასობაში უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ ვაშინგტონს მოუწოდებს კიევი აიძულოს ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები აღკვეთოს. ორგანიზაცია დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლაში, დაჭრაში და მათი ქონების განადგურებაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG