Accessibility links

logo-print

თბილისის მერია, თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, იწყებს განხორციელებას პროექტისა „ახალი ტფილისი“. პროექტი 5 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინეს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა. პროექტის მიხედვით, იგეგმება დავით აღმაშენებლის გამზირის, - კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან საარბრიუკენის მოედნამდე, - მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია.

დავით ხოშტარია, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ის ერთ-ერთი სპეციალისტია, რომელმაც პროექტ „ახალი ტფილისის“ 200-გვერდიან კონცეფციაზე, თავის სამ კოლეგასთან ერთად, გასულ წელს იმუშავა. სწორედ მათი კონცეფცია დაედო საფუძვლად პროექტს, რომლის განხორციელებასაც აპირებს თბილისის მერია, თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, და რომელიც გულისხმობს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. როგორც დავით ხოშტარია გვიხსნის, ტერიტორია, რომელიც მან კოლეგებთან ერთად იკვლია და რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება, მოიცავს მტკვრის მარცხენა ნაპირზე ფიროსმანის ქუჩას, კონსტიტუციის ქუჩას, აღმაშენებლის პროსპექტის მნიშვნელოვან ნაწილსა და ყოფილი ვორონცოვის, ახლანდელი საარბრუკენის, მოედანს. რაც შეეხება მტკვრის მარჯვენა ნაპირს, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას დაექვემდებარება ორბელიანების უბანი - ე. წ. კოლმეურნეობის მოედანი, ალექსანდრეს ბაღი, ათონელის ქუჩა და მშრალი ხიდის ტერიტორია. დავით ხოშტარიას თქმით, სარეაბილიტაციო ტერიტორიის გამოკვლევისას მისი და მისი კოლეგების ამოსავალი წერტილი იყო შექმნილიყო ძველი ქალაქის განვითარების ისეთი კონცეფცია, რომელიც ასახავდა თანამედროვე ტენდენციებს საერთაშორისო ურბანულ პრაქტიკაში, რაც გულისხმობს უფრო ეკოლოგიურ, ჰუმანურ, ადამიანზე ორიენტრებულ ქალაქს, სადაც ცხოვრება იქნება მოსახერხებელი და სასიამოვნო:

„პირველ რიგში, ეს გულისხმობს საფეხმავლო ტერიტორიების გაჩენას, უკვე არსებული მწვანე მასივების გაზრდას, ტრანსპორტის და პარკინგის უკეთეს მენეჯმენტს, კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად დაცვას. საერთო ტენდენცია არის ის, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა. შენობები, რომელთაც აქვთ მაღალი კულტურულ-ისტორიული ღირებულება, ჩატარდეს მათი კონსერვაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მათთვის, მაგალითად, სართულების დაშენებას, რაც, სამწუხაროდ, ხდებოდა, და ან კიდევ უარესი, დანგრევას და მათი მიბაძვით ისტორიული შენობის იმიტაციას. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტურობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული“.

გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია

გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია

სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე არსებული ბაღების მოწყობა და განახლება, საფეხმავლო ტერიტორიებისა და სამანქანო სავალი ნაწილის მოწესრიგება, ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელების განახლება, 45 მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სრულფასოვანი გამაგრება და რესტავრაცია/რეაბილიტაცია; ტერიტორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირება - ეს იმ ამოცანების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაც მომდევნო 10 თვის მანძილზე, 2016 წლის ბოლომდე, იგეგმება.

„დღეს ახალი თბილისის ერა იწყება“, - ასე ეხმაურება ქალაქის მერი დავით ნარმანია ისტორიული უბნის რესტავრაციის დაწყების პროექტს და ამბობს, რომ, ერთი მხრივ, ეს იმ ადამიანების კეთილდღეობას გააუმჯობესებს, რომლებიც აღნიშნულ უბანში ცხოვრობენ და, მეორე მხრივ, პროექტი საინტერესო და მიმზიდველი იქნება მათთვისაც, ვინც იქ მომავალში ბიზნესს განახორციელებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი პროექტზე საუბრისას აქცენტს აკეთებს ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე, თუმცა, ამასთანავე, ხაზს უსვამს ტერიტორიის ისტორიული იერსახის შენარჩუნების აუცილებლობასაც:

„ეს იყო სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა კულტურის ხალხთა ერთად ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და სამაგალითო ამ კუთხით და ჩვენ ეს სიმდიდრე აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ. 2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეებით, ახალი კაფე-ბარებით და ძალიან ლამაზი ბაღებით“.

აღმაშენებლის გამზირი

აღმაშენებლის გამზირი

განსაკუთრებით საინტერესოა სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე არსებული ბაღების ისტორია, რომლებიც გერმანული კოლონიის გასართობი ბაღების სახელითაა ცნობილი და რომელთა ამბავიც 1860-იანი წლებიდან იწყება. „მონპლეზირი“, „სან-სუნი“, „ვასილიევის ბაღი“, „ვეტცელის ბაღი“ და სხვა. თუმცა, მომდევნო წლებში, ქალაქის ურბანული განვითარების კვალდაკვალ, ბაღების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრა. დავით ხოშტარიას თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება „გერმანელების ბაღის“ აღდგენაზე, რომელიც მდებარეობდა აღმაშენებლის პროსპექტის გასწვრივ და რომელიც დღეს აღარ არსებობს. ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტის ავტორის, კომპანია „გეოგრაფიკის“ დირექტორის გიორგი გოცირიძის თქმით, ამჯერად უკვე დედაქალაქის მუნიციპალიტეტზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა კონცეფციით გათვალისწინებული ბაღების აღდგენა. ის პროექტის მიხედვით გათვალისწინებულ იმ ეტაპებზე საუბრობს, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ბაღების აღდგენის პროცესს:

„პირველ ეტაპზე, ეს არის რამდენიმე ბაღის გადაბმა და ამ ბაღებში არსებული სივრცეების მოწესრიგება, გამწვანება და გადაბმებით შექმნილი სარეკრეაციო ბილიკების მშენებლობა. ამ ბაღების გარდა, არის კიდევ ბევრი სხვა ბაღი, სადაც არის დროებითი შენობა-ნაგებობები, მოუწესრიგებელი შიდა პარკინგები, ბევრი რამ... ამ ტერიტორიების მოწესრიგებით, მუნიციპალიტეტს და შესაბამის სამსახურებს შეეძლებათ კიდევ უფრო გაზარდონ გამწვანება“.

როგორც პროექტ „ახალი ტფილისის“ პრეზენტაციისას აღინიშნა, დოკუმენტზე იმუშავა 200-მდე სპეციალისტმა - არქიტექტორებმა, ისტორიკოსებმა, ურბანისტებმა და სხვა. მათ შორის არ იყო „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს 2010-2012 წლებში განხორციელებულ აღმაშენებლის პროსპექტის რეაბილიტაციას, რომელიც, მისი თქმით, მხოლოდ ფასადურ ხასიათს ატარებდა და შიშობს, რომ ახალ პროექტსაც იგივე ბედი ეწევა. მისი თქმით, „ტფილისის ჰამქარი“ აპირებს მიმართოს თბილისის განვითარების ფონდს, რათა შედგეს შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილება საპროექტო დოკუმენტაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG