Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დევნილებს სულ უფრო მეტი ქვეყანა ესარჩლება


სოხუმი
სოხუმი

გაეროს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს დევნილთა და ლტოლვილთა უფლებას, დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს საქართველოს რეგიონებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. რუსეთის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი წელს კიდევ ექვსით გაიზარდა. რას ნიშნავს საქართველოსთვის და რატომ აღიზიანებს მოსკოვს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებული პროცესები? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

75-მა მხარი დაუჭირა, 16 წინააღმდეგ წავიდა და 78-მა თავი შეიკავა – კენჭისყრის ასეთი შედეგით მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რიგით მერვე რეზოლუცია. სასიამოვნო სიურპრიზად მიიჩნევა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ამ რეზოლუციას წელს პირველად დაუჭირა მხარი თურქეთმა, რომელიც მანამდე თავშეკავებულთა რიგებში გვხვდებოდა.

პროცესი 2008 წლიდან დაიწყო, როცა გაეროს გენერალური ასამბლეისრეზოლუციას (რომელშიც მაშინ მხოლოდ აფხაზეთის საკითხი ფიგურირებდა) 14-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ყველაზე დიდი ნახტომი იყო 2009 წელს, როდესაც რეზოლუციას 48 ქვეყანა მიემხრო. 2010 წელს რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა და 50 შეადგინა; 2011 წელს კი, მხარდამჭერთა რიგებს კიდევ 7 ქვეყანა შეემატა და სულ 57 ქვეყანა შეგროვდა. 2012 წელს რეზოლუციას 60-მა ქვეყანამ მისცა ხმა, 2013 წელს – 63-მა, ხოლო 2014 წელს – 69 ქვეყანამ.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მომლაპარაკებლებს – განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განამტკიცონ ძალისხმევა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით...
თამარ ბერუჩაშვილი

მომხრეთა რიცხვის ზრდასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის ცალკეული ასპექტებიც:

„რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მომლაპარაკებლებს – განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განამტკიცონ ძალისხმევა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს – უზრუნველყოს ყოველწლიური ანგარიშის წარმოდგენა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ“.

მართალია, რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მაგრამ მის მნიშვნელობაზე უკმაყოფილო რუსეთის რეაქციებიც მეტყველებს. რუსეთი ამ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყო 3 ივნისსაც და როგორც მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა ტექსტის განხილვის დროს, ქართული მხარე „ჰუმანიტარულ პრინციპებს იყენებს პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად, რაც ეწინააღმდეგება ხალხისა და რეგიონის მოთხოვნებს“. როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ უთხრა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ – საქართველოს მხარდამჭერების გადასაბირებლად რუსეთი არც ზეწოლას ერიდება და არც დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შანტაჟს. თუმცა, მხარდამჭერთა რიცხვი მაინც იზრდება და ამას ბევრი ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს.

როდესაც მივდიოდით ჩვენ ამ საკითხის განხილვამდე, მე-2 ჯგუფში, რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს საბაბად მოჰყავდათ: აი, საქართველო დევნილების საკითხს აყენებს გაეროში და ჩვენ ეს საკითხი აქ აღარ უნდა განვიხილოთო...
დავით ზალკალიანი

თუკი ვინმე იყენებს ამ წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის და მის განხილვას ბლოკავს, ეს რუსეთია – ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. როგორც ის იხსენებს, რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები მუდმივად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ დევნილების საკითხის განხილვისთვის ჟენევის მოლაპარაკებთა მე-2 სამუშაო ჯგუფის ფორმატში და ისინი არც შანტაჟს ერიდებოდნენ:

„როდესაც მივდიოდით ჩვენ ამ საკითხის განხილვამდე, მე-2 ჯგუფში, რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს საბაბად მოჰყავდათ: აი, საქართველო დევნილების საკითხს აყენებს გაეროში და ჩვენ ეს საკითხი აქ აღარ უნდა განვიხილოთო. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგანაც საქართველოს აქვს სრული უფლება – ეს საკითხი დააყენოს გაეროში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში და, რა თქმა უნდა, ჟენევის მოლაპარაკებათა კონტექსტში, რადგანაც ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ეს არის. მათ, საერთოდ, არ სურთ, რომ დევნილებისა და ლტოლვილების საკითხზე ისაუბროს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რადგანაც ამ საკითხში საერთაშორისო სამართალი საქართველოს მხარეს არის“.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერთა მუდმივად მზარდი რიცხვი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი ამ პროცესს ვეღარ აკონტროლებს, – ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე. ის ფიქრობს, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა რეალური სახე აჩვენა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, დევნილების საკითხს, თანდათან, სულ უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება და ეს წლევანდელმა კენჭისყრამაც დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ, დევნილების დაბრუნების თვალსაზრისით, საერთაშორისო მხარდაჭერას რეალური შედეგი ჯერ არ გამოუღია, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ საკითხის ამსახველ თითოეულ საერთაშორისო დოკუმენტს დიპლომატიური ბრძოლის სარბიელზე დიდი წონა აქვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG