Accessibility links

logo-print

„სამხრეთის ნაკადი“: მოგებულები და წაგებულები


"სამხრეთის ნაკადის" მშენებლობის დაწყების ცერემონიალი 12 ივლისი 2012 წ.

"სამხრეთის ნაკადის" მშენებლობის დაწყების ცერემონიალი 12 ივლისი 2012 წ.

ვლადიმირ პუტინი იშვიათად იღებს გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად, კიდევ უფრო იშვიათად აღიარებს დამარცხებას. ამიტომ, ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა მისი განცხადება, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, აღარ გაიყვანოს „სამხრეთის ნაკადის“ სახელით ცნობილი გაზსადენი, რომელსაც რუსეთიდან, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპისთვის უნდა მიეწოდებინა ბუნებრივი აირი.

რუსეთი დიდი ხანია, ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება უკრაინაზე და ევროპაში თავისი გაზი უკრაინის ტერიტორიაზე გაუტარებლად გაიტანოს. მაგრამ ბრიუსელი „სამხრეთის ნაკადს“ წინ აღუდგა იმ მიზეზით, რომ ეს პროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ანტიმონოპოლურ პოლიტიკას.

„სამხრეთის ნაკადის“ ათმილიარდიანი პროექტი ითვალისწინებდა რუსეთის ბუნებრივი აირის გადაქაჩვას შავი ზღვის სანაპიროდან ბულგარეთამდე, საიდანაც ის უნდა მიეწოდებინათ სამხრეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის უნგრეთის, სერბიისა და ავსტრიისთვის.

პუტინი, რომელმაც გასულ კვირაში, ანკარაში ყოფნისას განაცხადა უარი „სამხრეთის ნაკადის“ პროექტზე, ამბობს, რომ აპირებს თურქეთთან ერთად, საბერძნეთის საზღვართან, ახალი ენერგოპროექტი განახორციელოს.

„სამხრეთის ნაკადის“ ჩაშლას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება მთელი ევრაზიის რეგიონისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პუტინი აზრს არ შეიცვლის, ვინ იხეირებს და ვინ იზარალებს მისი ამ გადაწყვეტილებით?

მთავარი გამარჯვებული უდავოდ თურქეთია. იგი ათწლეულებია, ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ახლა უკვე შორეულ პერსპექტივად მოჩანს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის ავტორიტარულ მეთოდებში სულ უფრო აშკარა ხდება პოლიტიკური ისლამიზმის ნიშნები. მაგრამ ევროკავშირის აზრს თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აღარც ექნება, თუ ანკარა შეძლებს, მოიპოვოს რუსეთიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გაზსადენის მთავარი სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი.

საფინანსო საქმის ექსპერტის, ქრის ვიფერის თქმით, „ახლა, [რუსეთთან] ამ შეთანხმების გამო, თურქეთი ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ენერგოდერეფანი ევროპაში. უახლოეს 10 წელიწადში ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თურქეთის პოზიციას არა მარტო ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში, არამედ პოლიტიკური კუთხითაც.“

კიდევ ერთი გამარჯვებულია ჩინეთი. 2014 წლის მაისში მოსკოვმა და პეკინმა ხელი მოაწერეს 30-წლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვით რუსეთი ჩინეთს 38 მილიარდ კუბურ მეტრს გაზს მიაწვდის. იმ შემთხვევაში, თუ „სამხრეთის ნაკადი“ არ განხორციელდა, აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთის მეტი გაზი გაიგზავნება. ეს გააძლიერებს ჩინეთის როლს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ძალას აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში.

„სამხრეთის ნაკადის“ განხორციელების შემთხვევაში, მოსკოვისთვის ბევრად იოლი იქნებოდა, უკრაინასთან მიმდინარე კონფლიქტში ბუნებრივი აირი იარაღად გამოეყენებინა. ჯერჯერობით კი რუსეთის გაზი კვლავინდებურად უკრაინის ტერიტორიით გავა ევროპაში, რაც ნიშნავს, რომ მოსკოვს შეიძლება მოუხდეს კიევთან მოლაპარაკება გაზის გრძელვადიანი მიწოდების თაობაზე. თუმცა, უკრაინა წაგებულის როლში აღმოჩნდება, თუ რუსეთმა თურქეთთან ერთად განახორციელა გაზსადენის პროექტი.

„სამხრეთის ნაკადის“ წარუმატებლობით ყველაზე მეტი სამხრეთმა ევროპამ დაკარგა. ბულგარეთსა და სერბიას, მაგალითად, კარგად ახსოვთ 2009 წლის ზამთარი, როდესაც განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურები დაემთხვა რუსეთის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეეწყვიტა. სწორედ მას შემდეგ შეეცადა გერმანია, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის გახსნით უზრუნველეყო გაზის პირდაპირი გზით მიღება. ამის მიუხედავად, ევროკავშირი განუწყვეტლივ ცდილობდა „სამხრეთის ნაკადის“ განხორციელების შეჩერებას და ამ ძალისხმევას თავისი ანტიმონოპოლური პოლიტიკით ხსნიდა. თუმცა, სინამდვილეში, შესაძლოა, არ სურდა სამხრეთსა და ცენტრალურ ევროპაში რუსეთის გავლენის გაზრდა.

ექსპერტი, ქრის ვიფერი ამბობს, რომ „სამხრეთის ნაკადის“ მონაწილე ქვეყნებისთვის ეს პროექტი მოგებიანი იყო:

„როგორც ჩანს, ქვეყნებს, რომლებიც აპირებდნენ „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენით ესარგებლათ ბალკანეთისა და ავსტრიის გავლით, ნამდვილად უნდოდათ [ეს მილსადენი], იმიტომ რომ მათ საშუალება ექნებოდათ, პირდაპირ მიეღოთ რუსეთიდან გაზი და არ ენერვიულათ სატრანზიტო ქვეყანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.“

4 დეკემბერს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა ბრიუსელში განაცხადა: „ვფიქრობ, რომ [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის] განცხადება ანკარაში წინასწარ გათვლილი და ნაადრევი იყო. მან ეს განცხადება გააკეთა მანამ, სანამ „სამხრეთის ნაკადთან“ დაკავშირებით ყველა საკითხი გაირკვეოდა, მაგალითად, ის, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს „სამხრეთის ნაკადის“ [პროექტს] და გაზსადენის აშენებას, ოღონდ ევროკავშირის წესების გათვალისწინებით.“

„სამხრეთის ნაკადის“ წარუმატებლობის შემთხვევაში, მისი მონაწილე ქვეყნები, მათ შორის ბულგარეთი, სერბია, უნგრეთი, სლოვენია, ხორვატია, ავსტრია და იტალია, დაკარგავენ ენერგომატარებლების მიღების გარანტიას, მოგებას სატრანზიტო გადასახადებიდან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობებს.

ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანს საშუალება ეძლევა, ევროპას თავისი ბუნებრივი აირი შესთავაზოს, თუმცა მისი მოცულობა მხოლოდ ათი პროცენტი იქნებოდა იმ მოცულობისა, რომელსაც ევროპა რუსეთისგან მიიღებდა. ამასთან, ევროპის მიმართულებით გაზის გადასაქაჩად აზერბაიჯანს სატრანზიტო ქვეყნად თურქეთის გამოყენება მოუწევდა, რაც თურქეთ-რუსეთის ხსენებული თანამშრომლობის პირობებში სიტუაციას გაართულებდა.

ზოგი სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სამხრეთის ნაკადზე“ უარის თქმით რუსეთი დიდ ფულს დაზოგავს: მას ეს პროქტი ძალიან ძვირი, 19 მილიარდი დოლარი უჯდებოდა. მიუხედავად ამისა, მოსკოვი მტკიცედ ჰქონდა განზრახული დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და პროექტში უკვე ჰქონდა კიდეც ჩადებული მილიარდობით დოლარის ინვესტიცია. ბოლო ხანს, უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საჭირო სესხების აღება. ამიტომ, ბევრი ექსპერტის აზრით, ასეთი ძვირადღირებული პროექტის განხორციელებაზე უარის თქმით და გაზის მარშრუტის აღმოსავლეთის მიმართულებით დივერსიფიკაციით, პუტინმა, შესაძლოა, პოლიტიკურად მოგებიანი ნაბიჯიც კი გადადგა.

5 დეკემბერს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, მაროშ შევჩოვიჩმა, განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს დაუჭერს „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის გაყვანას, თუ რუსეთი დაიცავს ევროკავშირის წესებს.

XS
SM
MD
LG