Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეს მიუბრუნდა


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, საქართველოს მთავრობის საჩივარზე დაყრდნობით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ვანო მერაბიშვილის - საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო. საუბარია ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე, რომელშიც სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 2016 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა და მას დაზარალებულისთვის მორალური კომპენსაციის სახით, მთლიანობაში, 12 000 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოს დიდმა პალატამ 8 მარტს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციებს მოუსმინა.

გადმოწერა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, 2016 წლის 14 ივნისს დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა დაირღვა მუხლები, რომლებიც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას (მე-18) და წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლებას სასამართლოს მიერ. იუსტიციის სამინისტრომ სადავოდ გახადა კონვენციის მე-18 მუხლთან გადაწყვეტილების შესაბამისობა, კერძოდ კი, დასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება გამოყენებულ იქნა ასევე იმისათვის, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონოდათ დამატებითი ბერკეტები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიების საქმეებში. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამგვარი გადაწყვეტილების მიღებით სტრასბურგის სასამართლო წინააღმდეგობაში აღმოჩნდა თავისივე პრეცედენტულ სამართალთან.

ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს. თუმცა, რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას...
სანდრო ბარამიძე

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ, როდესაც ვასაჩივრებდით, ისევე ახლა, როდესაც შუალედში, დასაშვებად ცნობიდან დღემდე, გვქონდა საშუალება, რომ წარგვედგინა ჩვენი დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს. თუმცა, რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ.

დიდი პალატის 17-კაციანი შემადგენლობის წინაშე 8 მარტს გამართულ ზეპირ მოსმენაზე მხარეებს თავიანთი არგუმენტების წარსადგენად 30-30 წუთი მიეცათ. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ მასალებს შორის აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან 2013 წლის 14 დეკემბერს ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე წარმოებული გამოძიების შედეგებიც. როგორც ცნობილია, საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო 2017 წლის თებერვალში შეწყვიტა, გამოძიების დაწყებას კი საფუძვლად სწორედ სტრასბურგის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება დაედო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი კოლეგიის სხდომას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა ასევე ინფორმაცია იმ სხვა საქმეების შესახებ, რომლებშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, სახელი ფიგურირებდა. ამ მასალებს შორის, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველ ოთარ კახიძის თანახმად, არ ყოფილა სახალხო დამცველის ჩვენება, რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან გაყვანის ფაქტს შეეხება:

“რაც შეეხება სახალხო დამცველის ჩვენებას, მან თქვა, რომ შეხვდა მერაბიშვილს და მიიღო მისგან ინფორმაცია. სახალხო დამცველმა დაიცვა პატიმრის უფლებები, ანუ მისი ვალდებულება რაც იყო, ის გააკეთა. ეს არის წარდგენილი სასამართლოში და მოქმედებით იმოქმედებს წულუკიანის და ბესელიას განცხადებები სასამართლოზე, რომლებმაც გამოააშკარავეს მთავრობის არაჯანსაღი დაინტერესება ამ საქმის მიმართ“.

ოთარ კახიძე იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ ვერდიქტს არ შეცვლის და, შესაბამისად, ძალაში შევა 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მასზე ზეწოლის საშუალებად გამოიყენებოდა და სახელმწიფო ვალდებულია კანონდარღვევისთვის მას ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს. თავის მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, თამარ აბაზაძე, ამჯერად მხოლოდ იმას ამბობს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და იგი გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება, თუმცა იქვე დასძენს, რომ დიდი პალატის მიერ საქართველოს მთავრობის საჩივრის წარმოებაში მიღება და პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის პროცედურის დაწყება იმის მაჩვენებელია, რომ ევროსასამართლო აღნიშნულ საქმეს პრეცედენტული სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

თამარ აბაზაძე
თამარ აბაზაძე

“ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აკმაყოფილებს დიდი პალატა მოთხოვნას გადასინჯვაზე, გახლავთ ის, რომ პალატამ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე მანამდე, სიტყვაზე, იყო ხოლმე მიღებული იმავე საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ. მეორე მიზეზი, რატომაც იღებს ხოლმე, არის ის, რომ თუნდაც მეთვრამეტე მუხლზე მწირია პრეცედენტული სამართალი და განსხვავებული მიდგომები იყო მანამდე და ამჯერად დიდმა პალატამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ერთიანი პრინციპები და ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს კონკრეტულ უფლებასთან მიმართებით. ანუ თუ დაინახა დიდმა პალატამ საჭიროება ერთგვაროვანი პრინციპების და მიდგომების ჩამოყალიბების, ესეც არის ერთ-ერთი მოტივი, რატომაც იღებს ხოლმე დიდი პალატა საქმეს გადასასინჯად“, ამბობს თამარ აბაზაძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმავე წლის სექტემბერში გაასაჩივრა. საჩივარში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სამართალწარმოების ისტორიაში მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5.1. მუხლთან ერთობლიობაში, პირველად დადგინდა ისე, რომ თავად წინასწარი პატიმრობა სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. სამინისტრომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანისა და მასზე ზეწოლის აშკარა მტკიცებულება არ არსებობდა და ბრალდება მხოლოდ პატიმრის განცხადებებით იყო გამყარებული, რაც, სამინისტროს თანახმად, ასევე ეწინააღმდეგება სტრასბურგის პრეცედენტული სამართლის პრინციპებს. გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დიდი პალატის ფორმატში გადაწყვეტილებას 2-3 თვის ვადაში მიიღებს.

XS
SM
MD
LG