Accessibility links

logo-print
დღეს ერგნეთის საგუშაგოზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საქართველოს ხუთი მოქალაქე გადასცა. ძმები მურაზ და დავით თაყაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიტაშვილი და მურმან ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბლის მცხოვრებლები არიან. ერთი კვირის წინ ისინი სოფლის მიმდებარე ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

სოფელი კირბალი, ღრომის ხეობის ოსურ სოფლებს ესაზღვრება, იქვე ტყეში კი რუს და ოს მესაზღვრეებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. სოფლის რწმუნებულის ილია ოქროაშვილის განცხადებით, დაკავებულთა შორის ორი ხანშიშესულია. ისინი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები, როცა რუსებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

ერთი კვირის განმავლობაში ოსური მხარე დაკავებულთა ვინაობის დადგენას ცდილობდა. ეს ამბავი იცოდნენ როგორც ქართველმა სამართალდამცავებმა, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. პოლიცია კირბალელების გასათავისუფლებლად ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შექმნილი ცხელი ხაზის მეშვეობით აწარმოებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წელს დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე ოსურმა მხარემ ოპერატიულად გაათავისუფლა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, იანვარში ოსურმა მხარემ, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 15 მოქალაქე დააკავა, მაგრამ სწრაფადვე დააბრუნა უკან. სოფელ კირბლის მიმდებარე ტყეში ეს ადამიანების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ამ სოფლის მოსახლეობა, ტრადიციულად, მიმდებარე ტყით სარგებლობდა და კირბალელები ახლაც რისკის ფასად შედიან ოკუპირებულ ტყეში შეშის დასამზადებლად.
XS
SM
MD
LG