Accessibility links

ქალზე ძალადობა, რომელიც ისჯება


ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 2014 წლის 24 მაისი

ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 2014 წლის 24 მაისი

ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულ 35 წლის მამაკაცს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გახმაურდა და რომელიც საზოგადოებისა და ქალთა უფლებების დამცველების ყურადღების ცენტრში მოექცა, მოსამართლე დავით გელაშვილმა 12 ნოემბერს მიიღო. საქმეზე დახურული, თუმცა ხმაურიანი სასამართლო სხდომები რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 35 წლის მამაკაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარე წლის თებერვალში აღიძრა. მას ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა (სსკ 126 პრიმა მუხლი) და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება (სსკ 138 მუხლი) მეუღლის მიმართ.

როგორც დაზარალებული 19 წლის ქალის და, ნინო, ჰყვება, დაქორწინებიდან რამდენიმე დღეში მის დას ყოფილმა მეუღლემ სასტიკად სცემა და გააუპატიურა, რის შემდეგაც ქალი ოჯახში დაბრუნდა. დაზარალებული მხარე ამბობს, რომ ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც ქმარმა ცოლი დაადანაშაულა, რომ დაქორწინებისას ის ქალიშვილი არ იყო. ცემისა და გაუპატიურების ფაქტს უარყოფენ მსჯავრდებულის ოჯახის წევრები. სასამართლოს გადაწყვეტილება მათ ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობასთან გააპროტესტეს. 35 წლის მამაკაცის და დაზარალებულ მხარეს ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს:

„დასრულდა პროკურორ მაია ჯაბუასა და ადვოკატ ჯიტა გულუას მიერ შეკრული საქმის პირველი ეტაპი. დადგა ჩემი ძმის გამამტყუნებელი განაჩენი. მას მიუსაჯეს 7 წელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“.

ისეთი მტკიცებულებები გვქონდა, რომ საერთოდ არ იყო საეჭვო, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. მსჯავრდებულის ადვოკატიც ამბობს, რა ვქნაო, აღიარებს და, მართლა გაულაწუნაო. ჰოდა, სწორედ ამის გამო დადგა ასეთი განაჩენი. ჩემი კლიენტის ქალიშვილობა და არაქალიშვილობა არავის არ აინტერესებდა ამ საქმეზე...

დაზარალებულის და, ნინო, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მისი დის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის ფსიქოლოგიური დახმარების კურსს გადის თბილისში და ცდილობს გადატანილი ტრავმა დაივიწყოს. ნინოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანად მიაჩნია და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ მათ ოჯახზე ამ დრომდე გრძელდება ზეწოლა ყოფილი სიძის ნათესავების მხრიდან:

„რაც ჩაიდინა, იმაზე აგო პასუხი. ისინი ამბობენ, თითქოს რაღაცები გავაყალბეთ, ადვოკატი და პროკურორი მოისყიდესო. მათი ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს დილითაც ბაზარში, სადაც დეიდაჩემიც მუშაობს და ჩემი სიძის დებიც, მივიდნენ დეიდაჩემთან, დაუქციეს რაღაცები და ახლაც აგრძელებენ ძალადობას. პოლიციაც იყო. არ ვიცი, იქნებ სახლშიც მოგვადგნენ“.

მსჯავრდებულის ნათესავების მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაზარალებულის ადვოკატი ჯიტა გულუა. აბსურდულს უწოდებს ის ბრალდებას დოკუმენტების გაყალბების თაობაზე და ამბობს, რომ საქმეზე იმდენი უტყუარი მტკიცებულება არსებობდა, რომ ერთი წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა:

„რას უნდა ვუპასუხო, რომელ ბრალდებას, რომელი სახელმწიფო მოხელეები ვართ ჩვენ, რომ ქრთამები ავიღოთ? ისეთი მტკიცებულებები გვქონდა, რომ საერთოდ არ იყო საეჭვო, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. მსჯავრდებულის ადვოკატიც ამბობს, რა ვქნაო, აღიარებს და, მართლა გაულაწუნაო. ჰოდა, სწორედ ამის გამო დადგა ასეთი განაჩენი. ჩემი კლიენტის ქალიშვილობა და არაქალიშვილობა არავის არ აინტერესებდა ამ საქმეზე“.

ის, რომ ბრალდებულმა თავის ადვოკატთან მართლაც აღიარა ცოლის ცემის ფაქტი, ამას ადასტურებს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტისთვის რამდენიმე თვის წინ თავად ადვოკატ სოსო ჯალაღონიას მიერ მიცემული კომენტარი:

„აღელვების ნიადაგზე გავარტყიო. და აღელვების ნიადაგზე, როგორც ბრალდებული ხსნის, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ერთი-ორი გალაწუნება“.

იდა ბახტურიძე

იდა ბახტურიძე

პრეცედენტული საქმე და გადაწყვეტილება - ასე აფასებენ ქალთა აქტივისტები და უფლებადამცველები ზუგდიდის სასამართლოს მიერ 12 ნოემბერს გამოტანილ განაჩენს. რამდენიმეთვიანი სასამართლო სხდომების პარალელურად, დაზარალებულის მხარდასაჭერად ზუგდიდში არაერთი აქცია გამართეს ქალთა აქტივისტებმა. ერთ-ერთი მათგანი, იდა ბახტურიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეს იქნება მაგალითი და გზავნილი იმ ადამიანებისთვის რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ ისჯება. სწორედ ამიტომ მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გაშუქება და ამ მიმართულებით როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ე.წ. „ვოჩდოგის“ ფუნქციის შესრულება:

„ამ ტიპის დანაშაულები აუცილებლად უნდა გაშუქდეს. ანუ როგორი იყო მათი გაგრძელება და შემდეგ რა მოხდა. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა მოჰყვა ამგვარი დანაშაულის ჩადენას. ეს არის ერთგვარი პრევენციის მექანიზმი. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ადეკვატურად რეაგირებს სახელმწიფო და კანონი იმ დამნაშავის წინააღმდეგ, რომელიც ცოლის მიმართ ჩაიდენს დანაშაულს“.

იდა ბახტურიძე დარწმუნებულია, რომ ამ საქმის მიმართ სწორედ საზოგადოების დიდმა ინტერესმა და უფლებადამცველთა აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ სასამართლომ დანაშაულის ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. იდა ბახტურიძეს ამის თქმის საფუძველს ის აძლევს, რომ, მისი სიტყვებით, დღემდე არსებობს არა მარტო სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობის, არამედ ქალების მკვლელობისა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები, რომელთაც არ ენიჭებოდა და არ ენიჭება ადეკვატური კვალიფიკაცია და საგამოძიებო პროცესი სათანადოდ არ წარიმართება ხოლმე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG