Accessibility links

ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. სულ მალე შესაბამის ცვლილებას შეიტანენ "სისხლის სამართლის კოდექში", რომელსაც ახალი, სპეციალური მუხლი დაემატება. ცვლილების თანახმად, რომელსაც პრლამენტის კომიტეტები მომავალ კვირაში განიხილავენ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა ან იძულება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. რა ვითარებაა საქართველოში ოჯახში ძლადობის თვალსაზრისით და რას ფიქრობენ სიახლის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველები?

პირდაპირ ნინოზე იწევდა... მაკა რომ წააქცია, ბებო მივარდა. ისიც წააქცია... ამის მერე იყო, დანა რომ გაუყარა ...
2011 წლის 23 მაისს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა თბილისში მცხოვრებმა ქალმა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ყოფილი მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აშინებდა დანით, ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ისტორიები, სახალხო დამცველის ანგარიშის გარდა, კრიმინალურ ქრონიკებსა და მედიაშიც ხშირად ხვდება:

„პირდაპირ ნინოზე იწევდა... მაკა რომ წააქცია, ბებო მივარდა. ისიც წააქცია... ამის მერე იყო, დანა რომ გაუყარა...“

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლისა და ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა 68 პროცენტმა აღიარა, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამავე კვლევის მიხედვით, მოძალადეთა ნახევარზე მეტი, 53 პროცენტი, ქმარია, დანარჩენი 47 პროცენტი კი თითქმის თანაბრადაა განაწილებული მამას, ძმას, ყოფილ ქმარსა და პარტნიორს შორის. ამასთან, როგორც ქსლის კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე ჯილდა ნიბლაძე ამბობს, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მძიმე ვითარება კახეთშია, სადაც ოჯახში ძალადობით ქალთა 92 პროცენტი იტანჯება:

„იყო ასეთი შემთხვევა: ბავშს არ უშვებდა მამიდა სკოლაში და ამაზე შეკამათდნენ რძალ-მული. ქმარმა გაიყვანა ცოლი, ეზოში ხეზე დააბა და ქამრით სცემა.“

ყველა მსგავსი შემთხვევა სულ მალე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. ამას ითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რუსუდან კერვალიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სათანადო ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსში.

მსხვერპლისთვის უარის თქმა ან არასათანადო დახმარების გაწევა არის სერიოზული სისტემური პრობლემა და, შეიძლება ითქვას, სისტემის მხრიდან ძალადობაც კი ...
კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ან სხვა სახის ძალადობა დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

„ჩვენ ამ კანონით გვინდა მივაღწიოთ ნულოვან ტოლერანტობას ოჯახში ძალადობის მიმართ. დახურული წრე, რომელშიც მოქცეულია ოჯახში ძალადობა, უნდა გაიხსნას, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ჩაკეტილი სივრცე, სადაც მსხვერპლი უფრო მეტად და ხშირად იმყოფება დაუცველ მდგომარეობაში“, უთხრა რუსუდან კერვალიშვილმა რადიო თვისუფლებას.

დაუცველობაზე მეტყველებს ის, რომ, კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თითქმის მეოთხედი მომხდარის შესახებ არავის, 70 პროცენტზე მეტი კი მხოლოდ მეგობრებსა და ოჯახის სხვა წევრებს ატყობინებს. ხშირ შემთხვევაში, დაუცველობის ისედაც მაღალ ხარისხს პოლიციისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების ზერელე დამოკიდებულება ზრდის. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრის უფროსის ანა არგანაშვილის თქმით, ბევრ შემთხვევაში პოლიციის რეაგირება ფორმალური იყო და რეალურად ვერ უზრუნველყოფდა ანალოგიური ფაქტებისგან მსხვერპლის დაცვას:

„როდესაც მსხვერპლი გადალახავს დიდ ბარიერს, რასაც სოციალური სტიგმა და საზოგადოების გულგრილობა ჰქვია, და მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მათი მხრიდან უნდა იყოს გამოვლენილი აბსოლუტური ყურადღება და სათანადო გულისხმიერება. ამ შემთხვევაში მსხვერპლისთვის უარის თქმა ან არასათანადო დახმარების გაწევა არის სერიოზული სისტემური პრობლემა და, შეიძლება ითქვას, სისტემის მხრიდან ძალადობაც კი.“

არადა, 2006 წლის 26 მაისს მიღებული კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პოლიციასა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს მეტ აქტიურობას ავალდებულებს. იურისტ მანანა კასხვაძის თქმით, კანონის მიხედვით, ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პოლიციელი, მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში, ადგენს ეგრეთ წოდებულ შემაკავებელ ორდერს, რომლის საფუძველზეც, თუ 48 საათის განმავლობაში სასამართლო დაამტკიცებს, მსხვერპლი იღებს დამცავ ორდერს:

„თუ ირღვევა ის პირობები, რაც ჩამოყალიბებული იყო შემაკავებელ ორდერში და რაც მსგავსად ჩამოყალიბებულია დამცავ ორდერში, ერთხელ დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება და მეორედ დარღვევის შემთხვევაში კი შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. და, ზოგადად, თუ თავიდანვე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაშინ არსებობს სპეციალური მუხლი ძალადობის შესახებ.“

სახალხო დამცველს წლის განმავლობაში არაერთმა ქალმა მიმართა, რომელთაც გადალახეს ძლიერი სოციალური ბარიერი და სამართალდამცავი, სასამართლო სტრუქტურების განსასჯელად აქციეს ოჯახში ძალადობის შემთხვევა ...
ამასთან, კანონი მსხვერპლს აძლევს უფლებას შემაკავებელ ორდერში ჩაწეროს ყველა ის პირობა, რაც, მისი აზრით, აუცილებელია ძალადობის შესაჩერებლად. ორდერი მოქმედებაშია 48 საათის განმავლობაში და მისი დარღვევა ისჯება 1-დან 7 დღემდე პატიმრობით. 48 საათის შემდეგ მოსამართლე აუქმებს ან ამტკიცებს ორდერს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აწ უკვე დამცავი ორდერის პირობების დარღვევა ითვალისწინებს 1-დან 30 დღემდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე იმედოვნებს, რომ კანონის გამკაცრება, ანუ კრიმინალიზაცია, კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას.

„შეიძლება ეს გახდეს როგორც პრევენციის, ასევე დაცვის საშუალება და კარგი შედეგი გამოიღოს, რადგანაც ცნობილია, რომ ოჯახში მოძალადეები ყველაზე მშიშარა და მხდალი ადამიანები არიან. იმან, რომ კანონი გამკაცრდება, შეიძლება დადებითად იმოქმედოს“, უთხრა ნატო შავლაყაძემ რადიო თავისუფლებას.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილების თანახმად, თუ ოჯახში ძალადობას სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, მაშინ მოძალადე დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, როგორც უკვე ვთქვით, კანონის გამკაცრებას იწონებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის ეფექტიანი აღსრულება და სახელმწიფო ინსტიტუტების შესაბამისი რეაგირება, მიუხედავად იმისა, ადგილი ჰქონდა თუ არა ფიზიკურ ძალადობას. შემთხვევით არაა, რომ ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში ვკითხულობთ:

„სახალხო დამცველს წლის განმავლობაში არაერთმა ქალმა მიმართა, რომელთაც გადალახეს ძლიერი სოციალური ბარიერი და სამართალდამცავი, სასამართლო სტრუქტურების განსასჯელად აქციეს ოჯახში ძალადობის შემთხვევა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში განიცადეს იმედგაცრუება და მეორადი ტრავმატიზაცია პასუხისმგებელი სტრუქტურების უმოქმედობის გამო.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG