ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:01

საზოგადოება / საქართველო

პროფკავშირები მასშტაბურ აქციას ამზადებენ

აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან
აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აგრძელებს 15 სექტემბერს, საპროტესტო აქციის დროს, დაპატიმრებული მეტალურგების მხარდამჭერ აქციებს. 26 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში შეკრებილმა აქტივისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა მოითხოვეს. სოლიდარობის აქციები, რომლებიც ქარხანა „ჰერკულესში“ დასაქმებული მეტალურგების დარბევისა და დაკავების პასუხად იმართება, 1-ელ ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქციით დასრულდება.
ვითხოვთ სოციალურ სამართლიანობას, ვითხოვთ შრომის კოდექსის შეცვლას, დიალოგს თანამშრომლობაზე...

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. „ჰერკულესი – მონობის სათავე!“, „სოლიდარობა მეტალურგებს!, „აღადგინე უკანონოდ განთავისუფლებულები!“ – ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტებით შეიარაღებული აქტივისტები სამინისტროს შენობის კიბეებზე განლაგდნენ, აქციის მონაწილეებს კი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ მიმართა:

„ეკონომიკის სამინისტრო იმიტომ ავარჩიეთ, რომ სწორედ ეს სამინისტრო არჩევს ასეთ „ბრწყინვალე“ ინვესტორებს, რომლებმაც არ იციან დიალოგი და დასაქმებულებს პოლიციის ძალით ელაპარაკებიან. გაიგოს ყველამ, რომ საქართველოში მონური შრომა არ უნდა არსებობდეს“.

ლავრენტი ალანია მონურ შრომას უწოდებს ისეთ ყოფას, როცა დასაქმებულთა უფლებები სრულადაა უგულებელყოფილი, ხოლო ვითარების შეცვლის ნაცვლად, საპროტესტო აქციაში მონაწილე მუშებს არბევენ და იჭერენ:

„არავის სკამი და ადგილი ჩვენ არ გვინდა! ვითხოვთ სოციალურ სამართლიანობას, ვითხოვთ შრომის კოდექსის შეცვლას, დიალოგს თანამშრომლობაზე და ა.შ.“

დაახლოებით, ამგვარი მოთხოვნები ჰქონდათ „ჰერკულესის“ თანამშრომლებსაც, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების დაბრუნებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
გაფიცვამ გარკვეული შედეგი მოიტანა, რადგანაც სამი დღეა, რაც ქარხანაში დაიწყეს ტუალეტის, აბანოსა და გასახდელის კეთილმოწყობა, დაარიგეს ახალი სპეცტანსაცმელი...

თუმცა დიალოგი „ჰერკლესის“ მუშებსა და მმართველი კომპანიის, „ჯეოსტილის“ წარმომადგენლებს შორის ვერ შედგა. ქარხნის ხელმძღვანელობის პოზიცია  ერთ-ერთმა დირექტორმა, რობერტ ტომარაძემ გაახმოვანა – და მუშების ყველა მოთხოვნას უსაფუძვლო უწოდა:

„აბანო გვაქვს, 9 შხაპი – ცხელი და ცივი წყლით. არ გვაქვს ტუალეტიო. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ორი წელია ქარხანა მუშაობს და ტუალეტი არ გვაქვს. ეს ტყუილია. წყალი ქალაქშიც გრაფიკითაა, მაგრამ ჩვენთან ჭიდან და ავზიდან ვაწვდით“.

მეტალურგების საპროტესტო აქცია დირექტორის ამ არგუმენტებს არ შეუჩერებია. მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, აქცია კანონის დარღვევითა და ძალადობით შეწყდა: დაკავებულ მეტალურგებს უარი ათქმევინეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე, სამ მათგანს კი ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„გაფიცვამ გარკვეული შედეგი მოიტანა, რადგანაც სამი დღეა, რაც ქარხანაში დაიწყეს ტუალეტის, აბანოსა და გასახდელის კეთილმოწყობა, დაარიგეს ახალი სპეცტანსაცმელი, დირექტორი დაპირებია ხელფასის მომატებასაც, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილი აქვს ადამიანის კონსტიტუციური უფლების შელახვას. ვინც სამსახურში დააბრუნეს, ყველას დააწერინეს ხელწერილი, რომ პროფკავშირულ საქამიანობას აღარ გააგრძელებდნენ“.

ეს განცხადება თამაზ დოლაბერიძემ თბილისში, ეკონომიკის სამინისტროს შენობის წინ გააკეთა. 26 სექტემბერს აქცია გაიმართა ქუთაისშიც, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორის წინ 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორთა თქმით, ერთგვარი შემაჯამებელი აქცია გაიმართება 1-ელ ოქტომბერს, ანუ ოქტომბრის პირველ შაბათს, რომელიც პროფკავშირების მიერ შრომის დღედაა გამოცხადებული.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mirian beruashvili საიდან გვწერთ: zestaphoni
30.09.2011 02:09
მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა პროფკავშირული ორგანიზაციის ნებისმიერ აქციას შრომის , ღირსების, ოჯახის და უფლებების დაცვის მიზნით ( და არა მარტო)
ბრძოლისა და მსხვერპლის გარეშე არავინ (არც ხელისუფლება და არც მესაკუთრენი) არაფერს დაგვითმობენ.

ავტორი: ავთანდილი საიდან გვწერთ: თბილისიდან
28.09.2011 12:24
ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი, პროფკავშირის ყოველ გააქტიურებას. ეგება როგორმე ჩვენი მონდომებით და აქტიურობით, მკვდარი გავაცოცხლოთ.

ყველაზე პოპულარული