Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ იზოლირებულია და „აგენტების კანონი“ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა - სტივენ ჯონსი


სტივენ ჯონსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
სტივენ ჯონსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი სტივენ ჯონსი ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელია. ის საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი გახლავთ.

ჯოშუა კუჩერასთვის მიცემულ ინტერვიუში ის განიხილავს “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა შემოტანილ “აგენტების კანონს”, საპასუხო პროტესტს და პოტენციურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ შედეგებს.

რადიო თავისუფლება: თქვენს ბოლო ანალიტიკურ სტატიაში წერთ, რომ „ქართული ოცნების“ შემობრუნება ავტორიტარიზმისკენ გლობალური ტენდენციების ნაწილია, მაგრამ ასევე წარმოადგენს ძალიან ქართულ შიდაპოლიტიკურ ტრადიციას, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა რეჟიმი მიჰყვებოდა. შეგიძლიათ დაწვრილებით ამიხსნათ, რა არის ეს ქართული პოლიტიკური ტრადიცია?

სტივენ ჯონსი: როდესაც გადავხედავთ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, დავინახავთ ამ ციკლს: გარღვევა, დემოკრატიის იმედი, იმედგაცრუება, მზარდი ავტორიტარიზმი, სახალხო პროტესტი, განახლება… შემდეგ კი მთელი ეს ციკლი თავიდან იწყება... ამ ტენდენციას ვხედავთ და საინტერესოა, თუ რატომ ხდება ასე, რით აიხსნება ეს ტენდენცია, რომელსაც ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველომ თავი ვერა და ვერ აარიდა.

ახლაც ამ პროცესს ვხედავთ. „ქართული ოცნება“ 2012 წელს საკმაოდ პროგრესული კოალიცია იყო. ახლა ის ღრმად არაპოპულარული გახდა და მოსახლეობა გამოსავალს ვერ ხედავს ინსტიტუციურ ცვლილებებში ან არჩევნებში. ახლა ისე ჩანს, რომ მოსახლეობა - როგორც ყოველთვის - ფიქრობს, რომ საუკეთესო პასუხი ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების პირდაპირ გამოწვევაა. ასეთია ტენდენცია...

სტრუქტურულად, ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია სისტემის აგებულებასთან, სადაც განსაკუთრებული როლი ეკისრებათ ძლიერ პიროვნებებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალაუფლების კონცენტრირებისაკენ. პოლიტიკური პარტიები ძალიან სუსტები არიან და მოწყვეტილნი არიან მოსახლეობისგან. არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას ახასიათებს სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა, სადაც ადამიანებს ნამდვილად არ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ პოლიტიკურ სისტემაში.

ეს არ გახლავთ თანაბარი სათამაშო მოედანი. ადამიანები თავს მოწყვეტილად გრძნობენ, რადგან დროის უმეტეს ნაწილს საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის რაიმე სახის ეკონომიკური მდგრადობის მოპოვებას უთმობენ. ამის ეკონომიკური ასპექტი ძალზედ მნიშვნელოვანია: მასობრივი სიღარიბე, უმუშევრობის ძალიან დიდი დონე და უთანასწორობა ართულებს ადამიანების ჩართვას პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც, მათი აზრით, არ წარმოადგენს მათ ინტერესებს.

რადიო თავისუფლება: რას გეუბნებათ ეს ტენდენცია და ეს ციკლები და ეს ისტორია იმაზე, თუ როგორ შევედით ამ კრიზისში დღეს და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე?

ჯონსი: პრობლემა ისაა, რომ ქართული ინსტიტუტები ისე არ მუშაობენ, როგორც საჭიროა. პოლიტიკური პარტიები არ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა... საქართველოში პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, არ არიან წარმომადგენლობითი და არ აქვთ კავშირი მოსახლეობასთან, განსაკუთრებით რეგიონებში. მათ შეიძლება ქსელიც ჰქონდეთ და რეგიონებშიც ჰქონდეთ ფილიალები, მაგრამ ეს პარტიები ძირითადად დიდი პოლიტიკური პიროვნებების გარშემო ტრიალებენ. ისინი ზემოდან არიან აგებულნი და არ წარმოადგენენ საზოგადოებრივ ინტერესებს.

არჩევნები ამ საკითხს ვერ ჭრის. ეს მოვლენაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება და მასში ადამიანები მონაწილეობენ ან არ მონაწილეობენ. ხშირ შემთხვევაში აქტივობა ძალიან დაბალია.

არჩევნებს შორის კი არ არის მდგრადი მცდელობა, რომ რამენაირად ხალხის ჩართულობის სტიმულირება მოახდინონ. არჩევნები, როგორც წესი, ხელისუფლების ხელშია, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსი არჩევნების წარსამართად ისე, რომ მათი პოზიცია იყოს მყარი. ოპოზიცია საკმაოდ სუსტია და არ შეუძლია მოქმედ მმართველ პოლიტიკურ პარტიას ეფექტიანად დაუპირისპირდეს. ეს ტენდენცია კი, კიდევ ერთხელ, ხელს უწყობს დომინანტური ერთპარტიული სისტემების გაძლიერებას... ის კი იკრებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას და გამორიცხავს ეფექტიან ოპოზიციას.

ეს შეიძლება გარკვეულწილად გადაიჭრას სისტემის პოლიტიკური სტრუქტურის ცვლილებით ისე, რომ ეს აღარ იყოს ერთპარტიული სისტემა, და შეიქმნას მექანიზმები, სადაც ოპოზიციას თუნდაც წაგების შემთხვევაში, მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სისტემაში.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ევროკავშირმა წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის წევრებს საპარლამენტო კომისიების თავმჯდომარეობის უფლება მიეცემოდათ. ეს მათ მისცემდა გარკვეულ ბმას, გარკვეულ განცდას, რომ ისინი უბრალოდ გარიყულები არ არიან და შეუძლიათ აქტუალობა შეინარჩუნონ. ასე რომ, არსებობს ხერხები, რომლებიც, ჩემი აზრით, შეცვლის სტრუქტურას ისე, რომ გაიზარდოს და გაფართოვდეს ჩართულობა. არჩევნებზე ფოკუსირება არ არის ადეკვატური გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად.

რადიო თავისუფლება: კანონი, რომელზეც ახლა ყველა ლაპარაკობს, რომელიც ამ პროტესტის ცენტრშია, მიზანში იღებს დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც, მთავრობის აზრით, ხელს უშლიან მას გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც სურს. თქვენ კი ბოლო სტატიაში ამტკიცებთ, რომ ისინი არაეფექტიანები აღმოჩნდნენ. თქვენ წერთ: „მიუხედავად 30-წლიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისა, ფინანსური მხარდაჭერისა და ევროკავშირის ექსპერტული რჩევებისა, მილიონობით აშშ დოლარის დახარჯვისა დემოკრატიის აღმშენებლობის პროგრამებზე, ვერაფერმა გააქრო ქართული სახელმწიფო კონტროლისა და ავტორიტარიზმის ტენდენცია“. მაშ, რატომ არ იმუშავა ამ პროგრამებმა?

ჯონსი: კარგი კითხვაა. ვფიქრობ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი არ მიემართებოდნენ საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს. მათ ძალიან ხშირად დონორები წარმართავდნენ - მთავრობა, რომელიც დახმარებას გამოყოფს, მიიჩნევს, რომ გარკვეული ფოკუსია აუცილებელი და შემდეგ ფოკუსიც სწორედ ესაა - საქართველოს მოსახლეობისა და მისი საჭიროებების შესახებ მათ არასაკმარისი იციან და მასთან კონსულტაციაც არ წარმოებს ხოლმე. ეს არის ერთი პრობლემა.

ისინი ასევე ძალიან ხშირად მოკლევადიანი გახლავთ. მუშაობენ რამე საკითხზე - მაგალითად, ავიღოთ პოლიტიკური პარტიების დემოკრატიზაცია და ამას სამ-ოთხ წელს ანდომებენ. აქ ყოფნის ბოლოს მოხსენებას აკეთებენ მათი საქმიანობის და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ და მიდიან.

ის ცვლილებები კი, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოში მეტი გამჭვირვალობის, მდგრადობის, ჩართულობის ან ძალაუფლების განაწილების უზრუნველსაყოფად, საჭიროებს ღრმა და სისტემურ პრობლემებთან გამკლავებას. ამის გაკეთება შეუძლებელია უბრალოდ უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლით და ფულის გამოყოფით სისტემის ცალკეული ნაწილების რეფორმირებისთვის.

ვფიქრობ, არჩევნებზე, როგორც ცვლილებების წყაროზე ფოკუსირების დრო გავიდა. ეს აჩვენა “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ახლა უკვე მეოთხე ვადას უახლოვდება იმ საარჩევნო სისტემის მეშვეობით, რომლის მართვაც ეფექტურად შეძლო. ეს არ არის ის გზა, რომლითაც სისტემას გახსნი და მოქალაქეთა ჩართულობას წაახალისებ. ხალხი არჩევნებით იმედგაცრუებულია. ისინი არ მონაწილეობენ, არ იციან რომელ პარტიას უნდა მისცენ ხმა. მათ არ სჯერათ, რომ ხმის მიცემა მათ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის...

უნდა არსებობდეს რაიმე უფრო აზრიანი გზა ხალხის ჩართულობის გასაზრდელად, სისტემის გახსნის რაიმე ხერხი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და მოსახლეობას შორის კავშირებს წაახალისებს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ.

რადიო თავისუფლება: აშკარაა შეუსაბამობა იმ იდეებს შორის, რომ მთავრობა ამ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] დიდ საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა, ამავე დროს, ისინი არაეფექტიანები არიან. როგორ გადაჭრით ამ წინააღმდეგობას?

ჯონსი: უნდა არსებობდეს რაიმე სახის კონტრძალა, რაიმე ალტერნატივა. უნდა არსებობდეს წინააღმდეგობის, მონიტორინგის, ხელისუფლების კონტროლის მეთოდი. ეს მეთოდები სისტემაში ახლა შედარებით სუსტია. სად არის საქართველოში საპირწონე ძალა? ეს არ არის ოპოზიციაში და არც პოლიტიკურ პარტიებში. პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება გარკვეულ კანონმდებლობაზე, მაგრამ ზოგადად მისი ძალა სუსტია.

ამჟამად [ძალაუფლება] ქუჩაშია, რადგან არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ადამიანები გამოხატავდნენ წინააღმდეგობას ან ეფექტიანად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მთავრობის პოლიტიკის მიმართ. ასე რომ, თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ სახალხო ამბოხის ეს ციკლი ყოველ ოთხ ან ხუთ წელიწადში, უნდა ვიპოვოთ გზები, რომლითაც შეგვეძლება ძალაუფლების გადანაწილება ან რაიმე სახის სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა. და ეს უნდა იყოს მდგრადი.

სამოქალაქო საზოგადოებამ ნამდვილად მიაღწია გარკვეულ წინსვლას და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაულების გამოვლენისა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევის კუთხით. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ სურს „ქართულ ოცნებას“ მისი მოსპობა ამ ახალი კანონპროექტით.

მაგრამ არსებობს სხვა გზებიც. შეიძლება ფიქრი, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატაზე, როგორც მექანიზმზე, რომელიც შეძლებდა საკანონმდებლო პროცესის გაზიარებას ისე, რომ ერთი პარტია უბრალოდ არ დომინირებდეს ერთ პალატაში. მეორე პალატას ექნებოდა კანონმდებლობის განხილვისა და მოდერაციის შესაძლებლობა.

ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებაც. საქართველოში ის ახლა ძალიან სუსტია. ეს შეიძლება იყოს რაიმე სახის მოქალაქეთა ფორუმების ან მინიპარლამენტების შექმნა, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტულ საკითხებზე, რაც მოქალაქეებს მისცემს გარკვეულ კონტროლს დებატებზე და შესაძლოა, განსაკუთრებით ადგილობრივად, საკანონმდებლო ცვლილებების რეალურად დანერგვის შესაძლებლობას.

იმას კი არ ვამბობ, რომ არჩევნებზე უარი ვთქვათ, არამედ ვამტკიცებ, რომ უნდა არსებობდეს სხვა დამატებითი მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძალაუფლების გადანაწილება და ძალაუფლების გაზიარება, იმ ინსტიტუტებთან ერთად, რომლებიც ეფექტურად შეამოწმებენ და გააკონტროლებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას.

რადიო თავისუფლება: მთავარი კითხვა კი ახლა ისაა, თუ რატომ ფიქრობს „ქართული ოცნება“, რომ ასე სჭირდება ეს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ არა ერთხელ, არამედ ორჯერ. შარშან მარცხი განიცადეს, ახლა კი ისევ ცდილობენ. რა ხდის მათთვის ასე მნიშვნელოვანს ამის გაკეთებას?

ჯონსი: შემიძლია გავიგო, თუ რატომ გააკეთეს ეს პირველად. ცხადია, ეს იქნებოდა მექანიზმი პოლიტიკურ პროცესზე მეტი კონტროლის უზრუნველსაყოფად. სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს დიდი ძალა, მაგრამ მას შეუძლია გამოააშკარაოს ხელისუფლება... ეს ხელს უწყობს გამჭვირვალობას. “ქართული ოცნება” ფაქტობრივად აკონტროლებდა პოლიტიკური ოპოზიციის სხვა წყაროებს, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება იყო ერთგვარი გამორჩეული პოლიტიკური სივრცე, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ არის დაინტერესებული დემოკრატიით. მას უფრო აინტერესებს მართული დემოკრატია, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, უნგრეთში. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეიცვალა იდეოლოგია. პარტიიდან, რომელიც დაინტერესებული იყო სამოქალაქო ჩართულობით, იქცა პარტიად, რომელიც სულ უფრო იზოლირებული ხდება და ფოკუსირებულია ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებებზე, რომლებიც გამორიცხავს საზოგადოებაში მრავალფეროვნებას.

ეს ძალაუფლების შენარჩუნების გზაა, რადგან ისინი სულ უფრო იზოლირებულნი ხდებიან დანარჩენი საზოგადოებისგან. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და სოციალური საყრდენი სულ უფრო მცირდება და ახლა პარლამენტში ვხედავთ ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფს, რომლებიც გარშემორტყმულნი არიან სახალხო წინააღმდეგობის უზარმაზარი ტალღით. როგორ უნდა გააკონტროლონ ეს?

მათ უნდა ჩაკეტონ მათ წინაშე მდგარი პოლიტიკური გამოწვევები და ეს ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა. [არსებობს ასევე] იმის შიში, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირთან დაახლოებამ მათი ძალაუფლებისთვის მეტი გამოწვევის შესაძლებლობების გაჩენის მხრივ. ეს მოთხოვნები ევროკავშირიდან ამა თუ იმ ფორმით უდავოდ წამოვა. თუ მათ სურთ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც, ცხადია, უნდათ, ეს მათთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა.

რადიო თავისუფლება: მე მესმის ამის გაკეთების ლოგიკა შარშან, მაგრამ ამის გამეორებასთან დაკავშირებით კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ჯერ არ მომისმენია. როგორც ჩანს, ამან უკვე გამოიღო საპირისპირო შედეგი. რატომ შეიძლება ეცადათ თავიდან?

ჯონსი: ეს არ ხდება იზოლირებულად, ეს ხდება დასავლეთსა და რუსეთს შორის მზარდი პოლარიზაციის კონტექსტში. ჩვენ ვნახეთ მსგავსი კანონების შემოღების მცდელობები სხვაგანაც - უნგრეთში, მაგალითად, ყირგიზეთში, აფხაზეთში [საქართველოს ტერიტორია, ოკუპირებული რუსეთის მიერ. რედაქციის შენიშვნა], და, რა თქმა უნდა, რუსეთში 2012 წელს, საიდანაც, ზოგის მტკიცებით, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ვერსიის მოდელი აიღო.

შეიძლება ვინმე კონსპირაციული კუთხით მიუდგეს, რაც მე ზოგადად არ მჩვევია და თქვას, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის ზეწოლისა და მის მიერ კონტროლის აღდგენის მცდელობა, სანამ უკრაინაში საქმე კარგად მისდის... შესაძლოა მართლაც ამან უბიძგა „ქართულ ოცნებას“, ეს კანონი შემოეტანა. ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით იყო გარკვეული წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შეშფოთება, რომ სწორედ ის მოხდებოდა, რაც მოხდა. ძაფები, რომლებიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს, სულ უფრო და უფრო სუსტდება და ამიტომ, შესაძლოა, მათ ნაკლები აქვთ დასაკარგი. ისინი ეკონომიკურად ნაკლებად დამოკიდებულნი ხდებიან ევროპასა და ევროპულ ინვესტიციებზე. რუსეთი სულ უფრო და უფრო დიდი ბაზარი ხდება ქართული ბიზნესისთვის... ეს შეიძლება იყოს ოქტომბრის [საპარლამენტო] არჩევნებისთვის მზადება. მათ უნდათ საქმეების მოგვარება [და] იფიქრეს, რომ ამგვარი პროცესით ოპოზიციას დაღლიდნენ [და რომ] ეს მათ ოქტომბრის არჩევნების მართვასა და მანიპულირებას გაუადვილებდა. არსებობს მრავალი პოტენციური ახსნა, მაგრამ [მიზეზი] მართლაც საინტერესოა და, როგორც თქვენც თქვით, უკუშედეგი მოგვცა.

რადიო თავისუფლება: თუ გავითვალისწინებთ არჩევნების შესახებ თქვენს ნათქვამს და იმას, რომ ოქტომბერში არჩევნები გველის, როგორ ელით, ეს ვითარებას განმუხტავს თუ გაამწვავებს? როგორ ხედავთ ამას საქართველოს პოლიტიკური ისტორიის თვალსაზრისით?

ჯონსი: საბოლოო ჯამში, მე მჯერა, რომ “ქართული ოცნება” განწირულია, რადგან მას არ აქვს პოლიტიკური და სოციალური მხარდაჭერა. მისგან გაუცხოებულია ამომრჩევლის დიდი ნაწილი. მას აქვს გარკვეული მხარდაჭერა რეგიონებში, და თუ ის განავითარებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეას, შესაძლოა ამ იდეას მომხრეებიც გამოუჩნდეს. ქართველებს არ უნდათ არასტაბილურობა, არ უნდათ ომი. ეს არის ის, რაზეც „ქართული ოცნება“ აქცენტს აკეთებს და შესაძლოა სჯერათ კიდეც, რომ ამით მოიგებს არჩევნებს. ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ შესაძლოა მოხდეს რაიმე სახის პროვოკაცია, რომელიც ხაზს გაუსვამს არასტაბილურობის საფრთხეს. ეს შეიძლება იყოს იმ გარიგების ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს რუსეთთან, არ ვიცი, რომ რაღაც მოხდება და ომის საშიშროება გამოიკვეთება და ხალხი ხმას მისცემს “ქართულ ოცნებას”, როგორც სტაბილურობის პარტიას. საბოლოო ჯამში კი, ვხედავთ პარტიას, რომელსაც ნამდვილად არ გააჩნია ის მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა არჩევნების სამართლიანად მოსაგებად. ამ არჩევნების მოსაგებად რაღაცნაირად უნდა იყალთაბანდონ.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" საკმაოდ არაპოპულარულია, ოპოზიციური პარტიები კიდევ უფრო ნაკლებადაა პოპულარული და გამოკითხვები ამას საკმაოდ რეგულარულად აჩვენებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ყველაფერი უცვლელად რომ დარჩენილიყო, ოქტომბერში ადვილად მოიგებდნენ.

ჯონსი: გეთანხმებით. ამ მოვლენებამდე, ამ სახალხო დემონსტრაციებამდე მეც იმავე პოზიციას დავიჭერდი. არა მგონია, ახლაც ასე იყოს. ვერ წარმომიდგენია, ხალხი გამოვიდეს და ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“... ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ შეძლონ ამ არჩევნების სამართლიანად მოგება, მაგრამ ოპოზიციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მართალი ხართ. თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს შექმნას რაიმე სახის, არა აუცილებლად კოალიცია, მაგრამ რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც ხალხს აფიქრებინებს, რომ ეს არ იქნება ოპოზიცია, სადაც ნაციონალური მოძრაობა იქნება წამყვანი... ნაციონალური მოძრაობა კვლავაც ერთგვარი ბუაა....

მაგრამ აქ ის საკითხიც წამოიჭრება, რომ როგორმე არჩევნების მოგება რომც შეძლონ, ეს კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათ მიერ საარჩევნო რესურსების კონტროლის გამო, მაშინ ტრადიციულად ასე ხდება ხოლმე რევოლუციები საქართველოში. ისინი ხშირად სწორედ გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვება...

მეორე საკითხია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალა. ახლა გვაქვს პროპორციული სისტემა, მაჟორიტარული აღარ არის. ასე რომ, გამარჯვებულს მთლად ყველაფერი ვეღარ ერგება. საინტერესო განვითარება იქნება, რადგან პროპორციული წარმომადგენლობის შემოღება იყო, გარკვეულწილად, მცირე პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობის დანერგვა და ერთგვარი პრევენცია იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” ან რომელიმე სხვა დომინანტ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა, ასე რომ, ეს უფრო ღია საარჩევნო სისტემაა და ვნახოთ, როგორ აისახება ეს შედეგებზე. ეს ოპოზიციას მეტ შესაძლებლობებს აძლევს.

რადიო თავისუფლება: ბევრი სპეკულაცია გამოიწვია ამ ყველაფრის გეოპოლიტიკურმა კომპონენტმაც. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ შეინარჩუნებდა კურსს დასავლეთისაკენ, ევროპისაკენ და, ამავდროულად, შეამცირებდა დაძაბულობას რუსეთთან ურთიერთობაში. როგორ ფიქრობთ, ეს ჯერ კიდევ ასეა? თქვენ რამდენჯერმე მიანიშნეთ გარიგებებზე, რომლებიც, თქვენი აზრით, შეიძლება, რომ “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს რუსეთთან. როგორ ფიქრობთ, მომსწრენი ვართ თუ არა მათი გეოპოლიტიკური ორიენტაციის უფრო ღრმა ცვლილების დასაწყისისა?

ჯონსი: ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ყველაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება” შორდება ევროკავშირს და ევროკავშირში ინტეგრაციას, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც მანამდე აღვნიშნე: ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მათ მოუწევთ პოლიტიკური სისტემის გახსნა, რაც მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას უფრო მოწყვლადს გახდის.

ეს არ არის სისტემა, რომელშიც “ქართული ოცნება” იქნება გამარჯვებული. ასე რომ, არსებობს წუხილი და შიში იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოება.

თუ მათ საქართველოში რაიმე სახის სახალხო მხარდაჭერის მოპოვება სურთ, ამის ერთ-ერთი გზა იქნება რუსეთთან რაიმე სახის გარიგებაში შესვლა. რასაკვირველია, რუსეთთან გარიგებებს ვერასოდეს ენდობი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სისტემა, რომელშიც რუსეთი პირობას დადებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს კონტროლის ზრდის შესახებ - გარკვეული სახის კონფედერაციის [შექმნის პირობას]. ამაზე ლაპარაკობენ, რომ ამ გზით „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მოხიბლოს ამომრჩეველი, ტერიტორიული მთლიანობის იდეაზე აპელირებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG