Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანთა ბედი და ძალთა ბალანსი


რუსეთის სამხედროები. ყარაბაღის კონფლიქტის ზონა.
რუსეთის სამხედროები. ყარაბაღის კონფლიქტის ზონა.

20 ნოემბერს, აზერბაიჯანთან რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების (ოფიციალურად - ერთობლივი განცხადების) თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს აღდამის რაიონი, რომელსაც სეპარატისტები 1992 წლიდან აკონტროლებენ.

ორი დღით ადრე, 18 ნოემბერს, თურქეთის საკანონმდებლო ორგანომ თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი თურქი სამხედროების სამშვიდობო მისიის გაგზავნას მეზობელ აზერბაიჯანში, რომელიც ესწრაფვის, რუსეთის გარდა, 10 ნოემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი შეთანხმების შესრულების გარანტი მისი სტრატეგიული პარტნიორიც იყოს.

თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბაქო განსაზღვრავს.

„ერობლივი ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება მშვიდობისა და სტაბილურობისათვის სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისკენ, რაც ასახულია გაეროს უშიშროების საბჭოსა და ეუთოს შესაბამის რეზოლუციებში. სამხედროების გაგზავნა აზერბაიჯანში ასევე შეესაბამება თურქეთის ეროვნულ ინტერესებს“, - ნათქვამია თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებენ აზერბაიჯანში, რომელიც თავის დიდ სტრატეგიულ მეზობელში უსაფრთხოების დამატებით გარანტიას ხედავს.

„მონიტორინგის ცენტრი დააკვირდება იმას, თუ რამდენად სრულდება ყველა ეს პირობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შეიარაღებული პროვოკაცია და ესკალაცია. და ამ ვითარებაში თურქეთის ყოფნა არის მესიჯი სომხეთის მხარისათვის, რომ თუ შეთანხმება არ შესრულდა, მაშინ შესაძლოა კონფლიქტი განახლდეს და აზერბაიჯანმა კვლავ გამოიყენოს ძალა“, - ამბობს ახალი ამბების სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორი, მეხმან ალიევი.

ყარაბაღის 42-დღიან ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი ძალიან არის დაინტერესებული კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედების განუახლებლობით, რადგან ბაქოს აღსადგენი და მოსაწესრიგებელი აქვს ომის შედეგად დაზიანებული მრავალი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა, დასაბრუნებელი ჰყავს უამრავი დევნილი და განსანაღმავი აქვს ათასობით ჰექტარი ტერიტორია.

ჯერჯერობით კი მოკონფლიქტე მხარეებს შორის ცეცხლის განუახლებლობის გარანტად გამოდის რუსეთი, რომელმაც თითქმის დაასრულა 2000-კაციანი სამხედრო დანაყოფის შეყვანა სეპარატისტულ ყარაბაღში, მაშინ როცა თურქეთის სამშვიდობო როლი ჯერჯერობით კვლავ ღიაა.

არც მწვადი დაიწვას და არც შამფური

ანკარა და ბაქო აქამდე არაფერს ამბობენ იმის თაობაზე, თუ როდის მიიღებს საბოლოო სახეს, ვინ უხელმძღვანელებს და სად დაიდებს ბინას თურქეთისა და რუსეთის სავარაუდო ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი, რომელზეც მოსკოვი და ანკარა არსებითად შეთანხმდნენ და რამდენიმე შეხვედრაც გამართეს - სულ ბოლოს, გასულ კვირაში, ანკარაში.

„ამ შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად ითქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებას საკითხებისა და დეტალების დასადგენად. დეტალები კი ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია - კერძოდ ის, თუ სად განლაგდება, როდის განლაგდება, რამდენი კაცით დაკომპლექტდება და ვინ უხელმძღვანელებს ამ ერთობლივ მონიტორინგის ცენტრს. იყო სიგნალებიც თურქეთის მხრიდან, რომ თუ რუსეთთან ვერ მოხერხდა შეთანხმება, მაშინ ისინი ცალმხრივად იმოქმედებენ. და ჩვენ ახლა უკვე ვხედავთ ნახიჭევანის სიახლოვეს, თურქეთის მხარეს, თურქეთის ჯარების თავმოყრას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტოკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა, რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელმა.

როგორც ჩანს, არა მარტო ანკარა ცდილობს მაქსიმალურად სამშვიდობო დატვირთვა მისცეს ერთობლივ სადამკვირვებლო ცენტრს, არამედ მისი მთავარი მოკავშირე აზერბაიჯანიც.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თავის დროზე აღნიშნა, რომ ანკარა - არც მეტი, არც ნაკლები - ყარაბაღის რეგიონში განლაგებულ სამშვიდობო მისიას შეუერთდება, თავად მონიტორინგის ცენტრი კი იმ ტერიტორიებზე იმოქმედებს, რომლებზეც სომხეთმა ან უკვე დაკარგა, ან მომავალში დაკარგავს კონტროლს, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული სამმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე.

მაგრამ აზერბაიჯანელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა და ანკარამ ამ შემთხვევაშიც შეძლონ საერთო ენის გამონახვა და შეთანხმდნენ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ისეთ ფორმაზე, რომელიც თავის ამოცანასაც შეასრულებს და არც კონფლიქტის ზონასთან ექნება უშუალო შეხება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერევანი.

არც მწვადისა და არც შამფურის დაწვის ლოგიკით, ასეთი ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით იოლად შეძლებს შორი მანძილიდან ადევნოს თვალი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ოპერატიულ ვითარებას, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებას,

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი შესაძლოა სულაც ბაქოში განთავსდეს და არ არის აუცილებელი, ის ყარაბაღის ტერიტორიაზე ან უშუალოდ კონფლიქტის ზონაში მდებარეობდეს. სავარაუდოდ, ბაქოში მდებარე ცენტრი ვითარების მონიტორინგს და ანალიზს გააკეთებს დრონების საშუალებით. თავად უპილოტო საფრენი აპარატურა რაც შეიძლება ახლოს იქნება კონფლიქტის ზონასთან და იქვე ეყოლება ცენტრს თავისი ადგილობრივი დამკვირვებელი ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად“, - ფიქრობს აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი მეხმან ალიევი.

მოვლენათა ხელსაყრელი განვითარება?

გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთმა მორიგ გეოპოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია იმ შეთანხმებით, რომელსაც 10 ნოემბრის ღამით მოაწერეს ხელი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, და აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა.

შეთანხმებამ რუსეთი სამშვიდობო მანდატით აღჭურვა და მოსკოვს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, მთიან ყარაბაღში, 2000-კაციანი ქვედანაყოფის შეყვანის უფლება მისცა. სამმხრივი შეთანხმებით სომხეთმა ვალდებულება აიღო, რომ 1 დეკემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნებს ქელბაჯარის, აღდამისა და ლაჩინის რაიონებს, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელზეც კონტროლი ასევე რუს მშვიდობის დამცველებს დაეკისრათ.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, მოგებულის პოზიციაშია. მან, ფაქტობრივად, უომრად მოიპოვა (სამხრეთ კავკასიაში) კიდევ ერთი დამატებითი სამხედრო ბაზა. თან, არსებული ფორმულის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს უვადო (10 ნოემბრის ერთობლივი მემორანდუმი ითვალისწინებს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის თავდაპირველად ხუთი წლით ყოფნას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, მომდევნო მრავალი ხუთი წლის პერსპექტივით, თუ რომელიმე ერთი მხარე არ მოითხოვს ამ მისიის შეწყვეტას-რედ.). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და სომხეთის გარდა, რუსეთს სამხედრო ბაზა უკვე აზერბაიჯანშიც აქვს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გაძლიერდება საქართველოზე ზეწოლა და ამას ექნება მზარდი ხასიათი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაიწყეს საუბარი აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის აუცილებლობაზე, რაც ასევე რუსეთის ფაქტორის გამაძლიერებელი იქნება“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის მონაკვეთის გახსნის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საუბრის დროს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, 17 ნოემბერს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყარაბაღის მოვლენებმა ბევრი რამე შეცვალა და მომავალშიც შეცვლისო.

ანუ სეპარატისტული აფხაზეთიც ცდილობს მოგების მიღებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ მიღწეული შეთანხმებით.

„რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა ტრანზიტი, მოვლენათა ხელსაყრელი განვითარების შემთხვევაში ტრანზიტი შესაძლებელია. უახლოეს ხანში სიტუაცია უფრო გამოიკვეთება, უფრო გასაგები გახდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ჩვენ ცოტა მოგვიანებთ მივუბრუნდებით. ვნახოთ, თუ რა მოხდება მთიანი ყარაბაღის გარშემო“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

საუბარია სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების დახმარებით დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ 2015 წელს დაასრულა სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა ენგურამდე.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანზიტს სომხეთის მიმართულებით თბილისის ნებართვა სჭირდება. საქართველოს ხელისუფლება იმეორებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის დანარჩენი საქართველოს რკინიგზასთან მიერთების შესახებ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმების ერთ-ერთ პუნქტში ლაპარაკია ბლოკირებული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაზეც არავინ იცის, თუ როდის დაიწყება მუშაობა, რადგან ყარაბაღსა და მის გარშემო აღსადგენია ომის შედეგად დაზიანებული მრავალი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა და მოსაწესრიგებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების გამართული მუშაობა.

„გადრუთისა და ჯაბრაილის რაიონებში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ქალაქ შუშასაც მიეწოდება ელექტროენერგია. მიღებულია გადაწყვეტილება ფიზულიდან შუშამდე დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე - ზუსტად იმ ტერიტორიებზე, რომელთაც აზერბაიჯანი აკოტროლებს. ამჟამად მთავარი პრობლემაა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების აღდგენა, ეს პირველ რიგში შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას და გზების მშენებლობას. ამჟამად სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია შუშის მიმართულება, რადგან იქ შესაყვანი იქნება ხალხი, შესატანი იქნება სურსათი, შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა. შემდეგ კი უნდა დაიწყოს განაღმვის ოპერაცია“, - ამბობს მეხმან ალიევი.

27 სექტემბრიდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა 280 სოფელი და ოთხი დასახლებული პუნქტი (გადრუთი, მინჯივანი, აგბანდი, ბარტაზი), ასევე ქალაქები: შუშა, ჯაბრაილი, ზანგილანი და გუბადალი.

20 ნოემბერს, აზერბაიჯანს დაუბრუნდება სეპარატისტული ძალების მიერ ოკუპირებული აღდამის რაიონი და ასევე გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები.

აზერბაიჯანელები, რომელთაც საცხოვრებელი ადგილები დატოვეს მთიან ყარაბაღში სომხებთან 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, ახლა იმედოვნებენ, რომ შინ, მშობლიურ სოფლებში, დაბრუნდებიან. სომხები, ვისაც უწევს ამ სოფლების ახლა დატოვება, სახლებს წვავენ და ელექტროგაყვანილობას აზიანებენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG