ოჯახი ჰყვება, რომ წყალი „ბაკურიანი ციდა“ „გლოვოს“ აპლიკაციით გამოიძახეს სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორას“ ერთ-ერთი მაღაზიიდან საბურთალოზე.
- ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ახლა უკვე სახლში მკურნალობს;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო - თუმცა უცნობია, რა მუხლით;
- ბავშვის მამა ჰყვება, რომ წყლის სხვა ბოთლები პოლიციამ ოჯახიდან ექსპერტიზაზე წაიღო;
- კომპანია „ბორჯომი“, რომელიც „ბაკურიან ციდას“ უშვებს, ამბობს, რომ მაღაზიებში „ყველა პარტიის ნიმუში“ შეამოწმა და პროდუქცია უსაფრთხოა.
რადიო თავისუფლებამ ამ ამბის უფრო მეტი დეტალის გარკვევა სცადა.
„პირი დაეწვა, კივილი დაიწყო“
კვირას, 2 თებერვალს, სამ-ნახევარი წლის ალექსანდრესათვის მამამ, გიორგი წერეთელმა „გლოვოს“ აპლიკაციით სუპერმარკეტ „ნიკორადან“ სახლში შვიდი ბოთლი წყალი გამოიძახა.
„ამ ბოთლის წყალს ვსვამთ თითქმის ოთხი წელია უკვე. ონკანის წყალი ზოგჯერ ისეთი ქლორიანია ხოლმე, ბავშვი რომ შეგვეძინა, ვიფიქრე, უფრო უსაფრთხო იქნება-მეთქი“, - უამბობს ის რადიო თავისუფლებას.
როდესაც ბავშვმა ერთ-ერთი ბოთლიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა, პირი დაეწვა, კივილი დაიწყო და არაერთხელ აღებინაო, იხსენებს მშობელი.
„შემდეგ დედამისმაც გასინჯა წყალი, რამ მისცა ასეთი რეაქციაო. დედას ცალკე დაეწვა ენა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბავშვის მამა, გიორგი წერეთელი.
დედის, ქეთი ჭელიძის თანახმად, პირ-ხახის დამწვრობის გარდა, ბავშვს სითხე მუცელზეც მოხვდა და დამწვრობის კვალი სხეულზეც დაუტოვა.
მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ჯერ ჟვანიას კლინიკაში წაიყვანა, იქიდან კი - ექიმების რეკომენდაციით - იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში. ამ დროს უკვე საღამოს ათი საათი იქნებოდა.
„დაუზუსტებელი ტოქსიკური ეფექტი“
იაშვილის კლინიკის გაცემული ცნობით [ფორმა #100], ექიმების დასკვნა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ასეთია:
- „დაუზუსტებელი კოროზიული სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი“
- „კოროზიული მჟავების და მჟავისმაგვარი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი“.
მშობლებმა ექიმებსაც იგივე ამბავი უამბეს, რაც გადახდათ:
სასწრაფოს გამოძახებამდე ერთი საათით ადრე დალია „გლოვოს“ კურიერის მარკეტიდან მოტანილი წყლის ბოთლიდან სითხე, „აღენიშნა ყლაპვის გაძნელება“, მრავალჯერადი ღებინება, ძლიერი ჭირვეულობა.
ამავე ფორმაში მითითებული ინფორმაციით, ექიმის დაკვირვებითაც, ბავშვს მუცელზე ეტყობოდა კანის მთლიანობის დარღვევა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საშუალო სიმძიმისა“.
გიორგი წერეთლის თქმით, არც ჟვანიას კლინიკასა და არც იაშვილის კლინიკაში შესაბამისი ლაბორატორიები არ ჰქონიათ, რომ გაერკვიათ, რა დალია ბავშვმა, რამ გამოიწვია დამწვრობა, ამიტომ ბოთლი, - რომელიც თან ჰქონდათ, - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნეს.
„აზოტმჟავა“ - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
ბოთლი ექსპერტიზაზე მეორე დღეს, 3 თებერვალს შეიტანა ბავშვის ბებიამ, მარიამ წერეთელმა. კითხვა ასე იყო ფორმულირებული:
„გთხოვთ, დაადგინოთ, „ბაკურიანი ციდას“ წარმოდგენილი 350 მლ ბოთლი შეიცავს თუ არა ტოქსიკურ ნივთიერებას, რასაც შეეძლო გამოეწვია ლორწოვანი გარსის-საყლაპავის-ხახის დამწვრობა/დაზიანება“.
ოჯახს პასუხი 4 თებერვალს მიუვიდა:
„ბოთლში ... მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას“.
დასკვნას ხელს აწერს ეკა შონია, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 18 წლის სტაჟით.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა განსაზღვრა ხსნარის მჟავიანობაც (pH).
- ზოგადად, pH სკალა 0-დან 14-მდე მერყეობს.
- pH7 (ნეიტრალური) ნიშნავს, რომ წყალი სუფთაა.
- დაბალი დონე მიუთითებს მჟავე ნაერთების არსებობაზე, - რაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის.
ანალიზის შედეგი ასეთი იყო: pH-0.55.
რა არის აზოტმჟავა?
აზოტმჟავა ძლიერი მჟავაა და, მარტივად რომ ვთქვათ, საკმაოდ საშიში.
როგორც ქიმიკოსი ლელა მეტრეველი - ქიმიის არაერთი სასწავლო სახელმძღვანელოს ავტორი - რადიო თავისუფლებასთან ამბობს:
„აზოტმჟავა არის ძლიერი მჟავა და, ამავე დროს, არის მჟანგავი, - ჟანგავს მეტალებსაც და არამეტალებსაც. [ადამიანის სხეულზე ან სხეულში მოხვედრისას] შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა“.
მისი თქმით, იგი აზიანებს ორგანიზმს და შეიძლება, მისი გავლენა იყოს კატასტროფულიც - „გააჩნია, რა კონცენტრაციით მოხვდა ორგანიზმში“.
„საერთოდ, წყალში აზოტმჟავა არანაირად არ უნდა მოხვდეს“, - ამბობს ის.
აზოტმჟავა ბუნებაში არ არსებობს, ის ხელოვნურად შექმნილი ნივთიერებაა. როგორც ქიმიკოსი განმარტავს - „მიიღება სინთეზური გზით, - ანუ, სხვა ნივთიერებებისგან იღებენ“.
„თუ სპეციალურად არ ჩაასხამთ სადმე ბუნებაში, არ შეიძლება იყოს თავისთავად“, - გვეუბნება იგი.
აზოტმჟავა ამავდროულად გამოიყენება აზოტის შემცველი ქიმიური პროდუქტების წარმოებაში, მათ შორის მინერალური სასუქების წარმოებაში. მისი ყიდვა-გაყიდვა რაიმე სპეციალური რეგულაციებით არ რეგულირდება.
„იქ [სასმელი წყლის ბოთლში] როგორ შეიძლება მოხვედრილიყო, მე ნამდვილად ვერ გეტყვით“, - დასძენს ქიმიკოსი.
გამოძიება უცნობი მუხლით
ამ კითხვაზე - როგორ მოხვდა აზოტმჟავა ბოთლში - ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს. ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე არავინ ამბობს.
ოჯახის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
რადიო თავისუფლება შსს-ს პრესცენტრში მეორე დღეა ცდილობს მუხლის დაზუსტებას, თუმცა უწყებაში ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
„[პოლიციას] აინტერესებდა კურიერი, - აინტერესებდათ რა წარმომავლობის იყო - ქართველი იყო თუ უცხოელი“, - უთხრა ბავშვის მამამ რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, იმ ბოთლთან ერთად, - რომლიდან დალეული სითხითაც ბავშვმა დამწვრობა მიიღო, - გამოძახებული ჰქონდა კიდევ ექვსი ბოთლი.
„ჯამში შვიდი იყო „ბაკურიანი ციდას“ ბოთლი. დანარჩენი ბოთლები პოლიციამ წაიღო და გვითხრეს, რომ თავად შეამოწმებენ“.
რას ამბობენ კომპანიები?
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იმ სამივე კომპანიას, რომლებიც, მშობლების მონათხრობის თანახმად, რაიმე ფორმით მაინც იკვეთება მოვლენების განვითარების ჯაჭვში: მწარმოებელს, მაღაზიასა და კურიერს.
„გლოვო“, - რომლის მიტანის სერვისითაც, ოჯახის თანახმად, გამოიძახეს წყალი, - ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა კომპანიიდან რადიო თავისუფლებას წერილობით განუმარტეს, რომ:
- კომპანიის ზოგადი სტანდარტების მიხედვით, კურიერი მაღაზიიდან ამანათს იღებს შეფუთულ მდგომარეობაში და უცვლელად აწვდის მომხმარებელს;
- „გლოვოსთვის“ ამ საქმეზე არავის მიუმართავს, მათ შორის არც შინაგან საქმეთა სამინისტროს;
- იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიის მონაწილეობა საჭირო გახდა, „გლოვო“ მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში.
სუპერმარკეტი: „გადაცდენა არ დაფიქსირებულა“
სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორას“ მმართველი კომპანიიდან, „ნიკორა ტრეიდიდან“ რადიო თავისუფლებას წერილობით უპასუხეს, რომ:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ მიმართეს კომპანიას;
- ინფორმაციის მიღებისთანავე კომპანიამ ჩაატარა შიდა მოკვლევა, „პროდუქტის მიღებიდან რეალიზაციის ჩათვლით“;
- „განხორციელდა სრული ჯაჭვის მონიტორინგი, რა დროსაც არანაირი გადაცდენა არ დაფიქსირებულა“.
„ნიკორა ტრეიდის“ თანახმადვე, მწარმოებელმა კომპანიამ იკვლია პროდუქცია თავად მაღაზიაშიც და „შემოწმებულ ნიმუშებში დარღვევა არ ფიქსირდება“.
„პროდუქტი მაღაზიიდან გავიდა... დალუქულ, დაუზიანებელ მდგომარეობაში. ბოთლის მთლიანობის დაზიანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამ დრომდე აქტიურად ვთანამშრომლობთ შსს-ს წარმომადგენლებთან და მზად ვართ ნებისმიერი სახის ჩართულობისთვის“, - აცხადებს „ნიკორა ტრეიდის“ ადმინისტრაცია რადიო თავისუფლებასთან.
მწარმოებელი: „დარღვევა არ დაფიქსირებულა“
„ბაკურიანი“ ეკუთვნის „ბორჯომს“ - „IDS ბორჯომი საქართველოს“.
კომპანიამ თავდაპირველი განცხადება სამშაბათს, 4 თებერვალს გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ:
- „კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში [სადაც შეიძინეს წყალი] ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა“;
- „პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში“ და „აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა“.
- „ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“.
რადიო თავისუფლება დამატებითი შეკითხვებით დაუკავშირდა „ბორჯომს“. ჩვენ კომპანიას არაერთი დამაზუსტებელი კითხვა დავუსვით. მათ შორის, კონკრეტულად რამდენი ბოთლი შეამოწმეს იმავე მაღაზიაში. ასევე:
- კომპანიას ვთხოვეთ, აღეწერათ პროდუქტის დამზადების ეტაპები - ბოთლის წარმოება, მასში წყლის მოთავსება, დალუქვა, სარეალიზაციოდ გამზადება - რა ეტაპებად მიმდინარეობს;
- წარმოების სრულ ციკლში, რაიმე ეტაპზე, გამოიყენება თუ არა აზოტმჟავა?
- ბოთლის [იმ ბოთლის, რომლიდანაც ბავშვმა სითხე დალია] გარეგანი დათვალიერებიდან ჩანს, პროდუქტი დამზადებულია 2024 წლის 10 ნოემბერს, 15:12 საათზე. გადამოწმდა თუ არა ამ პარტიის ყველა ბოთლი? [განცხადებაში მითითებულია, რომ გადაამოწმეს „ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში“ - და არა „პარტიის ყველა ნიმუში“].
- ასევე, ვთხოვეთ, განემარტათ, თუ რას გულისხმობს „საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლის გადამოწმება“.
ამ დამატებით კითხვებზე პასუხი „ბორჯომს“ არ გაუცია, - გაიმეორეს 4 თებერვლის განცხადება, - თუმცა ასევე, მოგვწერეს, რომ:
- „საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას“;
- „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის, უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია;
- შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას;
- ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს“.
„ბორჯომის“ მმართველ და მფლობელ კომპანიას, Rissa Investments-ს რამდენიმე მფლობელი ჰყავს. 2022 წლამდე Rissa-ს აქციების უმეტესობას - 57.72%-ს - ფლობდა Erasmony Limited, რომელიც ეკუთვნის მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფს“. მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფრიდმანს სანქციები დაუწესეს ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, საქართველოს მთავრობამ „ბორჯომის“ აქციების 7.73% პროცენტი უსასყიდლოდ შეისყიდა Erasmony-სგან. ფრიდმანის ჯგუფს წილების 49.99% დარჩა; ნაწილს - 38.5%-ს - ფლობს Black Waters Limited - მედიის ცნობით, ეს პატარკაციშვილების ოჯახის კომპანიაა.
რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც თავდაპირველად 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება. უწყებამ დაწერა, რომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდოდ „ბაკურიანი ციდით“ ინტოქსიკაციის შესახებ.
იქვე განაცხადა, რომ დაიწყო მოკვლევა და „სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს“.
ასევე, განაცხადა, რომ აღებულია „წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“.
მეორე დღეს, 5 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“.
ამასთან, რადიო თავისუფლებას სააგენტოში განუცხადეს, რომ ინსპექტორების მიერ არაგეგმური ინსპექტირების პროცესში „შეუსაბამობები არ გამოვლენილა“.
რადიო თავისუფლებამ ასევე შეამოწმა სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი.
ოქმში ნიმუშების რაოდენობაში მითითებულია: 4 ცალი ბოთლი.
რადიო თავისუფლებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაუზუსტეს, რომ ეს ბოთლები არის ზუსტად იმ პარტიიდან, რომელსაც, როგორც მოკვლევის შედეგად დადგინდა, ეკუთვნოდა ის ბოთლი, საიდან დალეული წყლითაც დაზიანდა ბავშვი - ესე იგი, 2024 წლის 10 ნოემბრის პარტიიდან [ამასთან, როგორც უწყებაში განგვიმარტეს, დადგენილი წესით, მონიტორინგისათვის პარტიების ნიმუშები ინახება].
ფორუმი