Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათეულობით მილიონი დოლარის უკანონო კონვერტაციისთვის კრიპტოკომპანიის მენეჯერი დააკავეს

ამოღებული თანხის ნაწილი: საგამოძიებო სამსახურის ფოტო
ამოღებული თანხის ნაწილი: საგამოძიებო სამსახურის ფოტო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრიპტოკომპანიის მენეჯერი დააკავა, რომელსაც ათეულობით მილიონი დოლარის უკანონო ტრანზაქციებს ედავებიან.

უწყების ცნობით, კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა და ვირტუალური აქტივებისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახორციელებდა.

„აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას“, - აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ფულადი თანხა (83 903 აშშ დოლარი და 300 ევრო), ასევე 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

საგამოძიებო სამსახური კომპანიის სახელს არ აკონკრეტებს.

დაკავებულს ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით წარუდგინეს. მას თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ემუქრება.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, აგრეთვე გადასახადებისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით.

აშშ-ის სანქციები

7 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოკომპანია „შელბითსა“ და მის მფლობელს, სავაშ კაივანპურს. ამის საფუძვლად მათ აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირები დაასახელეს.

კომპანია საქართველოში 2025 წლის 29 აპრილს დაარეგისტრირეს, მისამართად კი თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მიუთითეს.

2026 წლის 26 ივნისს კომპანიამ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა რეესტრს, პროცესი კი საბოლოოდ 30 ივლისს დასრულდა.

10 აგვისტოს PB Service-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კაივანპურთან პირადი კომუნიკაციაც კი არ ჰქონიათ და მისი მონაცემები მესამე მხარემ (მათმა პარტნიორმა უცხოურმა ფირმამ) გადასცათ.

„შელბითის“ დასანქცირების შემდეგ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ირანელი ტერორისტები იყენებენ ქართულ კომპანიებს სანქციებისთვის გვერდის ავლის, ფულის გათეთრებისა და ამერიკული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა ამავდროულად პრეტენზიებს უყენებს ამერიკას?“

ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები

მანამდე, მაისსა და ივლისში, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც, მათი მტკიცებით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდა.

ამ კომპანიებს შორის არიან:

  • AIFORY („ეიაიფორი“): სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2023 წელს. მფლობელი იყო საქართველოს მოქალაქე გიორგი ნუცუბიძე, თუმცა 2024 წლის ბოლო ამონაწერით მესაკუთრე მიხეილ გევორქიანია (ასევე საქართველოს მოქალაქე).
  • ARVIX („არვიქსი“): 2023 წელს რეგისტრირებული ფირმა; მფლობელია თამაზ გარაევი.
  • RAPIRA („რაპირა გრუპ“): რეგისტრირებულია 2022 წელს. მესაკუთრედ მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. 2026 წლის 13 მაისს მან მიმართა სამეწარმეო რეესტრს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის (დაშლის) მიზნით. შესაბამის ამონაწერში იგი „ლიკვიდატორად“ არის მოხსენიებული.

ეროვნული ბანკის პოზიცია

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ისევე როგორც მანამდე გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიები, საქართველოს ეროვნულ ბანკში არასოდეს ყოფილან დარეგისტრირებულნი“.

„რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია. რეგისტრაციის პროცესი მოიცავს დეტალურ შემოწმებას: კომპანიის ბიზნესმოდელის, ბენეფიციარი მესაკუთრეების, სახსრების წარმომავლობის, ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების და სხვა მოთხოვნების. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს და ეფექტიან ფილტრს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ არალეგალურ საქმიანობასთან“, - აცხადებს ნინო ჯელაძე.

მისი შეფასებით, ნებისმიერი პირი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი რეგისტრაცია, ლიცენზიის გარეშე ახორციელებს ასეთ საქმიანობას და ეწევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, „ბუნებრივია, ვერ მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG