Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკრძალვა არასწრულწლოვნებისთვის და პიროტექნიკით დაშავებულები


პიროტექნიკით ვაჭრობა ქუჩაში
პიროტექნიკით ვაჭრობა ქუჩაში

საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული ტრავმების გამო 4 პაციენტს ამ დრომდე მკურნალობენ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მისი დირექტორის, ირაკლი გოგინავას, ინფორმაციით, 31 დეკემბრის საღამოდან კლინიკაში ხელის მტევნის დაზიანებით მიიყვანეს სულ 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, რომელსაც თითის რეპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. ირაკლი გოგინავას თქმით, „პიროტექნიკით დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია და 7 პაციენტი უკვე სახლში გავწერეთ, თუმცა ჩატარდა ურთულესი ოპერაციები, რამდენიმე პაციენტს დასჭირდა თითების ამპუტაცია და მტევნის რეპლანტაცია“.

პიროტექნიკით არასრულწოვნების ხშირად დაშავების გამო, 2018 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ამ პროდუქციის მიყიდვა აკრძალა და აღსრულება მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებს დაავალა. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახიას, განმარტებით, ფეთქებადი, აალებადი, ხანძარსაშიში, გამაყრუებელი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პიროტექნიკის არასრულწლოვანთათვის მიყიდვის ასაკრძალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლი დაემატა. ამ მუხლის თანახმად, დაჯარიმდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არასრულწლოვნებს პიროტექნიკას მიჰყიდიან. ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, აკრძალვისა და სანქციების შესახებ გააფრთხილეს საახალწლო ბაზრობების მოვაჭრეები და მაღაზიების გამყიდველები. ჯავახიასავე ცნობით, “ჯერჯერობით არავინ დაგვიჯარიმებია, თუმცა დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, რადგან საქმე ეხება მოზარდების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“.

აუცილებელია პიროტექნიკის ვარგისიანობის კონტროლი და მოხმარების წესების დატანა შესაფუთ მასალაზე, რათა სადღესასწაულო დღეები უფრო უსაფრთხო იყოს როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.
ნინო სულავა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვის გამო ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული პირი კი 200 ლარით დაჯარიმდება. თანხა ორმაგდება კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში. ქუთაისში პიროტექნიკით მოვაჭრეები ადასტურებენ, რომ აკრძალვისა და სანქციების შესახებ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელებმა ისინი ახალ წლამდე გააფრთხილეს. ამ პროდუქციით მოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ პიროტექნიკას მოზარდებზე არ ყიდიან, თუმცა ფიქრობენ, რომ „აკრძალვა საჭირო შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ბავშვებს პიროტექნიკის გამოყენების უფლებას ხშირად თავად მშობლები აძლევენ“.

ნინო სულავა ორი შვილის დედაა. როგორც თავად ამბობს, ახალი წლის ღამით ფოიერვერკს მათ ოჯახშიც იყენებენ, თუმცა შვილებს პიროტექნიკას არასდროს ანდობს და მისი გამოყენებისას ცდილობს წესები დაიცვას. ნინო სულავას თქმით, არ ენდობა ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილ დახლებსა და საახალწლო ბაზრობებზე გამოტანილ პროდუქციას და მიიჩნევს, რომ „აუცილებელია პიროტექნიკის ვარგისიანობის კონტროლი და მოხმარების წესების დატანა შესაფუთ მასალაზე, რათა სადღესასწაულო დღეები უფრო უსაფრთხო იყოს როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის“.

შარშან, ახალი წლის დღეებში, ქუთაისის საავადმყოფოებში პიროტექნიკით დაშავებული 18 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG