Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს გამოძიებები რომ რეალურად მიმდინარეობდეს, ახლა სულ სხვა სურათი გვექნებოდა“


ალეკო ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ კამპანიას - „იცურე მშვიდად“ გარკვეული შედეგები უკვე აქვს, თუმცა კვლავაც გამოწვევად თვლის იმას, რომ კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვროს ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციები, როცა საქმე წყლის ობიექტებზე ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება. თბილისის ზღვაზე არსებულ მდგომარეობაზე ამბობს, რომ იქ სამაშველო სამსახურის მოქმედების არეალი მხოლოდ სარეკრეაციო ზონებზე ვრცელდება და არა მთელ პერიმეტრზე: „ტრაგიკული შემთხვევები გვაქვს სწორედ იმ ადგილებში, სადაც არც სამაშველო სამსახურია და არც გამაფრთხილებელი ბანერები, ბარიერები“. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე წყლის ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ პასუხისმგებლობა მსხვერპლს ეკისრება - რატომ ჩავიდა, თუ ცურვა არ იცოდა და ა.შ. ალეკო ცქიტიშვილი ხელისუფლებას შეახსენებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, რომლითაც უნდა დაიხვეწოს, მათ შორის, წყლის ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა. საჭიროა, სახელმწიფო უფრო აქტიური იყოს პროგნოზირებაში, მოსახლეობის ეფექტიანად ინფორმირებაში. კამპანიის „იცურე მშვიდად“ ფარგლებში დაგეგმილია იმის გამოკვლევა - რატომ ჭიანურდება ამ ვალდებულების შესრულება და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება. ალეკო ცქიტიშვილი შენიშნავს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და მოსახლეობამაც ყოველთვის იცის სად არის წყლის ობიექტებზე ყველაზე საფრთხისშემცველი ადგილები. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება და გარემოს შეცვლაზე კი არავინ ზრუნავს. რუსთავშიც იყო ასეთი ადგილი. კამპანიის მონაწილეთა აქტიურობის შედეგად მდინარესთან არსებული ხელოვნური წყალსაცავი მავთხულხლართებით შემოისაზღვრა და აღარ არის ბავშვებისთვის მისაწვდომი. „ალბათ მაინც დადგება ის დრო, როცა სახელმწიფო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, რომ ის არის პასუხისმგებელი ასეთი საფრთხისშემცველი ადგილების იდინტიფიცირებასა და შემდგომში დაცვის ღონისძიებების გატარებაზე“. 28 მაისს „იცურე მშვიდად“ მონაწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისის ზღვაზე ე.წ. „ჩანჩქერთან“: „კონკრეტულად გუშინდელი აქციის ადგილას რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მათ შორის, ტრაგედია შეეხო ჩვენს ოჯახსაც. როგორც წესი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძვრება ხოლმე საქმე ასეთ დროს. წინასწარ იცის ყველამ, რომ არც თვითმკვლელობა ყოფილა და არც თვითმკვლელობამდე მიყვანა და სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ის რესურსი, რაც გამომძიებელმა უნდა გამოიყენოს, რეალურად რომ დადგინოს თუ რა ხდება, წმინდა ფორმალურ გამოძიებაზე იხარჯება, რომ, როგორც წესი, ასეთი საქმე შემდეგ დაიხუროს და ხელი მოაწეროს მსხვერპლის ოჯახმა, რომ არავის მიმართ აქვს პრეტენზია. მეც მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას, რომ, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევასთან არ გვქონდა საქმე და ამავე დროს მე მაშინაც გამომძიებელს ვკითხე - რატომ არ ხდება გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. მათ მითხრეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთება და თუ რაიმე სადაოა, აჯობებს ადმინისტრაციული წესით იდაოთო და სწორედ ეს გზა ავირჩიეთ, მაგრამ, ამ დროს, სრულიად შესაძლებელია, რომ საგამოძიებო ორგანოებიც რეალურად დაკავებული იყვნენ პასუხისმგბელი პირების თუ უწყებების გამოვლენით და არა ფორმალური პროცედურით. ეს გამოძიებები რომ რეალურად მიმდინარეობდეს, ახლა სულ სხვა სურათი გვექნებოდა“. „იცურე მშვიდად“ გააგრძელებს აქციებს. ერთ-ერთი აქცია კახეთში, მდინარე ალაზანზეა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG