Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამას მიმალავდით?


ქართველი მუსიკის მოყვარულის ცხოვრებაში რაღაც დროს აუცილებლად დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ამ ჯგუფს მოუსმენს და იფიქრებს - „მოიცა, კაცო! ამას მიმალავდით?“ მე ეგ რამდენიმე წლის წინ მომივიდა, როდესაც უკვე მეგონა, რომ ლამის ყველაფერი მოსმენილი მქონდა. თქვენ, შეიძლება, უფრო ადრე აღმოაჩინეთ.

ან, იქნებ ჯერ არ დაგიფასებიათ? მაშინ, გილოცავთ!

Fleetwood Mac ჩვენკენ რატომღაც არასოდეს ყოფილა სათანადოდ დაფასებული. რავი, რაც მე ბავშვობაში როკზე რუსული და ქართული წიგნები და სტატიები მიკითხავს და მათი ხსენება იშვიათად თუ შემხვედრია სადმე. სახელი გაგონილი მქონდა, მაგრამ რაღაც მორიგი 70-იანების ბენდი მეგონა. არადა 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. კრიტიკოსების მიერაც სათანადოდაა დაფასებული - Rumors ყველა დროის საუკეთესო ალბომებში წერია (აი, ტოპ 10-ში რომ ხვდება ხოლმე). საერთოდაც, ზოგადი კონსენსუსით Fleetwood Mac როკის პანთეონში ერთ-ერთ უმაღლეს ადგილს იკავებს - სადღაც „ლედ ზეპელინის“ მიდამოებში.

თან, საინტერესო ისტორიები აქვთ. ჯგუფის შიგნით სასიყვარულო ოთხკუთხედები და შვიდკუთხედები და მერე ამეებზე დაწერილი სიმღერები. სამოცდაათიანების როკ-მუსიკოსებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილი, თავისი ყველანაირი ყველაფრით.

მოსასმენადაც კარგია და წასაკითხადაც.

თუ ბენდი გიყვართ, ახლა წესით თავს უნდა მიქნევდეთ. თუ არ გიყვართ, ესე იგი, არ მოგისმენიათ.

ყველა საქმე გადადეთ და მოუსმინეთ ან რომელიმე Greatest Hits-ს, ან, კიდევ უკეთესი Rumors-ს თავიდან ბოლომდე. თუ არ მოგეწონათ, თავიდან ჩართეთ. ამაზე უკეთესი ბევრი არაფერი არსებობს.

ჩემი მოსაზრება არ არის. ფაქტია.

XS
SM
MD
LG