Accessibility links

ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ საქართველოში „პოლიტპატიმრები“ არიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 მაისს


რას ნიშნავს გავლენიანი სენატორების განცხადება და რას ეუბნება ის „ქართულ ოცნებას“

„ქართულ ოცნებას“ ვაშინგტონიდან უთხრეს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, საჭიროა მათი გათავისუფლება და ოპოზიციასთან 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების სრულად შესრულება. ხელისუფლებამ პოლიტიკური მართლმსაჯულების თემას თავად უკვე დაუსვა წერტილი და ამის გაკეთებას საერთაშორისო პარტნიორებსაც სთხოვდა. თუმცა, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინასწარი გაფრთხილებების შემდეგ, ბოლოსაც სულ სხვაგვარი პასუხი მიიღო.

მოველი, რომ საქართველოს პოლიტიკური მხარეები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით, - ეს მოკლე და ბევრისთვის ყოვლისმთქმელი ტექსტი სენატორმა ჯეიმს რიშმა, ტვიტერზე 12 მაისს გამოაქვეყნა.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე დიდი ხანია შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ამას მის მიერ იანვრის შემდეგ გამოქვეყნებული არაერთი მწვავედ კრიტიკული განცხადება თუ წერილიც მოწმობს.

პოლიტიკაში ჩართულმა თუ საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებთან რაიმე შემხებლობაში მყოფმა ყველა ადამიანმა იცის, თუ ვინ არის რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და რამდენად წონიანია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

ოპოზიცია და ხელისუფლება კი ამ დრომდე ვერ თანხმდება „პოლიტპატიმრების“ საკითხზე. გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა - ამ სამი პირის გათავისუფლებას მოითხოვს ოპოზიცია ხელისუფლებისგან. ოპონენტები აცხადებენ, რომ - 8 მარტს, ორნაწილიანი წერილობითი შეთანხმების გაფორმების დღეს, მათ ასეთი ზეპირი დაპირება მიიღეს. „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დაპირება არ ყოფილა და რომ საქართველოს არც „პოლიტპატიმრები“ ჰყავს.

რას ნიშნავს „პოლიტპატიმრების“ ხსენება გავლენიანი სენატორის განცხადებაში? არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები? რა პასუხი აქვს ამჯერად ხელისუფლებას და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პანდემია და მოლოდინები

დადასტურებული შემთხვევა - 642

გარდაცვლილი - 11

გამოჯანმრთელებული - 346

კარანტინში - 4373

სტაციონარში - 386

დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული შემთხვევების რაოდენობა 642-ია. ახალ ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ბრალდებულია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, COVID-19 დაუდასტურდა პირს, რომელიც 24 აპრილს სარფში დააკავეს და ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში გადაიყვანეს.

პანდემიასთან ბრძოლას განაგრძობს მსოფლიო. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით ახლა მეორე ადგილზე უკევ რუსეთმა გადაინაცვლა 232 000-ზე მეტი შემთხვევით (პირველ ადგილზე ისევ აშშ რჩება). კორონავირუსი დაუდასტურდა ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს დმიტრი პესკოვსაც.

გაჩერებული ეკონომიკისა და არაპროგნოზირებადი ვითარების ფონზე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. ფონდი აცხადებს, რომ, „დიდი ალბათობით“, ამ წელიწადში მეორედ შეამცირებს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის გლობალურ მაჩვენებელს იმ დიდი ზარალის გამო, რაც კორონავირუსის პანდემიით მიადგება მსოფლიოს მრავალ ეკონომიკას.

წაიკითხე მეტი.

ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები განახლდება

დღეიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები განახლდება. პარტიების შეხვედრა 14:00-ზე დაიწყება. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს და თუ ასე არ მოხდება, მაშინ შესაბამისი რეაგირება გახდება საჭირო.

მოლაპარაკებების განახლების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ უთხრა. „ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს სამსჯელო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება, რომელიც ჩვენსა და ოპოზიციას შორის შედგა, შესრულდეს. ხელისუფლებამ ამ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. თუ არ შეასრულებს, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება იქნება საჭირო. უკვე ვნახეთ, როგორი გზავნილებია ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც. ხვალ სწორედ ამ სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ და ხვალიდან ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე პერიოდული კონსულტაციები გაგრძელდება“, - თქვა სერგი კაპანაძემ.

რა ბედი ელის ჩვილს, რომლის დაბრუნებასაც მშობლები ითხოვენ?

4 თვის ბარბარე, თბილისის რეფერალური ჰოსპიტლიდან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში, სოციალურმა მუშაკმა 8 მაისს გადაიყვანა.

ბარბარე მუცლად ყოფნის მეექვსე თვეს, ნაადრევად, 21 იანვარს, საკეისრო კვეთით დაიბადა. ბარბარეს დედა, 32 წლის მარიამ გეთიაშვილი, კლინიკიდან ორი კვირის თავზე გაწერეს. ჩვილი კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჰოსპიტალში დარჩა.

მარიამის თქმით, ექიმები მას ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაჰპირდნენ, რომ შვილის სახლში წაყვანას სამ თვეში შეძლებდა, თუმცა, როგორც ამბობს, 8 მაისს, ის სოციალურმა მუშაკმა ფაქტის წინაშე დააყენა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბარბარე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში წაიყვანეს:

მართალია, ოჯახში ნამდვილად არ გვაქვს კარგი პირობები, ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი ჩვენს ორ შვილთან ერთად, მაგრამ არ გვცივა და არ გვშია. როგორც უფროს შვილებს ვუვლი და ვზრდი, მასაც ისე მივხედავდი და მის დასაძინებელ ადგილსაც გამოვნახავდით ოთახში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამმა.

მარიამსა და მის მეუღლეს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოსგან ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მათი შვილი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაშია გადაყვანილი, ჯერ არ ჩაჰბარებია. ბარბარეს მშობლებს არ აქვთ ზუსტი, დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, რატომ მიიღო სააგენტომ უკიდურესი - ჩვილის მშობლებისგან განცალკევების გადაწყვეტილება.

რას ამბობს სოციალური სამსახური და რა ბედი ელის 4 თვის ბარბარეს, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

სამუდამოდ დახურავს თუ არა ჩინეთი „სველ ბაზრებს“?

ჩინეთის ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა, რომ ქვეყანაში თითქოს არ არის არავითარი „სველი ბაზრები.“ საქმე ეხება დიდ სავაჭრო ფართობებს, სადაც ყიდიან ცოცხალ ცხოველებს, მათ შორის, გარეულს, რომლებსაც იქვე კლავენ, ხშირად - ბარბაროსული მეთოდებით და წამებით. მათ ხორცს საკვებად იყენებენ. მიუხედავად პეკინის განცხადებისა, არსებობს იმის უამრავი მტკიცებულება, რომ მინიმუმ ერთი ბაზარი განაგრძობს მუშაობას ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო შარშან კორონავირუსის პანდემია.

კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გადავიდა ცხოველიდან ადამიანზე და, დიდი ალბათობით, ეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ „სველ ბაზარში“ მოხდა. როგორც ჰონგ-კონგში გამომავალი წამყვანი გამოცემა South China Morning Post-ი წერს, ანალიზმა აჩვენა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო 7 ოქტომბრიდან 11 დეკემბრამდე მონაკვეთში.

ჩინეთი არალეგალურად დაჭერილი გარეული ცხოველების ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი გმობს ამას, ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში დღემდე მილიონობით ადამიანი მისდევს „ევეის“ („ველური სხეული“) კულინარიულ ტრადიციას - ისინი საჭმელში მოიხმარენ ველური ცხოველებისა და ფრინველების ხორცს. გავრცელებული რწმენით, ამგვარად ისინი ბუნების ენერგიით ივსებიან და სიცოცხლეს იხანგრძლივებენ.

წაიკითხე მეტი.

„მოველით საქართველოსგან - როგორც დემოკრატიის განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნისგან, რომ ის შეასრულებს რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს ბევრმა საერთაშორისო მეგობარმა შესთავაზა და საბოლოოდ მიგვიყვანს უფრო ძლიერ, უფრო კონკურენტულ, უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემამდე“, - აცხადებს პიტერ ვიბლერი, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. ონლაინსაუბარი გასული კვირის ბოლოს არის ჩაწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG