Accessibility links

პოლიტპატიმრებიო? - რისკენ მიუთითებენ "ქართულ ოცნებას" ამერიკელები, ევროპელები


„ქართულ ოცნებას“ ვაშინგტონიდან უთხრეს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, საჭიროა მათი გათავისუფლება და ოპოზიციასთან 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების სრულად შესრულება. ხელისუფლებამ პოლიტიკური მართლმსაჯულების თემას თავად უკვე დაუსვა წერტილი და ამის გაკეთებას საერთაშორისო პარტნიორებსაც სთხოვდა. თუმცა, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინასწარი გაფრთხილებების შემდეგ, ბოლოსაც სულ სხვაგვარი პასუხი მიიღო.

რას ნიშნავს „პოლიტპატიმრების“ ხსენება გავლენიანი სენატორის განცხადებაში? არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები? რა პასუხი აქვს ამჯერად ხელისუფლებას? და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

„მოველი, რომ საქართველოს პოლიტიკური მხარეები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით“, - ეს მოკლე და ბევრისთვის ყოვლისმთქმელი ტექსტი სენატორმა ჯეიმს რიშმა, ტვიტერზე 12 მაისს გამოაქვეყნა.

სწორედ ამ განცხადების თანხლებით გააზიარა მან საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩოს მიერ 11 მაისს გავრცელებული განცხადება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე დიდი ხანია შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ამას მის მიერ იანვრის შემდეგ გამოქვეყნებული არაერთი მწვავედ კრიტიკული განცხადება თუ წერილიც მოწმობს. თუკი შევადარებთ, იოლად მივხვდებით, რომ იანვრის შემდეგ შეფასება კიდევ უფრო დაკონკრეტებულია:

  • სენატორმა რიშმა 12 მაისს საქართველოსთან მიმართებით პირველად გამოიყენა ტერმინი - „პოლიტპატიმარი“ - რაც მძიმე შეფასებაა დემოკრატიული ქვეყნისთვის;
  • მანამდე გამოქვეყნებულ ტექსტებში მისი ფრაზები, მაგალითად, ასეთი იყო - „საქართველომ არჩია - გაზარდოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება“ ანდა „სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა".

მართალია 12 მაისის განცხადებაში ის დაკავებულთა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, მაგრამ ისევ წინა განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „პოლიტპატიმრებს“ შორის ის უნდა გულისხმობდეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს - გიგი უგულავას. სენატორმა რიშმა სწორედ უგულავას დაკავებას მიუძღვნა 11 თებერვლის პოსტი ტვიტერზე.

პოლიტიკაში ჩართულმა თუ საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებთან რაიმე შემხებლობაში მყოფმა ყველა ადამიანმა იცის, თუ ვინ არის რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და რამდენად წონიანია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ხარისხის ხარჯზე ხდება და მათი კრიტიკული შეფასებები შესაძლოა დამაზიანებელი იყოს არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ - ქვეყნის მომავალისთვისაც:

  • „სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ძალიან სერიოზული ფიგურაა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში და მონაწილეობას იღებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრაში“;
  • როდესაც ის იყენებს ტერმინს „პოლიტპატიმრები“, „სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამავე საკითხს აუცილებლად წამოსწევს, მაგალითად - საქართველოსთვის სამხედრო თუ სხვა სახის დახმარებების გაზრდის საკითხების განხილვის დროს“;
  • ასევე, მას შეუძლია „აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშეც დააყენოს ეს საკითხი... სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება არასოდეს არ არის კარგი და მით უმეტეს როდესაც რუსეთთან ასეთ დაპირისპირებაში ვართ და ძალიან გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარება“.

პეტრიაშვილისთვის აშკარაა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ აპირებენ ხელი აიღონ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიზანზე - „პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ვხედავთ, რომ არ ნელდება ყურადღება... ჩემი აზრით, არ ღირს საერთაშორისო პარტნიორებთან ასეთი ჭიდილი დაკავებულების გამოშვება-არგამოშვების თემაზე“.

სენატორ რიშის განცხადების გავრცელების შემდეგ, პირველმა კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ვინც დაკავებულ პირებზე ლაპარაკობს, მას საქართველოში პოლიტიკური კონსენსუსი არ უნდა.

„ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.,, ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს და ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ იქნას განხორციელებული“.

პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განცხადების თანახმად კი - სასამართლოს ვერავინ უკარნახებს და განცხადებები მხოლოდ საქმეში კარგად ჩახედულმა პირებმა უნდა გააკეთონ - "სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ჩვენს მიმართ ცუდად განწყობილი ადამიანი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი, საქმე უნდა შეისწავლოს დეტალურად და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს".

საქართველოსთან მიმართებით ტერმინი „პოლიტპატიმრები“ ჯერ ევროპარლამენტართა კომენტარებში გაჩნდა, 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ისინი თბილისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში სტუმრობდნენ.

მართალია, საბოლოო რეზოლუციაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული აქცენტი არ მოხვდა, მაგრამ ეს ფაქტი მაშინ რეზოლუციის ტექსტის თავისებურებით ახსნა ასამბლეის თავმჯდომარემ, ლიტველმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელმა, ანდრიუს კუბილიუსმა.

„ეს ნამდვილად არ არის ევროპული ტრადიცია, რომ გყავდეს ხალხი საპატიმროში ანდა (გყავდეს ხალხი) გასამართლებული ხელისუფლების მიერ, თავიანთი პოლიტიკური აქტივობების გამო... ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან“ - ამბობდა მაშინ კუბილიუსი და ამავე თემებზე მისი უმწვავესი განცხადებები მას შემდეგაც მრავლად მოვისმინეთ.

ხელისუფლების მიმართ 8 მარტის დაპირებების შეხსენება ბოლო პერიოდში სწორედ ანდრიუს კუბილიუსმა დაიწყო, 7 მაისს ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებითა და ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის მიწერილი ღია წერილის აფიშირებით.

ევროპარლამენტარი ხელისუფლებას შეახსენებდა, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გამოშვების საკითხი გადასაწყვეტი იყო 8 მარტის შეთანხმების ჭრილში.

რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ოჯახის წევრია, ლიტველ პარლამენტარს სწორედ ოპოზიციასთან დამაზიანებელი კავშირები დაბრალდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. მის განცხადებებს „არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტური“ უწოდა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

„ესოდენ დიდი გადაცდომა გარკვეული სტანდარტიდან, მაფიქრებინებს, რომ დაუფიქრებელი არ არის ეს ნაბიჯი, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლებელი მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში“ - ამბობდა ვოლსკი.

ხოლო როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობდა, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარი ჩაითვალა პირდაპირ მოწოდებად „რომ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი, მიუღებელი და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“.

კუბილიუსის საპასუხოდ თემას წერტილი დაუსვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა - ამ სამი პირის გათავისუფლებას მოითხოვს ოპოზიცია ხელისუფლებისგან. ოპონენტები აცხადებენ, რომ - 8 მარტს, ორნაწილიანი წერილობითი შეთანხმების გაფორმების დღეს მათ ასეთი ზეპირი დაპირება მიიღეს. ამასთან, ამ დაპირების შესრულების გარეშე, ოპოზიციის დიდი ნაწილი უარს ამბობს შეთანხმების საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ნაწილზე.

11 მაისს "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკვე მოლაპარაკებათა შუამავლებს - ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოებს - სთხოვდა დაედასტურებინათ მათი სიმართლე და კონკრეტულად ის, რომ 8 მარტს არ ყოფილა დაპირება გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ.

ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაში მკაფიოდ განიმარტა მხოლოდ ის, რომ 8 მარტის ორნაწილიანი შეთანხმება სრულად არის შესასრულებელი და ითვალისწინებს იმ საკითხების გადაჭრასაც, „რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს“.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი - ასევე ცნობილი ხელისუფლების მისამართით მანამდე გაკეთებული არაერთი მწვავე განცხადებით.

„შესანიშნავად არის ნათქვამი: აუცილებელია, საბოლოოდ განხორციელდეს ეს შეთანხმება და წინ გადაიდგას ნაბიჯები“, - აღნიშნა მან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილს საერთოდ არ უკვირს, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსმა საქართველოსთან მიმართებით ტერმინი „პოლიტპატიმრები“ გამოიყენა, რადგან მისი ორგანიზაციის მიერ საქმეების შესწავლამ დაადასტურა, რომ - გიგი უგულავას აშკარად მიესადაგება პოლიტპატიმრის სტატუსის შესაბამისი - ევროსაბჭოსა თუ მესამე სექტორის მიერ დადგენილი სტანდარტების არაერთი კრიტერიუმი.

„იმდენად ბევრი დარღვევაა გიგი უგულავას საქმეებთან დაკავშირებით და იმდენად იკვეთება პოლიტიკური მოტივები მართლმსაჯულების ამა თუ იმ ქმედებაში, რომ უკვე აზრს კარგავს - იყო თუ არა დამნაშავე ის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში...

მარტო ადამიანის უფლებათა ცენტრი კი არ ხედავს ამ დარღვევებს - ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მონიტორები ასევე ესწრებიან ამ სასამართლო პროცესებს და მათაც შესანიშნავად იციან, ცხადია, ყველა დეტალი. არავის გამოეპარებოდა არც ის, რომ ძალიან ძველი საქმის გაცოცხლება მოხდა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ალეკო ცქიტიშვილმა.

ის ამბობს, რომ მაისის ბოლოს გამოქვეყნდება ასევე დეტალური ანგარიში ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ცქიტიშვილი წინასწარ გვეუბნება, რომ მართლმსაჯულების პროცესებზე პოლიტიკური კვალი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც ძალიან მკაფიო და მუქია.

13 მაისს, პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული შეხვედრების განახლებას გეგმავს საერთაშორისო წნეხით დაიმედებული ოპოზიციური ერთობა. ისინი ერთმანეთს ტრადიციულად "ლეიბორისტული პარტიის" შეხვდებიან. იგეგმება ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG