Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტი: რას ცდილობს ხელისუფლება?


ხელისუფლება აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვალდებულებების შესრულებას აგვიანებდა და მას მილიონობით დოლარის პირგასამტეხლო აპატია. ეს ინფორმაცია სრულიად ახალია კონსორციუმისთვის, რადგან ჯარიმის საკითხი სახელმწიფოს მასთან არასოდეს განუხილავს. ამასთან, კონსორციუმში აცხადებენ, რომ - მათ მიერ მოთხოვნილი ცვლილებების სანაცვლოდ, ცვლილებებს სახელმწიფოც ითხოვდა. შეუსრულებელ ვალდებულებებზე ლაპარაკი ხელისუფლებამ TBC ბანკთან დაკავშირებული ხმაურიანი მოვლენების კვალდაკვალ დაიწყო.

ვალდებულებების არითმეტიკა და კონტექსტი

„ინვესტორს ჯამში ეპატია დაახლოებით 11,5 მილიონ აშშ დოლარის პირგასამტეხლო“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოითხოვა 40-ზე მეტი ცვლილება და გაფორმდა 10 შეთანხმება. ამბობენ, რომ გადავადდა და, რიგ შემთხვევებში, არაერთხელ გადავადდა, მაგალითად:

  • ტექნიკურ-ეკონომიკური და სხვა საპროექტო კვლევების დასრულება;
  • სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლა;
  • სრული ფინანსური დახურვისა და ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადები.

პროექტის სირთულიდან გამომდინარე გარკვეული ვალდებულებების გადავადება მართლაც რომ მოითხოვეს, ამას ადასტურებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.

თუმცა როგორც კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ვალდებულებების გადავადებას არანაკლები აქტიურობით ითხოვდა სახელმწიფოც და ეს ძირითადად პორტისთვის მიწების გამოსყიდვის პროცესს უკავშირდებოდა.

  • „ვიღაცამ რაღაც რომ გაპატიოს, ჯერ უნდა დაგაჯარიმოს“;
  • „ჩვენ ამ დროის მანძილზე არცერთი თეთრით არ ვყოფილვართ დაჯარიმებული“;
  • „იმის გამო, რომ ფინანსური დახურვა გადავადდა, მშენებლობის პროცესი რომ არ დაგვიანებულიყო, კონსორციუმმა წინმსწრებად დახარჯა ათეულობით მილიონი დოლარი“;
  • „რამდენი ცვლილებაც ჩვენ მოვითხოვეთ, იმდენი გადავადება თავად მთავრობამ მოგვთხოვა“;
  • „ვთვლი, რომ ეს უფრო საქმიანი სამუშაოა და არ არის გარეთ გამოსატანი, მაგრამ თუკი გვინდა, რომ ობიექტურები ვიყოთ, ეს ასეა“.
ლევან ახვლედიანი უარყოფს პირგასამტეხლოს პატიებას
please wait

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დათვლით, „საინვესტიციო ხელშეკრულებაში, მთლიანობაში, მთავრობის მოთხოვნით და მის სასარგებლოდ შეტანილ იქნა ცვლილების 13 პუნქტი, მათ შორის გადავადებების შესახებ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სასარგებლოდ კი, ამავე ხელშეკრულებაში შევიდა 16 პუნქტი“.

სამუშაო დეტალების გარეთ გამოტანა

მას შემდეგ, რაც TBC ბანკთან დაკავშირებული ხმაურიანი მოვლენები ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემას დაუკავშირა და საკითხმა მწვავე პოლიტიკური დებატების ჭრილში გადაინაცვლა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონსორციუმის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე დაიწყეს ლაპარაკი.

დაპირება, რომ ყველაფერი გასაჯაროვდებოდა, „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც დადო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ 2014 წლიდან დღემდე კონსორციუმმა 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თუმცა სამინისტროს განცხადებით, მას „არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა თანხა იქნა ინვესტირებული პროექტში უშუალოდ საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ - 2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე“.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ დახარჯული 70 მილიონი დოლარი ხარჯების ვრცელი ჩამონათვალის ჯამია:

  • 2016 წლის ბოლოსათვის, მხოლოდ პროექტის განვითარებისა და საჭირო ტექნიკური თუ იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებისთვის, კონსორციუმს ინვესტირებული ჰქონდა 3 მილიონი დოლარი;
  • ანაკლიის სანაპიროზე სრულად გაიწმინდა 110 ჰექტარი, მოიხსნა ჰუმუსოვანი ფენა, აშენდა 1.5 კმ-იანი წყლის არხი. სამუშაოები შესრულდა ქართული კომპანია „ბლექ სი გრუპი“-ის მიერ;
  • ჰოლანდიური კომპანია Van Oord- ის მიერ შემოყვანილმა გემმა „ათენამ“ შეასრულა ზღვის ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები - ზღვის ფსკერიდან ამოტუმბა 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა და განათავსა ნაპირზე;
  • Van Oord-მა დაამონტაჟა სპეციალური წყლის დრენაჟები 110 ჰექტარ ტერიტორიაზე, რათა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის წყლისგან გამოთავისუფლება. ვერტიკალური დრენაჟების სიგრძეა 3500 კილომეტრი.
  • კომპანია Berger ABAM ახორციელებს პროექტის დეტალურ დიზაინს, რომლის უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია და სულ მალე წარედგინება სახელმწიფოს.
  • მომზადდა 19 სხვადასხვა ტიპის კვლევა, რომელიც წარმატებით იქნა დადასტურებული სახელმწიფოს მიერ.

ხელისუფლება ცდილობს, რომ TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გახსენებასთან და მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებული ხმაური მკვეთრად გამიჯნოს ანაკლიის პორტისგან. თუმცა ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელმაც დარტყმა მიაყენა ანაკლიის პორტის ინვესტორის იმიჯს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შედიან:

  • TBC Holding-ი (საქართველო),
  • Conti International-ი (აშშ),
  • SSA Marine-ი (აშშ),
  • British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია),
  • G-Star Ltd-ი (ბულგარეთი).

ისედაც უამრავ შეკითხვასა და პორტის დამფინანსებლების დაფრთხობის საფრთხეს ახლა უკვე ხელისუფლებამ დაამატა აქტიური ლაპარაკი კონსორციუმის მიერ ვალდებულებების არშესრულებასთან დაკავშირებით. რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს?

რა აქვს ჩაფიქრებული სახელმწიფოს?

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ გარკვეული გადავადებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი მოესწროს და ანაკლიის პორტმა პირველი გემები 2020 წლის ბოლოს მიიღოს. პორტის პირველი ფაზისთვის სულ საჭიროა 620 მილიონი დოლარი.

კონსორციუმში ამბობენ, რომ თანხა სრულად არის მობილიზებული.

ოთხი მსხვილი საერთაშორისო ბანკი მზად არის, რომ ჯამში 400 მილიონი დოლარის სესხი გამოყოს, თუმცა ისინი რისკების დაზღვევის დამატებით გარანტიებს ითხოვენ. ხელისუფლებას მათ გაუგზავნეს 8-პუნქტიანი მოთხოვნები, მათ შორის არის - ტვირთბრუნვის გარანტიის მიღებაც.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფოსთვის ეს დამატებითი, წინასწარ გაუთვალისწინებელი ვალდებულებების აღებას გულისხმობს:

  • სახელმწიფოს მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა;
  • პორტის განვითარების ფაზების ახლებური რეგულირება;
  • საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;
  • ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ კრედიტორების რისკის დაზღვევა.

კონსორციუმში კი განმარტავენ, რომ ავტორიტეტიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სახელმწიფოს იმ რისკების დაზღვევას სთხოვენ, რომლებიც ძირითადად ქვეყნის სტაბილურობისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს საერთო პრინციპებიდან გამომდინარეობს. ვინც იხდის დიდ ფულს, მას აინტერესებს:

  • ეკონომიკურ სტაბილურობა;
  • პოლიტიკური უსაფრთხოება;
  • სატარიფო პოლიტიკის მდგრადობა;
  • მშვიდი გარემო.

ტვირთბრუნვის დაზღვევის შესახებ კონსორციუმში აცხადებენ:

  • „ეს არ არის სახელმწიფო გარანტია პროექტისთვის. ამ მოთხოვნის მიხედვით, მთავრობას აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, გადაიხადოს სესხი რისკის დადგომის შემთხვევაში და თუ ამ უფლებას არ გამოიყენებს, შეუძლია პროექტი თვითონ გადაიბაროს“;
  • „ამ გარანტიის მიხედვით, რისკის დადგომის შემთხვევაში, მთავრობის მიერ დაფარული სესხის ნაწილს კონსორციუმი სამომავლო შემოსავლებიდან დაუბრუნებს“;
  • „კონსორციუმის აქციონერები საკუთარ თავზე იღებენ მთავარ რისკს და ვიდრე სრულად არ მოხდება სასესხო თანხების გასტუმრება, მანამდე აქციონერები დახარჯულ თანხებს ვერ ამოიღებენ“.

საფინანსო ინსტიტუტებთან 8-პუნქტიან მოთხოვნასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პირველი რაუნდი 8 თებერვალს გაიმართა. სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო განაგრძობს ბანკებთან მოლაპარაკებას და სურს, რომ მოხერხდეს შეთანხმება „ურთიერთსასარგებლო პირობებზე“.

თუკი ეს მართლაც ასეა და მონდომება გულწრფელია, მაშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში უკვირთ, თუ რატომ ლაპარაკობს ალტერნატიულ გზებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ჯერ ხომ მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

17 მარტს, მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში განაცხადა, რომ ანაკლია აუცილებლად აშენდება და რომ "დაფინანსების ნაწილში ბევრი ალტერნატივაა ამ თემასთან დაკავშირებით“. მინისტრმა დაასახელა ორი ალტერნატივა:

  • „ალტერნატიული, ახალი კონკურსის გამოცხადება ისეთი ახალი ინვესტორის მოსაზიდად, რომელსაც ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაფინანსება მოიზიდოს ამ პროექტისთვის“;
  • „მეორე ალტერნატივაა, რომ სახელმწიფომ თავად ააშენოს ეს პორტი“.

სახელმწიფოს ვალდებულებები

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნათა შორისაა ასევე 2020 წლისთვის პორტამდე გზისა და რკინიგზის მიყვანა, რაც სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებაა.

თუმცა რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით გამოცხადებული კონკურსი უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა. უწყებაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ბოლო კონკურსი თებერვალში გამოცხადდა და გამარჯვებული სავარაუდოდ მარტში გამოვლინდება.

სახელმწიფოს წვლილი ჯერჯერობით მხოლოდ მიწის ნაკვეთების გადაცემით შემოიფარგლება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაში სახელმწიფომ 58.6 მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, მთელი ტერიტორია გაშენებული, წარმატებული პორტიანად 52 წელში ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდება.

ჯერ არ მოსულა ანაკლიის პორტის მიერ გრძელვადიანი (22 წლიანი) სუბორდინირებული 100 მლნ აშშ დოლარის იმ სესხის ათვისების დრო, რომელიც მას საპარტნიორო ფონდმა გამოუყო.

ეს არის ძვირადღირებული სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც, წინასწარი შეთანხმებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთზე 2,5 %-ით მეტი უნდა იყოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG