Accessibility links

ანა კასრაძე ახალი კორონავირუსის სტატუსზე საქართველოსა და მსოფლიოში


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვას - რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა? „ამაში არარეალური არაფერია. რა თქმა უნდა, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა, ყველაფრისთვის ვემზადებით. არის ალბათობა იმის, რომ დავადასტუროთ შემთხვევა საქართველოში. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად შევაჩეროთ მისი გავრცელება: ხდება იდენტიფიცირება მისი ახლო კონტაქტების, ანუ იმ ადამიანების, ვინც მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ ამ პირთან. დადასტურებულია, რომ შემთხვევების 64% მსოფლიოში წარმოადგენდნენ სწორედ ახლო კონტაქტებს, ანუ გავრცელდა ერთ ოჯახში ან სხვა გარემოში მჭიდრო კონტაქტით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამაში დაგვეხმარება სწორედ ის სხვადასხვა უწყება, რომელიც ჩართულია შესაბამისი განკარგულებით საბჭოში, ახლო კონტაქტების იდენტიფიკაციაში, იქნება ეს ოჯახის წევრი თუ სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც მასთან 15 წუთზე დიდხანს მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა და შემდგომ ამ კონტაქტების იდენტიფიცირებით, იზოლირებით და მათზე დაკვირვებით ჩვენ ეს ჯაჭვი უნდა შევაჩეროთ. ამიტომ ვთხოვთ მოსახლეობას, პირველივე სიმპტომის გამოვლენის ან რისკის არეალში მოგზაურობის შემთხვევაში მიმართონ ექიმს, შეგვატყობინონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება და გადაცემის ეს ჯაჭვი შევაჩეროთ“. ანა კასრაძე აგრეთვე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის დადასტურების შემთხვევაში შეიცვლება შესაბამისი უწყებების რეკომენდაციებიც: “პანიკა ხელს უშლის სიფრთხილეს. ჯობია ვიყოთ ფრთხილად და მივყვეთ რეკომენდაციებს, ვიდრე ჩავვარდეთ პანიკაში. მოვუწოდებდი ყველას, რომ დაეყრდნონ მხოლოდ სანდო წყაროდან მიწოდებულ რეკომენდაციებს, რადგან არსებობს ბევრი მითი როგორ უნდა დაიცვან თავი (ცხვირის სპირტით გამორეცხვა და ნიორის ჭამა და ა.შ.). დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არიან უწყებები, რომლებიც ამ რეკომენდაციებზე განცხადებებს გააკეთებენ სანდო წყაროებზე დაფუძნებით. ...თუ დაფიქსირდება ქვეყანაში შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მოწოდებები შეიცვლება და შესაბამისი ქმედებებიც განხორციელდება. ...ალბათ, მოსახლეობას ასეთი შთაბეჭდილება აქვს, რომ არ ვემზადებით. ეს ასე არ არის. ქვეყანაში არსებობს განსაკუთრებულ სიტუაციებზე შესაბამისი რეაგირების გეგმები და მათ მიხედვით გავყვებით შესაბამის ქმედებებს“. NCDC-ს წარმომადგენელი თვლის, რომ საზღვრების სრული ჩაკეტვა წარმოუდგენელია, თუმცა, აცხადებს, რომ ირანიდან სახმელეთო გზით მომავალი მგზავრები არაერთგზის სკრინინგს გადიან: „მოდით, შევთანხმდეთ, რომ ვერ ჩავკეტავთ საზღვრებს და ვერ შევზღუდავთ ყველა ქვეყნიდან მიმოსვლას. საზღვრებზე შეზღუდვა არის ერთ-ერთი შემაკავებელი ღონისძიება და არ არის ასპროცენტიანი გარანტია იმის, რომ ქვეყანაში შემთხვევა არ დაფიქსირდება. რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, იქ გაძლიერებული სკრინინგია ირანიდან შემოსული მგზავრების. ესარის სომხეთის, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი გადაწყვეტილება, რადგან ირანიდან მომავალი მგზავრი გადის რომელიმე ერთ-ერთ ქვეყანას, სადაც ასევე გადის სკრინინგს, შემდეგ შემოდის საქართველოში, სადაც ასევე გადის სკრინინგს“. ანა კასრაძე ახალ კორონავირუსზე საუბრისას 24 თებერვალს თბილისი-ბათუმის მატარებელში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო: “დაავადება არ უნდა გავაიგივოთ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან. შემთხვევები არის ევროპაშიც, ირანშიც და ა.შ. . სამწუხაროა, რომ სტიგმის და დისკრიმინაციის ფაქტები ხდება და ალბათ, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა, არ დავკარგოთ ჰუმანურობა და მსგავსი ფაქტები ავრიდიოთ თავიდან“. „დილის საუბრების“ სტუმარი განმარტავს მთავარ მიზეზს, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის გავრცელებას მაღალ საფრთხედ აფასებს: „ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, როგორც აღმოჩნდა, არის ის, რომ საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. შესაძლებელია, ლეტალობა აქვს დაბალი - 2,3%, გავრცელების ტემპია მაღალი, თუ შევადარებთ წინა კორონავირუსებით გამოწვეულ ეპიდემიებს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განისაზღვრა, რომ გლობალურად რისკი არის

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG