Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი - იურისტი


კვირა, 3 ივნისი

ადამიანების უმეტესობისთვის კვირა დასვენების დღეა - ჩემთვის, დიდი ხანია, ასე არ არის. ხშირად იმიტომ, რომ თუ კვირის განმავლობაში რამის გაკეთება ვერ მოვასწარი, - წაკითხვა, დაწერა, მომზადება, - ეს დღე მაქვს სათადარიგოდ შემონახული.

ბოლო დროს კი ამ ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემი ორი შვილია, დატვირთული გრაფიკი ახლა მათ საჭიროებებს უნდა მოვარგო. ამიტომ ჩემთვის კვირა ზოგჯერ უფრო დამღლელია, ვიდრე სხვა დღეები.

ორშაბათი, 4 ივნისი,

დილა 7-ზე იწყება. ახალ ამბებს ვუსმენ. მეტროს თანამშრომლებმა დაანონსებული გაფიცვა დაიწყეს. უფრო სწორად, დასვენების დროს აქციაზე დგომისა და შიმშილობისგან დასუსტებულებმა, სამუშაოზე გასვლა ვეღარ შეძლეს.

უცნაური ქვეყანა ვართ: ჩვენ გვყავს სასამართლო, რომელიც ადამიანებს ეუბნება, გაფიცვის უფლება კი გაქვთ, მაგრამ სამუშაო დროს არა, დასვენების დროს უნდა გაიფიცოთო; ჩვენ გვყავს ქალაქის არჩეული ხელისუფლება, რომელიც თავისივე მოქალაქეებს, რომლებმაც უფლებების დასაცავად შიმშილობაც კი დაიწყეს, კიდევ იქით ემუქრება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით.

ლაზარეს ბაღის ჩანთას ვულაგებ და, ტრადიციულად, ვეკითხები, რისი ჩაცმა უნდა დღეს. მთხოვს, დახეული ჯინსის შარვალი ჩავაცვა. თითქმის ყოველდღე ამას მთხოვს. ლამაზიაო, მეუბნება. ვგრძნობ, რომ ჩემი ორი წლისა და ცხრა თვის შვილი უკვე დახეული ჯინსების თაობის წევრია და მიხარია.

სამსახურში დაძაბული დღეა. გასულ კვირას დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყო: შვილმკვდარი მამა ეძებს სამართალს, მის მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირება კი ნაკლებად ჩანს. რაც მეტად იგვიანებს პასუხი, მით მეტად შიშვლდება სისტემა!

მთელი დღე სასახლეში ვართ, პრეზიდენტთან. ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს და ემოციებს, საღამოსკენ ვიშლებით, მაგრამ ხაზზე ვრჩებით - ვითარება დაძაბულია.

გვიან საღამოს სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი. ამ გარემოში არ საუბრობენ მართლმსაჯულების სისტემის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებზე, მათ გაუსაძლის ტკივილზე, არც მეტროს მემანქანეთა პროტესტზე. აქ არც საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა აღელვებთ - ამ წრის ბავშვები კერძო სკოლებში დადიან, კერძო მანქანებით.

ვგრძნობ, რომ, ემოციურად დაღლილს, მსიამოვნებს ეს ცვლილება, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიღებ მას. ჩემთვის ხელოვნურია ეს სიმშვიდე, ეს კომფორტი იმიტომ რომ სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე რადიკალურად განსხვავებული რეალობაა: სიღარიბე, მტვერი, უიმედობა, შიში. ვხედავ ამ ორ რეალობას შორის მზარდ უფსკრულს, რომელიც მაშინებს. არ მინდა არჩევანი მქონდეს გასაკეთებელი უფსკრულის რომელ მხარეს ვიდგე ამ ორ ნაპირს შორის.

არ მინდა უფსკრული.

შინ ვბრუნდები.

ჩვენი ქვეყანა იმ მშენებარე საერთო საცხოვრებელს ჰგავს, რომლის მცხოვრებნიც გაშმაგებულნი დარბიან სართულიდან სართულზე და ცდილობენ რაც შეიძლება კომფორტულ და ლამაზ ოთახში მოკალათება დაასწრონ სხვას, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ საერთო საცხოვრებელს მყარი საძირკველი და დაცული კედლები ჰქონდეს.

სამშაბათი, 5 ივნისი

დილა ისევ ადრიანად იწყება.

ლაზარე მარიამზე გამუდმებით ეჭვიანობს და ერჩის, მაგრამ საკმარისია სხვა ოთახში იყოს და შემოესმას მარიამის ტირილი, სასწრაფოდ მიატოვებს, რასაც აკეთებს და ყვირილით მისკენ მირბის: „ნუ გეშინია, მარიამ, მე აქ ვარ, ნუ გეშინია!“

ამ დროს თან მეცინება, თან მეტირება.

გუშინ, მარიამზე მორიგი თავდასხმის გამო, ვეჩხუბე. ამის გამო გაბუტულია. კალთაში ჩავისვი, ვეფერები. თვითონ არ მეხუტება, ჯიუტობს. ბოლოს ცოტა მოლბა: „კარგი, ცალი ხელით ჩაგეხუტები“, მეუბნება.

როგორ პოულობს ემოციის გამოსახატად სიტყვებს ასე ზუსტად ასეთი პატარა?! არ ვიცი!

ლაზარეს ბაღში ვტოვებ და GIPA-ში გავრბივარ ლექციაზე. ქალაქი გადაჭედილია, სასტიკად მაგვიანდება, მაგრამ ჩემი სტუდენტები მაინც მელოდებიან. აქ ადამიანის უფლებათა სამართალს ვასწავლი. მიყვარს ჩემი დრო, რომელსაც სტუდენტებთან ვატარებ. ეს სულ სხვა თაობაა: ლაღი, გამბედავი, ფერადი.

ვფიქრობ, ჩემს საქმიანობებს შორის ადამიანის უფლებებზე საუბარში სტუდენტებთან გატარებული დრო ერთ-ერთი ყველაზე უფრო საჭირო ინვესტიციაა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ლექციის მერე ადმინისტრაციაში შევდივარ. GIPA-ში ახლახან ასოცირებული პროფესორი გავხდი და აფილირების ხელშეკრულებასაც მოვაწერე ხელი. ვსაუბრობთ მომავალი წლის გეგმებზე - რა საგნებს წავიკითხავ, რომელ კურსზე და ა.შ.

იქიდან წამოსული შევრბივარ სალონში - უნდა მოვწესრიგდე. „წესრიგში ყოფნა“ ეს ის მაგიური ტერმინია, რომელიც კომპლიმენტივით ჟღერს, მაგრამ, სინამდვილეში, საზოგადოებისა და კულტურისგან მომავალ საშინელ წნეხს მალავს ექსკლუზიურად ქალებზე. ქალი ხომ ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს: თმა, ფრჩხილი, მაკიაჟი, მშვიდი სახე, ქუსლიანი ფეხსაცმელი, თავდაჯერებული განწყობა. მერე რა, რომ ბავშვს კბილი ამოსდის დ ამის გამო მთელი ღამე არ უძინია, დილით მაინც ყოჩაღად უნდა წამოხტეს და წესრიგში იყოს. მერე რა, რომ დილით მარტო საკუთარი თავი კი არა, ბავშვებიც უნდა მოამზადოს, სუფთად, ლამაზად, ბაღში ან სკოლაში დატოვოს და მერე სამსახურში გაიქცეს - თანაც, არ დააგვიანდეს. მერე რა, რომ როგორც ახლახან მეცნიერებმა დაადგინეს, დედობა 2,5 ჯერ სრული დატვირთვის სამუშაოს უდრის, ეს მის ოფიციალურ დამსაქმებელს სრულებითაც არ აინტერესებს და თავისი წილი სამუშაოს ზედმიწევნით კარგად და დროულად შესრულებას ითხოვს. რაც უნდა კარგად იმუშაოს დედამ, სამსახურში მაინც ეჭვით უყურებენ, რადგან დედაა, და ეჭვით უყურებენ სახლშიც - არის თუ არა ისეთი კარგი დედა, როგორიც უნდა იყოს, ის ხომ სამსახურთან ყოფს შვილების დროს?! ძალიან ბევრ ქალს კიდევ უფრო მძიმედ აქვს საქმე: არ უყვარს სამსახური, სადაც მუშაობს, მაგრამ იძულებულია ისევ შვილების გამო გააკეთოს ეს საქმე; არ უყვარს სახლი, სადაც ცხოვრობს, მაგრამ იძულებულია შვილების გამო იცხოვროს იქ და ა.შ. და ა.შ.

თუ ქალი ხარ და შენი სამსახურის გამო საჯაროდ უნდა ჩანდე, ეს ორმაგად უფრო რთულია, რადგან კიდევ უფრო წესრიგში უნდა იყო. რაც უნდა ჭკვიანური და გონივრული რამ თქვა თუ გააკეთო, შემფასებელთა დიდი ნაწილი მაინც შენს ჩაცმულობაზე გააკეთებს აქცენტს ან იმ ზედმეტ კილოგრამებზე, რომელიც ფეხმძიმობის შემდეგ შემოგრჩა ან, სულაც, მიდრეკილი ხარ წონისკენ და კი, შენც იცი, რომ უნდა მოიცილო, მაგრამ ვერ იცილებ ქაოსური ცხოვრების წესის გამო;

თუ ზედმეტი წონა არ გაქვს, შენს დაღლილ სახეზე გააკეთებენ აქცენტს, რომელიც ჩვილის რეჟიმით დარღვეული ძილისგან იმდენად გამოფიტულია, რომ მაკიაჟშიც აღარ იმალება; თუ აქაც გადარჩი, უბრალოდ, საყურეს დაგიწუნებენ, რომელიც არაადეკვატურად მოკლე ან არაადეკვატურად გრძელია.

სამაგიეროდ, მამაკაცს, რომელიც შენსავით საჯარო სივრცეში ტრიალებს, არავინ გააკრიტიკებს ცხვირამდე ასული ღიპის გამო, რომელიც ბავშვის გაჩენის კი არა, გაუთავებელი ქეიფისა და დროსტარების გამო წამოასკუპდა; არავინ დაუწუნებს პიჯაკის ფერს ან მატერიას და თუ მაინც გააკრიტიკებს, საბოლოოდ, ეს ისრები მაინც მისი ცოლისკენ წავა, რომელიც, ალბათ, ქმარს „სათანადოდ არ უვლის“.

გინახავთ სადმე, ვინმემ მამაკაცს უთხრას, „გაჭაღარავება გეწყება და თმა უნდა შეიღებო“ ან „მელოტი ხარ და თმა უნდა გადაინერგო, ეკრანზე ცუდად ჩანხარო“? - არა! ჩვენ მხოლოდ ქალებს შეიძლება ვურჩიოთ ან, სულაც, მოვთხოვოთ, რომ შეიცვალონ, იმიტომ რომ არ გვინდა ისინი ისეთებად მივიღოთ, ვაღიაროთ და დავაფასოთ, როგორებიც არიან.

შუადღისას სასახლეში პრეზიდენტი და პირველი ლედი ტოჩინოშინს მასპინძლობენ. ალბათ, ყველა ქვეყანაში სიხარულით და სიამაყით შეხვდებოდნენ წარმატებულ თანამემამულეს, მაგრამ ჩვენთან მაინც სხვაა. ჩვენ ხომ საშინელი შიმშილი გვაქვს სიხარულის, წარმატების. ამიტომ ჩვენთვის გამარჯვების ყოველი ამბავი და ამ გამარჯვებაში თუნდაც პასიური თანამონაწილეობის შეგრძნებას სხვა ფასი აქვს.

ტოჩინოშინთან შეხვედრის დროს ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია მისმა დაბალ ხმაზე საუბარმა, სმენა დამეძაბა. მერე გავიგე, რომ ხმადაბლა საუბარი იაპონური კულტურის ნაწილია. წარმოიდგინეთ ქართველი მამაკაცი, თანაც ამოდენა, დევივით კაცი, და მშვიდ, დაბალ ხმაზე მოსაუბრე!

თუ ამ გამორჩეულ შეხვედრას არ ჩავთვლით, სამსახურში რუტინული დღეა: წერილები, კანონპროექტები, შიდა შეხვედრები, განხილვები.

საქართველოში საკანონმდებლო პროცესი ქაოსურია. რეფორმები ბოლომდე გააზრებული, დათვლილი და დაგეგმილი არ არის. ეს კარგად ჩანს კანონპროექტებსა და მათ განმარტებით ბარათებში. მოკლედ, საკანონმდებლო პროცესიც ისეთივეა, როგორიც, ზოგადად, ქვეყანა, ან იქნებ იმიტომაა ქვეყანა ასეთი, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკის განმსაზღვრელი პროცესი გვაქვს ასეთი - ქაოსური, დაუსაბუთებელი და გაუმართავი?

სახლში დაბრუნებულს დედა მხვდება - ქუთაისიდან ჩამოვიდა, ცოტას მაინც მოგეხმარებიო. სამზარეულოში ფუსფუსებს, კვლავ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე უსმენს სიუჟეტებს და თავისთვის ოხრავს: კიდევ რამდენი, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა ჩაეშენოს ცოცხლად ზურაბივით ამ ქვეყნის მშენებლობას და როდის აშენდება ეს დალოცვილი....

ფიქრებში მივდივარ, თანდათან ვგრძნობ, რომ სიმძიმე მიპყრობს. თითქოს პირადად არაფერი მაწუხებს ახლა, ამ წუთებში, მაგრამ ფიქრები ლოდივით მაწევს და წყლის ზედაპირზე ცურვით ტკბობის საშუალებას არ მაძლევს, ქვემოთ მექაჩება და ნელ-ნელა თითქოს მახრჩობს.

უცებ რყევას ვგრძნობ - შიში მიპყრობს - მიწისძვრაა!

მაგრამ გიო ჩემს გვერდითაა და ვმშვიდდები. ბავშვებთან ერთად ეზოში ჩავდივართ.

გადავრჩით.

ოთხშაბათი, 6 ივნისი

მზიანი დილაა, მშვიდი. მიწისძვრის შემდეგ ასეთი დილა ორმაგად ლამაზი გეჩვენება. როცა სხეულის ყველა უჯრედით აცნობიერებ, რომ წამებში შეიძლება დაკარგო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ის დაბალი ზღვარიც კი, რომელიც ამ ქვეყანაში გაქვს, ბევრ რამეზე სხვანაირად იწყებ ფიქრს.

მოვდივარ კერძო სახლებითა და ლამაზი ეზოებით სავსე ქუჩაზე და ვცდილობ თითოეული წამით დავტკბე - სითბო, სიმწვანე, სიმშვიდე და სილამაზე. კიდევ როდის მექნება ეს ყველაფერი ერთად!

ამას წინათ უბნის ახალ მაღაზიაში შევიარე. გამყიდველმა მიცნო, გაუხარდა და თითქოს გაუკვირდა: ამ უბანში ცხოვრობთო? - მკითხა. სასიამოვნო განცდაა, როცა შენთვის უცნობი ადამიანები გცნობენ და თბილად გესაუბრებიან. ალბათ, ტელევიზორში რომ მხედავს, ფიქრობს, რომ პრესტიჟულ უბანში უნდა ვცხოვრობდე, ძვირად ღირებულ სახლში. მე კი აქ ვცხოვრობ, არაპრესტიჟულ გარეუბანში, რომელიც ძალიან მომწონს თავისი სიმწვანით, სიმშვიდით და ზღვიდან მონაბერი ჰაერით. წლის დასაწყისში საბურთალოდან აქ გამოვექეცით ხმაურს, გადატვირთულ ქუჩებს და, ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ.

სამსახურში მოსულს ტრადიციული საქმეები მხვდება. ვეცნობი ჩემს სახელზე შემოსულ წერილებს და კანონპროექტებს. მოქალაქეთა უმეტესობა თავის უსამართლო განაჩენზე მწერს და შველას მთხოვს, ზოგი საქმის ახლიდან გამოძიებას ითხოვს, ზოგი - შეწყალებას, ზოგი - კანონმდებლობის ხარვეზზე ჩივის. არ მიყვარს იმ წერილების მიღება, რომელთაც შაბლონური პასუხი უნდა გასცე - რომ ესა და ეს საკითხი შენი კანონისმიერი უფლებამოსილების სფეროს სცილდება და, სამწუხაროდ, მომმართველს ვერაფრით დაეხმარები, გარდა იმისა, რომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს გადაუგზავნო მისი წერილი რეაგირებისთვის; თანაც, გულში დიდი რწმენაც არ გაქვს, რომ ის კომპეტენტური ორგანო სწორად იმოქმედებს და პრობლემას მოაგვარებს.

ასეთი წერილების მიღება და მათზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად არ მიყვარს. ასეთ დროს თავს უმწეოდ ვგრძნობ.

წერილებს მოვრჩი. ახლა სოციალური მედიის დროა. ჩემთვის ეს გასართობი სივრცე არ არის - ბევრ რამეზე მრავლისმთქმელი და საჭირო ინფორმაციის წყაროა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ სოციალური ქსელი ბევრისთვის კომუნიკაციისა და დიალოგის ადგილი კი არა, უბრალოდ, უკონტროლო სივრცეა, სადაც საკუთარი სექტა უნდა შექმნა და განსხვავებულები კი იქიდან გარიყო და დააბულინგო. ან შეიძლება ქვეყანაშია ასე და სოციალური ქსელი ამას, უბრალოდ, ასახავს.

აქ შეიძლება ნახოთ ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით იცავენ მედიას სახელმწიფოს არაკანონიერი და საეჭვო ჩარევებისაგან, მაგრამ სასტიკად ესხმიან თანამოქალაქეებს თავს მათგან განსხვავებული აზრის გამო - განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს განსხვავებული აზრი მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება.

ასეთ დროს ხვდები, რომ კანონი და ადამიანის უფლებები ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ მოსახერხებელი ინსტრუმენტია თავისი ინტერესების გასატარებლად და არა უზენაესი ღირებულება, რომელსაც პატივს სცემ, განურჩევლად იმისა, ვის მხარესაა ის მოცემულ მომენტში. ასეთ დროს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი შენი უპირობო ერთგულებით „სასარგებლო იდიოტად“ შეიძლება იგრძნო თავი.

ჩვენში ხშირია იარლიყების მარტივად მიკვრა ერთმანეთისთვის: „ქოცი“, „ნაცი“, „ამის აგენტი“, „იმის აგენტი“. მუშაობს პროპაგანდის მანქანაც და სხვა და სხვა.

თუ ჩვენთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ, - ასე ფიქრობენ ყველგან: პოლიტიკურ ბანაკებში, რელიგიურ ჯგუფებში...

ვხედავ ამ ბანაკებს, მზარდ და ლამის გადაულახავ უფსკრულს მათ შორის. ეს უფსკრული იზრდება და იკავებს ყველაფერს - ალტერნატივისთვის არანაირი ადგილი აღარ რჩება. ეს უფსკრული გაიძულებს აირჩიო - ან ერთ ბანაკს უნდა მიეკედლო, ან - მეორეს. სხვაგვარად მთელი უფსკრულის სიმძიმე შენ დაგაწვება და გაგჭყლეტს.

ამ დღეებში სოციალურ ქსელშიც და ჩემს გარშემოც ადამიანები სვამენ კითხვას - შეუძლიათ თუ არა მათ, ვინც გუშინ სისტემა შექმნა და/ან ძალადობის ბასრი მექანიზმებით აღჭურვა ის, დღეს გულწრფელად იბრძოლონ მოძალადე სისტემის წინააღმდეგ? სამართლიანობისთვის ბრძოლაა ეს თუ ძალაუფლების დასაბრუნებლად? თუ ისინი, მართლაც, სამართლიანობისთვის იბრძვიან, აქვთ თუ არა მათ ამის მორალური უფლება? და თუ შეუძლიათ და მორალური უფლებაც აქვთ, აქვთ თუ არა მათდამი ნდობის გამოცხადების ვალდებულება და რესურსი მათ, ვისაც წარსული ახსოვს არა მხოლოდ გონებით, არამედ სხეულით - სხეულზე დარჩენილი ჯერ კიდევ ღია იარებით?

ეს იარები მათ გუშინ მიიღეს ძალადობრივი სისტემისა და მისი შემქმნელების წყალობით და ჯერაც არ მოშუშებიათ, დღეს კი ვეუბნებით - დაივიწყეო, ეს აქტუალური აღარ არისო.

აქვს საზოგადოებას და სახელმწიფოს უფლება ამ ადამიანებს მოსთხოვოს თავისი ტკივილის დავიწყება და იმ სხვა ადამიანების პატიება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პატიებას არც არავინ ითხოვს მაინცდამაინც?

ამ კითხვების ხმამაღლა და საჯარო სივრცეში დასმის გეშინია არა იმიტომ, რომ თავს დაგესხმებიან, წარსული რატომ გაიხსენეო (რასაც იცი, რომ გააკეთებენ), არამედ იმიტომ, რომ დღევანდელი პროპაგანდისტული მანქანა მას სათავისოდ გამოიყენებს და არა იმ მიზნებისთვის, რისთვისაც შენ ფიქრობ, რომ ამ კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია.

მაგრამ ამ კითხვების არდასმაც არ გამოდის, ეს სირაქლემის პოზიციაში ჩადგომა იქნება.

უფსკრული კი გაწვება, გაწვება, რომ გაგჭყლიტოს.

ხუთშაბათი, 7 ივნისი

ჩვენი ძიძა ავადაა, დღეს ვერ მოვა. სახლში ვრჩები, მარიამთან.

ტელევიზორით ვეწევი მიმდინარე მოვლენებს. მედიაში კვლავ ტრიალებს კადრი, როცა ზაზა სარალიძე თავს ურტყამს და ხელით აჯანჯღარებს პროკურატურის ჭიშკარს. მერამდენედ ვუყურებ ამ კადრს და მერამდენედ ვფიქრობ: ჩვენ რომ გონიერი და წინდახედული საზოგადოება ვიყოთ, ახლა ყველა ერთად, დარაზმულები, უნდა ვიდგეთ და ვაჯანჯღარებდეთ განათლების სამინისტროს კარებს და ვითხოვდეთ ცვლილებებს იქ (არამხოლოდ სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლოში)!

ვფიქრობ რეფორმებზე, რეფორმებზე სასამართლოში, პროკურატურაში, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რეფორმებზე, რომელთა მოთხოვნასა და მომზადებაში ჩემი ცხოვრების ბოლო 4 წელი გავიდა. ეს რეფორმები რომ გატარებულიყო, ახლა ეს კრიზისი არ იქნებოდა. აქციებზე, სადაც ამ რეფორმებს ვითხოვდით, მეტი ადამიანი რომ მდგარიყო, იქნებ ეს რეფორმები მაშინ უკეთესი მიმართულებით წასულიყო და დღეს შვილმოკლული მამის ეს შემზარავი კადრები არ გვენახა.

მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომ სისხლის დანახვა გვჭირდება განგაშის ასატეხად.

ხშირად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიმართლეს თვალი არ გავუსწოროთ, იმიტომ რომ სიმართლე ულამაზოა და ცვლილებას ითხოვს, ცვლილება კი - შრომას, ხოლო ადამიანი, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა მოქალაქე, ზარმაცი არსებაა, მას ხომ ათწლეულები მთელი სისტემა წვრთნიდა იმისათვის, რომ არხეინ მოქალაქედ ჩამოყალიბებულიყო, ან შიშით ყოფილიყო შეჩერებული, ან - სიზარმაცით.

რასაც ახლა სოციალურ ქსელში ვხედავ, მზარავს. სადამდე მივედით! მოკლულ ბავშვს თავს ვამართლებინებთ, რომ არ იყო მოძალადე, კარგი ბავშვი იყო, სხვების დამხმარე და არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს. სადამდე მივედით და საით მივდივართ?!

ყველაფერთან ერთად ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მაფიქრებს როგორც დედას, როგორც მშობელს - რა უნდა ასწავლო შენს შვილს, როგორ უნდა გაზარდო ის? თუ ეტყვი, რომ სუსტი უნდა დაიცვას და გაჭირვებულს დაეხმაროს, ამით შეიძლება მის უსაფრთხოებას და სიცოცხლესაც კი შეუქმნა საფრთხე. თუ ეტყვი, რომ მხოლოდ საკუთარი ცხვირის წინ გაიხედოს და სხვაზე არაფერზე იფიქროს, მის ადამიანად ჩამოყალიბებას შეუქმნი საფრთხეს.

ღმერთო, დამეხმარე, გამინათე გონება!

პარასკევი, 8 ივნისი

კონფერენციაზე მივდივარ, სადაც საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სასამართლოს მოწყობის საკითხებზე მსჯელობენ. თანდათან საუბრები იმას ემსგავსება, სახლის მცხოვრებლები და მოწვეული სპეციალისტები რომ კამათობდნენ, როგორ ააგონ კიბე, რომელიც მეორე სართულს მესამესთან დააკავშირებს: ეს უნდა იყოს მრგვალი თუ ოთხკუთხედი მოყვანილობის, მაშინ როცა სახლს საძირკველი აქვს მონგრეული, სახურავიდან კი გამუდმებით ჩამოდის წყალი!

საღამოს ეთერში ვარ, „რეალურ სივრცეში“. მიყვარს მათთან სტუმრობა. ისეთი განცდა გაქვს, მივარდები დამძიმებული, გაგიჟებული, შეშინებული რაღაც დიდი დილემისაგან და მერე თანდათან, წამყვანი და სტუმრები, ყველა თავისი კუთხიდან და ცოდნის სფეროდან - დაშლით და დაანაკუწებთ ამ დილემას - სახელს დაარქმევთ, მიზეზს ზედაპირზე ამოიტანთ, მოგვარების შესაძლო გზებს დასახავთ; და, აი, ასე, თვალსა და ხელს შუა დილემა პირდაპირ ეთერში მცირდება, ფერმკრთალდება, უკან იხევს და შენ დგახარ - ცოდნით შეიარაღებული, თანამოაზრეების არსებობით შეგულიანებული და სამოქმედოდ გამზადებული.

ესაა მედიის როლი და ამიტომ ვიცავდი და ყოველთვის დავიცავ მედიას. ვიცი, რომ მის გარეშე დემოკრატიას სასუნთქი გზა გადაეკეტება და ისე მოკვდება, დაყვირებასაც ვერ მოახერხებს.

ეთერის შემდეგ ცოტა კიდევ ვყოვნდებით სტუმარ-მასპინძლები, ერთმანეთს ვესაუბრებით, აზრებს და სიყვარულს ვუზიარებთ. მირეკავს გიო. აფთიაქში უნდა გამევლო და რაღაცები მეყიდა, მაგრამ მთხოვს, რომ რაც შეიძლება მალე მივიდე - ორივე ბავშვი მარტოს ჰყავს დატოვებული და ვხვდები, უკვე გააგიჟეს.

სახლისაკენ გავრბივარ.

შაბათი, 9 ივნისი

დღეს დღიურის წერის ბოლო დღე მაქვს. მინდოდა სალონში წასვლა, „მოწესრიგება“, მაგრამ ვერ მოვახერხე. შეიძლება ასე ჯობდეს - უფრო მე ვიქნები.

გიო მთელი დღე ჩემს გვერდითაა. ვინაწილებთ სახლის შრომას, მიმდინარე მოვლენებზე ნერვიულობას, ბავშვებთან თამაშით მოგვრილ სიამოვნებას. მეუბნება, რომ სალონში მოწესრიგების გარეშეც ლამაზი ვარ და არ ვიღელვო.

ჯერ რადიოში უნდა წავიდე, მერე - პირდაპირ ეთერში ისევ ხორავას ქუჩაზე მომხდარსა და გამოსავალზე სასაუბროდ. ხვალიდან აქციების განახლება იგეგმება რუსთაველზე.

მივდივარ რადიო თავისუფლებაში. ცოტას ვნერვიულობ, ჩემი ცხოვრების ერთი კვირა უნდა გავასაჯაროო - ჩემი სულის ნაწილი.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:18:14 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG