Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ზვიაგინცევის ნელი ტრაგედია


რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი „განდევნა“, 2007 წელი.
რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი „განდევნა“, 2007 წელი.

პუტინის მედია ისე გამოეხმაურა ანდრეი ზვიაგინცევის დაბადების დღეს (6 თებერვალს რუსი კინორეჟისორი 60 წლის გახდა), როგორც საბჭოთა პრესა ანდრეი ტარკოვსკის იუბილეს, რომელიც „ნოსტალგიის“ გადაღების დაწყებას და იმ დროის პირველი რუსი რეჟისორის ემიგრაციას დაემთხვა.

„განდევნა“ (2007, რუსეთი, რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი)

ფაქტი აღნიშნეს, თუმცა შეფასებებისგან თავი შეიკავეს. თავის დროზე გაუჭირდათ ტარკოვსკის წაშლა საბჭოთა კინოს ისტორიიდან. ახლა ადვილად ვერ ელევიან ზვიაგინცევს - ყველაზე ტიტულოვან რუს რეჟისორს თანამედროვე მსოფლიო კინოში. იუბილეებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ეს ორი ავტორი („ორი ანდრეი“). თუმცა ზვიაგინცევმა კარგა ხანია გადალახა თავის მიერ არჩეული „მეურვის“ გავლენა. „ელენას“ შემდეგ, ჯერ „ლევიათანში“, შემდეგ კი „არსიყვარულში“, ზვიაგინცევი ავლენს უნარს, არ გავიდეს ხელოვნების საზღვრებიდან მაშინაც კი, როცა ძალიან ახლოსაა ქადაგებასთან. მისი პოზიცია ფორმალურ ჰარმონიაშია, რომლითაც ავტორი წაბილწულ, არაადამიანურ, უსიყვარულო სამყაროს უპირისპირდება - თავის სამშობლოს პირველ რიგში. მისი იარაღი, მისი ზნეობრივი საყრდენი მხოლოდ ესაა - კინოხელოვნება.

ზვიაგინცევის პირველ ფილმებზე ამას ვერ ვიტყვით. ვერც „დაბრუნებაზე“ (მოულოდნელად რომ გაიმარჯვა 2003 წლის ვენეციის კინოფესტივალზე) და ვერც „განდევნაზე“ , რომელიც ანდრეი ტარკოვსკის და ტარკოვსკის „მეურვის“, ინგმარ ბერგმანის შვილობილს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩამოყალიბებულ, ესთეტიკურად გამართულ, დამოუკიდებელ მხატვრულ ნაწარმოებს. „განდევნას“, მიუხედავად პრიზისა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, რომელიც კონსტანტინ ლავრენენკოს გადასცეს კანის კინოფესტივალზე, თითქმის ერთიანად შეუტია რუსულმა ლიბერალურმა კრიტიკამ. წერდნენ სცენარის გაუმართავობაზე, ყალბ დიალოგებზე, დამწყები რეჟისორებისთვის დამახასიათებელ მიმბაძველობაზე (ამას ისიც დაემატა, რომ ანდრეი ზვიაგინცევს საერთოდ არა აქვს კინემატოგრაფიული განათლება). თითქოს რეჟისორი იმდენად ვერ განთავისუფლდა ტარკოვსკი-ბერგმანის გავლენისგან, რომ გამოგონილი ქვეყანაც კი, სადაც ფილმის მოქმედება ვითარდება, სკანდინავიას დაამსგავსა.

გარემო, სადაც ვითარდება „განდევნის“ მოქმედება, ნამდვილად არ ჰგავს 2007 წლის რუსეთს. დრო აქ სრულიად აღრეულია, ისე როგორც აკი კაურისმიაკის ფილმებში. ჩაცმის სტილი, ტელეფონები ვინტაჟურ ატმოსფეროს ქმნის, თუმცა ინდუსტრიული პეიზაჟები, მანქანები ულტრათანამედროვეა. დღეს, როცა დიდი ავტორის ყველაზე წარუმატებელ, ყველაზე „ნაგინებ“ ფილმს უყურებ და, რაც მთავარია, იცი, როგორ განვითარდა, ჯერ ერთი, ზვიაგინცევის შემოქმედებითი ბიოგრაფია და მეორეც - საით წავიდა პუტინის რუსეთი, შეიძლება დაგებადოთ კითხვა - იქნებ „განდევნა“ არა გუშინდელი, არამედ ხვალინდელი რუსეთია? იქნებ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ზვიაგინცევის ფილმში, სამოთხიდან გაძევებული ხალხის ისტორიაა?

„განდევნა“ თავისებური კინომისტერიაა დაცემულ ადამიანზე, ოჯახზე, ხალხზე, ქვეყანაზე. ამბავი, რომელიც თითქმის აღარ უტოვებს გმირებს გადარჩენის შანსს. ფატალურობის და დეტერმინიზმის განცდა, დამახასიათებელი ზვიაგინცევის კინოსთვის, სწორედ „განდევნაში“ იღვიძებს განსაკუთრებული ძალით. რუსი რეჟისორის გვიანდელ ფილმებში უაღრესად პესიმისტური რელიგიური ჰუმანიზმი და ტრაგიკული კანონზომიერების იდეა იდეალურად შეეწყობა აბსოლუტურად ჰარმონიულ ფორმას. „განდევნა“ ჯერ მხოლოდ შესავალია. მაგრამ სწორედ „შესავალი“ და არა არაპროფესიონალი ესთეტის ესკიზი, როგორც ამას დღესაც კი ამტკიცებენ ფილმის ოპონენტები.

საზაფხულო სახლში, სადაც ფილმის გმირი ალექსი ცოლთან, ვერასთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებს, მყუდროება ირღვევა, როცა ვერა ქმარს გამოუტყდება, რომ მესამე შვილზეა ორსულად, მაგრამ ბავშვის მამა სხვაა. ვერას აღსარება იმის დემონსტრირებაა, რომ მას არ შეუძლია ცხოვრება „არსიყვარულის“ გარემოში. თუმცა მაყურებლის უმრავლესობისთვის მისი ქცევა მაინც გაუგებარი რჩება... უმრავლესობას არ ესმის, რას მოითხოვს ის ქმრისგან. განსაკუთრებით არ ესმით მამაკაცებს, რომელთა „არქეტიპებს“ ქმნის ზვიაგინცევი მთელი ფილმის განმავლობაში. ალექსს ძმა ჰყავს, მარკი, მისგან სრულიად განსხვავებული ხასიათით, კრიმინალური ავტორიტეტი. „განდევნაში“ ჩნდება მესამე მამაკაციც, რობერტი, მცირეოდენი გამონაკლისი იმისთვის, რომ პატრიარქალურ „მოდგმას“ საერთოდ არ გადაუსვას ხაზი რეჟისორმა. მაგრამ რობერტი შორსაა... გაუგებრობა ქმნის ტრაგედიას და, ამავე დროს, აძლიერებს მაყურებელში საიდუმლოს ამოხსნის სურვილს, ესოდენ მნიშვნელოვანს ზვიაგინცევის კინოსთვის. აკი თავადაც ამბობდა: „სიცოცხლის ფენომენი საიდუმლოა. ხელოვნების ნაწარმოებს საიდუმლოს თუ წაართმევ, საერთოდ ყველაფერს დაანგრევ ამით“.

საიდუმლოა კინოს ფენომენიც. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი აუჩქარებელია და ისეთი ჩუმი, როგორც „განდევნაში“. როცა ამას ემატება არვო პიარტის მუსიკა, იშვიათად ექსპრესიული კადრები, გამომწვევი მინიმალიზმი, მაყურებელი უბრალოდ იძულებულია ყურადღება დაძაბოს და ჩააცქერდეს ეკრანს. თუკი ეს რიტუალი არ დაეზარება და გაჰყვება ბიბლიურ ამბავს, მალევე მიხვდება, რომ „განდევნა“ ესაა ფილმი მონანიების სურვილზე, ერთგვარი ლოცვაა სამოთხიდან განდევნილებისთვის. ტრაგიკულის განცდა იქმნება მაშინ, როცა მაყურებელი ხვდება - გვიანაა უკვე. ეგ ლოცვაც ფუჭია.

როცა „განდევნაში“ ექიმი ცარიელ სახლს ტოვებს, ეკრანზე ჩნდება ზღურბლის სახე, არაერთხელ გამოყენებული კინოშედევრებში. ეს ზღურბლი, ბარიერი კულტურასა და ბუნებას, სულსა და ხორცს თუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, განსხვავებული შინაარსისაა ანდრეი ზვიაგინცევის საყვარელი რეჟისორების ფილმებში - ჯონ ფორდის ვესტერნებსა და ანდრეი ტარკოვსკის „სტალკერში“. მაგრამ ორივესთან ზღურბლი, რომლის გადალახვა სარისკოა, მაყურებელს ორმაგობის განცდას უქმნის - იდენტიფიკაციაცაა და პროექციაც. არსებითად მაყურებელი ეკრანზე თავის ორეულებს ხედავს.

„განდევნაში“ ზვიაგინცევი იმ შანსსაც კი ართმევს თავის გმირებს, რომ მაყურებელმა გაუგოს. უცნაური ეფექტი იქმნება - ვუყურებთ ტრაგედიას, მაგრამ ეკრანი არ თბება გრძნობებით. ყველაფერი ისეთი ცივია, როგორც ინდუსტრიული პეიზაჟები, როგორც პერსონაჟების მზერა, ჟესტი და სათამაშო მოზაიკად გადაქცეული „ხარება“, რომლის აწყობასაც ბავშვები ცდილობენ.

დღეს უკვე თავად ავტორი ჩამოშორდა ამ რეალობას. წავიდა ემიგრაციაში, ევროპაში, სადაც პანდემიის დროს სიკვდილს გადაარჩინეს. თუმცა საიუბილეოდ ისევ გახედა სამშობლოს, სადაც ისევ არ ესმით ვერას აღსარების, მისი წასვლის... გახედა და თქვა: „რა ელით იმათ, ვინც დღეს დარჩა თავის ქვეყანაში? იმათ არა, ვისაც არჩევანი ჰქონდა, არამედ იმათ, ვისაც საკუთარი ოჯახი არ დაუტოვებია და წასვლის გადაწყვეტილება არ მიუღია. ესენი, ისტორიის პრივილეგირებული მოწმეები, იძულებულები არიან ჩუმად იყვნენ. მე ეს მაწუხებს“.

ფილმი ინგლისური სუბტიტრებით ნახეთ აქ.

ასევე ნახეთ:
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG