Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები: მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს


„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“

„სისტემა არის ძალიან ცუდი, დესტრუქციული. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სისტემა არის გახრწნილი და ცუდი სისტემით კარგი მთავარი პროკურორის არჩევა ვერ მოხდება“, - აცხადებს ლაშა ტუღუში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენელი.

19 ივნისს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა „პროკურატურის შესახებ“ კანონში მთავარი პროკურორის არჩევის წესის შესაცვლელად. მას ოთხი ინიციატორი ჰყავს: ლაშა ტუღუში, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ნათია კუპრაშვილი და ზვიად ქორიძე. 21 ივნისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს პარლამენტს და მას კანონპროექტის „მაქსიმალურად სწრაფად“ განხილვა და მთავარი პროკურორის ახალი კანონით არჩევა სთხოვეს.

ლაშა ტუღუში ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად თვლის კონკრეტული, დროული ნაბიჯების გადადგმას: პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის არჩევის მიმდინარე პროცესის შეჩერებას და შეცვლილი წესით (რომელიც შეესაბამება კონსტიტუციაში შეტანილ, 2018 წლის ოქტომბრიდან ასამოქმედებელ ცვლილებებს) მთავარი პროკურორის არჩევას. ეს გულისხმობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩამოშორებას პროცესისგან (საბჭოში არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი). ლაშა ტუღუში ამბობს, რომ საპროკურორო საბჭოს წევრები არ უნდა იყვნენ აგრეთვე დეპუტატები. ცვლილებების არსი კი ის არის, რომ საპროკურორო საბჭოში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. „იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შეხედავს ამას კონსტუქციულად და იმედი მაქვს არა მარტო ოპოზიციის, არამედ, ცხადია, უმრავლესობისაც“, - აცხადებს ტუღუში.

ნათია კუპრაშვილი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა არ უკავშირდება იუსტიციის მინისტრის პერსონას: „ნამდვილად არ უნდა ჩაიყაროს წყალში ამდენი ხნის განმავლობაში გაწეული სამუშაო, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მიერ, რომელიც ნამდვილად ამაყობს იმით, რომ თავად გადაწყვიტა ჩამოსცილდეს გარკვეულ ნაწილს, მათ შორის პროკურატურის საქმიანობას. ამიტომ, ნამდვილად, მას პიროვნულად ეს საერთოდ არ უკავშირდება“.

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო წინადადების მომზადებაში „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებს კონსულტაციას უწევდა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. ის განმარტავს ცვლილებების არსს და თვლის, რომ „თუ დღევანდელ მმართველ პარტიაში არ გაქრა თვითგადარაჩენის ინსტინქტი, მაშინ მათ ეს უნდა გააკეთონ, თორემ კატასტროფით დაასრულებენ ყველაფერს“:

ვახტანგ ხმალაძე განმარტავს ცვლილებების არსს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:52 0:00

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეა, მთავარი პროკურორის შესარჩევი კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. საპროკურორო საბჭოს საიტზე მუდმივად ახლდება იმ პირთა სია, ვისაც სხვადასხვა ჯგუფი წარარდგენს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს. პროცესი ერთთვიანია და 4 ივლისამდე გასტანს.

5 ივნისს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის (IDFI, GDI, ISFED, “ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, საია) წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ახალი პროკურორის დანიშვნა ახალი, მიუკერძოებელი და რეფორმის ნების მქონე მინისტრის ხელმძღვანელობით მოხდეს.

საპროკურორო საბჭოს საიტზე განმარტებულია, რომ მიმდინარე კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. თითოეულ მათგანს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს, ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

21 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც განაცხადა, რომ „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტი მუშაობს და ეს პროცესი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე უნდა დასრულდეს:

„ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მოსაზრებები განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. თქვენ იცით, რომ პროკურატურის კანონზე ახლა ჩვენ ვმუშაობთ. ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. იმ ვადამდე ახალი კანონი უნდა იყოს მიღებული. ამიტომ, ღია ვართ, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ძალიან მაინტერესებს რა იდეები აქვთ. მზად ვარ, რომ ეს იდეები მოვისმინო მეც პირადად“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG