Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“არ ვთვლი, რომ რაღაც გმირული გავაკეთე“ - ინტერვიუ მედდასთან, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა


ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 45 წლის მედდა პირველია ქვეყანაში მედპერსონალს შორის, რომელსაც კორონავირუსი პაციენტისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაედო. ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი, მაშინ განმარტეს, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანმა თავის თავზე აიღო კორონავირუსით ინფიცირებული რთული პაციენტის დახმარება.

ამერიკაში მცხოვრებ 80 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეს, COVID-19-ის გარდა, სხვა თანდაყოლილი დაავადებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდა. სწორედ მას ეხმარებოდა ბათუმელი მედდა, რომელიც რადიო თავისუფლებას ამ შემთხვევის დეტალებს უყვება.

გადმოწერა

„ძალიან რთული პაციენტი იყო და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იყო ხშირი კონტაქტი მასთან. რომელ მომენტში დავინფიცირდი, არ ვიცი. სულ დაცული შევდიოდი. უარს ამბობდა საჭმელზე, წამალზე. ცდილობდა ბოქსიდან გამოსვლას და არ ემორჩილებოდა მედპერსონალს. მე ველაპარაკებოდი წყნარად და ვთხოვდი - შედი, დაგეხმარებით. რატომღაც მე მისმენდა უფრო. ერთ საღამოს მითხრა, კარგიო... აღარ შეგაწუხებო... არ ვიცი, როგორ შევძელი. ალბათ, სიტყვები გამოვნახე, რომელიც მას მოეწონა. ყველაფერში ვეთანხმებოდი და არ ვეჩხუბებოდი. ბოლოს დამშვიდდა, მაგრამ საჭმელზე მაინც უარს ამბობდა“.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს 7 დაინფიცირებულ პაციენტთან ერთად. ამბობს, რომ მას COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს. დღეს კი თავს უკეთ გრძნობს. გამოჯანმრთელებას ელოდება, რომ ჯერ სახლში მივიდეს, სადაც იზოლაციაში მყოფი დედა ელოდება. შემდეგ კი ისევ აპირებს სამსახურში დაბრუნებას.

„37 მქონდა გუშინ. დღეს დილით კი სიცხე არ მქონდა. მალე გამოვალ და გავაგრძელებ ბრძოლას. სახლში მელოდება დედა, რომელიც თვითიზოლაციაშია და მელოდებიან ჩემი ახლობლები. ყველა მირეკავს და მწერს. დიდი მადლობა ყველას ტკბილი სიტყვებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთ ყურადღებას იჩენენ ჩემ მიმართ. ყველა ძალიან მიყვარს. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“.

თავად ექთანს მადლობა არაერთმა ადამიანმა გადაუხადა. მათ შორის, ოფიციალურმა პირებმა და კოლეგებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ექთანმა „ნამდვილი გმირობა ჩაიდინა“, როდესაც რთულ ვითარებაში არ დაიბნა და უმძიმეს პაციენტს სათანადო დახმარება საკუთარი სიცოცხლის ფასად აღმოუჩინა. საქვეყნოდ გამოთქმული მადლიერების გამო თავად მედდა უხერხულობას გრძნობს და მიიჩნევს, რომ საგმირო მას არც არაფერი გაუკეთებია:

„ეს არის ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო და ყველა ადამიანი ასე მოიქცეოდა. მთელი მედპერსონალი ასე აკეთებს და ჩემზე მეტსაც აკეთებენ. ჩემ ადგილას ყველა ამას იზამდა და მე არ ვთვლი, რომ რაღაცა გმირული გავაკეთე. ყველა თანამშრომელი აქ ისეთ საქმეებს აკეთებს... თქვენ არ იცით, ჩვენ რა ექთნები და ექიმები გვყავს... ნამდვილად ესენი არიან გმირები, მე კი არა...“ - ამბობს ექთანი.

იგი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 24 წელია ექთნად მუშაობს. ამბობს, რომ ამ დროის მანძილზე კოლეგებთან ერთად არაერთ ურთულეს დაავადებასთან მოუხდა გამკლავება. ახალი კორონავირუსის შემთხვევას კი როგორც ომს ისე განიხილავს:

„24 წელი ვმუშაობ და ისეთ ეპიდემიებს მოვესწარი, მაგალითად, როგორიც დიფტერიაა. მაშინ ძალიან ვიცავდით თავს და არცერთი ექთანი ჩვენთან არ დაავადებულა. ჩვენთან ძალიან გამოცდილი ექთნები არიან. ეს კორონავირუსი ძალიან გადამდებია და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც გავძლებთ და მოვიგებთ. ეს ნამდვილი ომია. როცა ვუყურებ, მსოფლიოში რაც ხდება, მეამაყება, რომ საქართველოში ასე იბრძვიან, ყველაზე ნაკლები შემთხვევაა და ჯერ სიკვდილიანობა არ გვქონია. ყველას დიდი მადლობა, ვინც იბრძვის და ვინც გვეხმარება ამ ბრძოლაში“, - ამბობს 45 წლის ბათუმელი მედდა.

მისი თხოვნით, არ ვასახელებთ ვინაობას და არც ფოტოს ვაქვეყნებთ.

XS
SM
MD
LG