Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან კობახია: „ისეთი რეიტინგით, როგორიც პუტინს აქვს, ვერც ერთი აფხაზი პოლიტიკოსი ვერ დაიტრაბახებს“


ასლან კობახია
ასლან კობახია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები ადამიანების პასპორტიზაცია სეპარატისტული რეგიონის წინასაპრეზიდენტო კამპანიის მთავარი თემა გახდა. საუბარია ძირითადად გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების მოსახლეობაზე. პოლიტიკურ წრეებში ამ დისკუსიისა და მთლიანად კამპანიის მსვლელობის თაობაზე „ეხო კავკაზამ“ რუბრიკაში „კვირის სტუმარი“ სასაუბროდ მიიწვია აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და სოხუმის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, ასლან კობახია, რომელმაც გაიხსენა, თუ რა პრობლემები ახლდა მოსახლეობის პასპორტიზაციას და ვინ როგორ სპეკულირებს ამ თემით.

ასლან კობახია: „2013 წელს შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაცია ჩატარდა რესპუბლიკის კანონმდებლობის უხეში დარღვევით. კომისიის დასკვნას დაეთანხმა აფხაზეთის პარლამენტი, რომელიც 35 დეპუტატისგან შედგება. პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებდა ჩაეტარებინა პასპორტიზაცია კანონმდებლობის მკაცრი დაცვით და მხოლოდ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, 2014 წელს, დაიწყო ახალი პასპორტიზაცია.

რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამაში ეჭვი არავის ეპარება. მით უფრო, რომ ეს არის პატივსაცემი ადამიანი. ჩვენს ქვეყანაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ დაიტრაბახებს ისეთი რეიტინგით, როგორიც პუტინს აქვს აფხაზეთში, რადგან ყველაფერს, რასაც პუტინი აკეთებდა, სისტემურად და ჭკვიანურად აკეთებდა...
ასლან კობახია

გარდა ამისა, პარალელურად დაიწყო მუშაობა ყოფილი გალის რაიონის ფარგლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ტყვარჩელისა და გალის რაიონის ხელმძღვანელობასთან დიდი მუშაობა ჩატარდა.

გალის რაიონის დაახლოებით 25 ათასმა მცხოვრებმა დაგვიძრო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გარდა, არსებობს მოქალაქის პირადობის მოწმობა.

და დღეს აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებს აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სრული მონაცემთა ბაზა. ეს არავისთვის არ არის საიდუმლო, ამ საკითხზე გაიმართა პრესკონფერენციები და ხალხს ეს ყველაფერი ვაჩვენეთ.

და უცებ იწყება წინასაარჩევნო კამპანია, იწყება ყველანაირი სპეკულაცია, რაც შეშფოთებას იწვევს. თუ თქვენ გინდათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაურიგოთ (აფხაზური) პასპორტები, მაშინ საჭიროა ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში. მინდა დავინახო, თუ რომელი დეპუტატი შემოვა ამ წინადადებით. ასეთი აზრები კარგს არაფერს მოგვიტანს. არ შეიძლება იმით სპეკულირება, თითქოს ეს გაკეთდა ვიღაცის სასარგებლოდ და რაღაცისთვის. საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეა, ჩვენ მივეცით არააფხაზეთის მოქალაქის პასპორტები და ისინი თავისუფლად სარგებლობენ ამ პასპორტებით (ბინადრობის ნებართვით).

გაიძახიან, მოვალთ და მივცემთ მათ აფხაზურ პასპორტებსო. არ გამოვა, კანონი არ იძლევა ამის უფლებას. წავიდა ის დრო, როდესაც მოხელე იდგა ზემდგომი უფროსის წინაშე და ეუბნებოდა: „როგორც გვეტყვით, ისე იქნება!“ არა, იქნება ისე, როგორც მოითხოვს კანონი”.

გასულ კვირაში სოჭში გაიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა, და ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას, შეხვედრა. ხოლო 31 ივლისს აფხაზეთში იმყოფებოდა პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სათავეში უდგას ე. წ. „მოსაზღვრე რეგიონების სამმართველოს“, სინამდვილეში კი კურირებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ასევე უკრაინის სეპარატისტულ დონბასის რეგიონთან კოორდინაციის საკითხებს.

გავრცელებულია აზრი, რომ სწორედ სურკოვზეა დამოკიდებული აფხაზეთის მომდევნო პრეზიდენტის ბედი, რასაც ასლან კობახია არ ეთანხმება.

„ეს არის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, რომელსაც პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ ეს არ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. კი, ის გვაძლევს რჩევებს, გვიკარნახებს. ის დიდი ხანია არ ყოფილა აქ. ახლა კი ჩამოვიდა, დაათვალიერა ობიექტები, რომლებიც „ინვესტპროგრამის“ სახსრებით აშენდა. მე არაერთგვაროვანი აზრისა ვარ ამ კაცზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაორაზროვნად მიანიშნა: „ხალხო, თქვენ გაქვთ არჩევნები, ჩვენ თვალს გადევნებთ. ხალხი ვისაც აირჩევს, ჩვენ მასთან ვიმუშავებთ“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. 2019 წლის აგვისტო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. 2019 წლის აგვისტო

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს ძალიან კარგია. აფხაზეთისთვის უბედურებაა, როდესაც აფხაზეთის პრეზიდენტს არ ხვდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ვინც არ უნდა აირჩიოს ხალხმა, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მასაც შეხვდება. რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამაში ეჭვი არავის ეპარება. მით უფრო, რომ ეს არის პატივსაცემი ადამიანი. ჩვენს ქვეყანაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ დაიტრაბახებს ისეთი რეიტინგით, როგორიც პუტინს აქვს აფხაზეთში, რადგან ყველაფერს, რასაც პუტინი აკეთებდა, სისტემურად და ჭკვიანურად აკეთებდა. ზოგჯერ ჩვენ ვტრაბახობთ, რომ ავაშენეთ სტადიონი, დასასვენებელი სახლი. არადა, ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციამ ააშენა. ჩვენ უფრო სხვა რამით უნდა ვიტრაბახოთ. გვაქვს კიდეც სატრაბახო! აფხაზეთის საზოგადოება საკმაოდ განათლებული საზოგადოებაა. ამბობენ: იმ ხელისუფლების დროს ეს აშენდა, ახლანდელი ხელისუფლების დროს კი - ეს, ხოლო ვინც არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში, მათ საერთოდ არაფერი აუშენებიათ. უბრალოდ, სასაცილოა ასე არასერიოზულად ჩატარება წინასაარჩევნო კამპანიის“ - ამბობს კობახია "ეხო კავკაზა"-სთან ინტრევიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG