Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დანახული ყარაბაღის კონფლიქტი


 ყარაბაღი. 2020 წლის 28 სექტემბერი
ყარაბაღი. 2020 წლის 28 სექტემბერი

27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღისთვის განახლებულმა ბრძოლებმა გულგრილი ვერც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობა და  მთავრობა დატოვა.

2017 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად, სოხუმი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს მას. სოხუმისა და სტეფანაკერტის პოლიტიკური ინტერესების თანხვედრის გარდა, მთიანი ყარაბაღისა და სომხეთისადმი აფხაზეთის დამოკიდებულებას დიდწილად განაპირობებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობაც.

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეაჩერონ აგრესია არცახის (მთიანი ყარაბაღის) რესპუბლიკის წინააღმდეგ და შექმნან აუცილებელი პირობები რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შესამცირებლად. დარწმუნებულნი ვართ, რომ არცახის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, საერთაშორისოდ აღიარებული მექანიზმის - ეუთოს მინსკის ჯგუფის - ფარგლებში, ალტერნატივა არ გააჩნია“, - ნათქვამია თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განსხვავება „დამოუკიდებლობებს“ შორის

27 სექტემბერს, იმ დროს, როცა განახლდა საბძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე მიულოცა „აფხაზ კოლეგას“, ასლან ბჟანიას, რომელსაც დაუდასტურა თავისი მზადყოფნა აღმოუჩინოს აფხაზეთს ყოველმხრივი დახმარება როგორც აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაში.

„აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღისგან“ განსხვავებით, ვლადიმირ პუტინის კალენდარში არ არსებობს დღე, რომლის გასწვრივაც ეწერებოდა „მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის დღე“. ამის მიზეზი ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ უღიარებია რუსეთს, ისევე როგორც არ უღიარებია სომხეთს.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აღიარებულია მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის მიერ. ეს ე.წ. რესპუბლიკები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ როგორც მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას, ასევე ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირების გაბმით, ერთმანეთის გაძლიერებასაც.

მაგალითად გამოდგება თუნდაც 2017 წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სამი დეპუტატისა და ვიცე-სპიკერ ემა გამისონიას სტუმრობა სტეფანაკერტში რეფერენდუმზე, რომლის შედეგების მიხედვითაც, მთიან ყარაბაღს შეეცვალა სახელი და დაერქვა არცახი.

სომხური თემის მკაფიო პოზიცია

მთიანი ყარაბაღისადმი სოხუმის დამოკიდებულებაში, პოლიტიკურის გარდა, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოგრაფიული ფაქტორიც: ეთნიკური სომხები აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.

1965 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემული წიგნის „ნასელენიე ზემნოგო შარას“ მიხედვით, აფხაზეთის ასსრ-ში ცხოვრობდა:ქართველი - 158,2 ათასი, რუსი - 86,7 ათასი, სომეხი - 64,4 ათასი, აფხაზი - 61 ათასი.

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში არავინ უარყოფს ეთნიკური სომხების დამსახურებას 1992-93 წლების ე.წ. „სამამულო ომში“, სადაც „სომხური ბატალიონების“ პირადი შემადგენლობის მესამედზე მეტი - 250 კაცი - დაიღუპა, 20-ს კი აფხაზეთის გმირის წოდება მიენიჭა.

2016 წლის აღრიცხვით, ეთნიკურად სომეხია აფხაზეთის მოსახლეობის 18 %, რომელიც, ძირითადად ლოიალურია როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, ასევე რუსეთის ფედერაციის მიმართ. სწორედ რუსეთის ფედერაციის მთავრობას მოუწოდა აფხაზეთის სომხურმა თემმა დაგმოს ბაქოს „წინასწარ დაგეგმილი აგრესია“.

”მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელმაც მორიგი სამხედრო აგრესია განახორციელა არცახის ხალხის წინააღმდეგ, და მოვუწოდებთ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ არსებული კრიზისი, რომლის მიზეზი, ტრადიციულად, აზერბაიჯანული მხარეა, სამხედრო ფაზიდან გადავიდეს დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკებების კალაპოტში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფხაზეთის რესპუბლიკის სომხურმა საზოგადოებამ ჩვენი თანამემამულეებისა და მეგობრებისგან აფხაზეთის ყველა რეგიონიდან მიიღო ასობით მიმართვა, სადაც გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას ვითარების ესკალაციისა და, ფაქტობრივად, ომის დაწყების გამო და მზადყოფნას ყველანაირი მხარდაჭერა გაუწიონ არცახის ხალხსა და თავდაცვის ჯარს”. - ტექსტს ხელს აწერს აფხაზეთის სომხური თემის თავმჯდომარე, „აფხაზეთის გმირი“, გალუსტ ტრაპიზონიანი.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი სოხუმში ვიტალი შარია იტყობინება, ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს შავი ზღვის კაზაკთა არმია და აფხაზეთის რუსული საზოგადოება.

”ჩვენ ვიცით, რა არის ომი და როგორ ანადგურებს ის ქვეყანას, რამდენი მსხვერპლი მოჰყვება მშვიდობიან მოსახლეობაში, რამდენი ოჯახი რჩება უსახლკაროდ, რამდენ ახალგაზრდას ენგრევა ბედი, რომელთა ცხოვრებაზე ომი წარუშლელ კვალს ტოვებს. 1992-1993 წწ. აფხაზეთის მოსახლეობის სამამულო ომის გამარჯვების დღეს ორივე მხარეს ვთხოვთ შეჩერდნენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩამოსხდნენ ”, - ნათქვამია აფხაზეთის რუსული საზოგადოების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ვირტუალური აფხაზეთი“: ვუსურვებთ გამარჯვებას არცახის ხალხს

აფხაზურმა საზოგადოებამ ვირტუალურ ქსელშიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის მხარე დაიჭირა. ვიტალი შარიას თქმით, ბუნებრივია, რომ აფხაზეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა საომარი მოქმედებების შესახებ პოსტები სოციალურ მედიაში პირველებმა გამოაქვეყნეს. ამასთან, კომენტარების უმეტესი ნაწილი, ავტორთა ეროვნების მიუხედავად, ემოციურად თანაუგრძნობდა მრავალრიცხოვან მსხვერპლს ("ვწუხვარ ხალხის გამო. არავის სჭირდება მსხვერპლი. ახალგაზრდები კვდებიან. ეს კოშმარია") და სომხური მხარის მხარდაჭერას გამოხატავდა.

"აფხაზეთის გმირმა" ასლან კობახიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:

”აფხაზეთმა ცნო არცახის დამოუკიდებლობა დიადი ვლადისლავის {ვლადისლავ არძინბა} დროს ...სოხუმში უკვე 25 წელია არსებობს ულამაზესი არცახის ქუჩა. ვლადისლავი იყო დიდი ისტორიკოსი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი”.

ვიტალი შარიას თქმით, პოპულარული საიტის, "აფხაზავტოს", ადმინისტრაციამ ყარაბაღის თემაზე არანაირი პუბლიკაცია არ გამოაქვეყნა, თუმცა ფორუმზე ბევრი კომენტარი დაიწერა სხვა პოსტის ქვეშ, რომელიც "27 წლის წინ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებისგან სოხუმის გათავისუფლებას" ეხებოდა. კომენტარების წერისას ვებსაიტის მომხმარებლები შეუმჩნევლად გადავიდნენ მთიანი ყარაბაღის (არცახის) გარშემო არსებული ვითარების განხილვაზე. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ყურადღება რამდენიმე კომენტარმა მიიპყრო:

  • ”არცახში საომარი მოქმედებები დაიწყო. ჩვენ ვუსურვებთ მის ხალხს გამარჯვებას თავის მიწაზე და მშვიდობას. სანამ რუსეთი არ აღიარებს მათ, როგორც ჩვენ, იქ მშვიდობა არ იქნება”;
  • ”დიახ, თუ კრემლი რეაგირებას არ მოახდენს, როგორც 2008 წელს (და არ შემოიფარგლება უსარგებლო მიმართვებითა და შეშფოთებებით), იგი დაკარგავს მინიმუმ ამიერკავკასიას, მოკლევადიანი ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, და სხვა ერთი რეგიონალური ძალა გამოვა წინა პლანზე ”;
  • ”სიტუაცია მარტივი არ არის. უფრო მეტიც, გარკვეულ როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ ხდება არა მხოლოდ ტერიტორიისთვის ბრძოლა, არამედ გლობალური დაპირისპირება ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროებს შორის და ეს კონფლიქტი ასევე წარმოადგენს მის ლოკალურ გამოვლინებას. ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციას სომხეთთან აქვს გარკვეული ურთიერთობები და სახელშეკრულებო ვალდებულებები, მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციის შიგნით ბევრი მუსლიმია ... აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად 2008 წელს სულ სხვა სიტუაცია იყო... რა თქმა უნდა, არსებობს სომხეთი და მთიანი ყარაბაღის დახმარება მისი წმინდა მოვალეობაა”;
  • ”ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისლამი გადამწყვეტ როლს თამაშობს აქ. ჩვენი მუსლიმების უმეტესობა სუნიტია, აზერბაიჯანელები კი - შიიტები. პარადოქსული რამ განვითარდა. ირანის შიიტები სომხეთის მხარეს არიან თურქეთის მარადიული მტრის წინააღმდეგ. თურქეთის სუნიტები მხარს უჭერენ აზერბაიჯანის შიიტებს, ენის და სისხლის სიახლოვის გამო. მე-19 საუკუნის ბოლოდან სომხები და თურქები მტრები გახდნენ და ასე რჩებიან დღემდე. აზერბაიჯანელები ბევრად უკეთ არიან შეიარაღებული, მაგრამ სომხები უფრო მოტივირებულები არიან...”;
  • ”აბსოლუტურად არ სჭირდება რუსეთს აზერბაიჯანსა და თურქეთთან დაპირისპირება არცახის გამო, რომლის აღიარების სომხეთსაც კი ეშინია”.

ვიტალი შარიას თქმით, იმავე სოციალურ ქსელში რამდენიმე განცხადება აზერბაიჯანის მხარდასაჭერადაც გაკეთდა - ითქვა, რომ აზერბაიჯანსაც "აქვს ოკუპირებული მიწების დაბრუნების უფლება".

ქართულ-აფხაზური პარალელები

„რა თქმა უნდა, დისკუსიები აუცილებლობით გადაიზარდა საუბრებში იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყარაბაღის მოვლენებმა გავლენა მოახდინოს აფხაზეთზე“, - წერს ვიტალი შარია სოხუმიდან გამოგზავნილ სტატიაში, რომლის მიხედვითაც, ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შეადგინა თითქმის მთელი ტრაქტატი, რომელშიც ყარაბაღის გარშემო შექმნილი ვითარება პროეცირებულია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.

მსჯელობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანი ძლიერდება როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, ხოლო სომხეთი სუსტდება, განსაკუთრებით, შიდაპოლიტიკური უთანხმოების შედეგად, რამაც ომი გამოიწვია. იგივე ტენდენცია იკვეთება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.

”რა თქმა უნდა, იმედი დაკავშირებულია ჩრდილოეთ პარტნიორთან, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს უჩვენოდაც პრობლემები აქვს და თუკი აფხაზეთი იქცევა ვაჭრობის ობიექტად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მაშინ, ვგრძნობ, ეს ობიექტი გადაეცემა იმას, ვისაც უფრო დიდი ჯიბე აქვს (ყოველ შემთხვევაში, თუ ВВП {პუტინი} გადაყენებული იქნება სავარძლიდან)”.

კიდევ ერთი პოსტი აფხაზური ფეისბუკიდან:

”სასაცილოა იმის ყურება, თუ როგორ კამათობენ რუსულ არხებზე თოქ-შოუების ზოგიერთი მონაწილეები, რომლებიც პირაქაფებული ლაპარაკობენ რაღაც დეტალებზე, დაობენ „ვინ დაიწყო პირველმა“, თუმცა კი აშკარაა სხვა რამ, კერძოდ, ის, რომ სომხური მხარე კმაყოფილია სტატუს კვოთი, ისევე როგორც 2008 წლის ომის დაწყებამდე სტატუს კვო ხელს აძლევდა სამხრეთ ოსეთს; მაგრამ ბაქოს და თბილისს არ აკმაყოფილებს სტატუს კვო, რაც მათ არაერთხელ განაცხადეს. სულ ეს არის და რაღაა აქ სადავო... ასე რომ, ჯობდა სტატუს კვოს უსამართლობა ემტკიცებინათ და არ წარმოედგინათ თავი რაღაც ”პროვოკაციების” მსხვერპლებად.

მედიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასევე თვალშისაცემია ქართული საზოგადოებისაა და სახელმწიფოს პოზიციის ორმაგობა. ერთი მხრივ, სომხები, ისევე როგორც ქართველები, ქრისტიანები არიან, მეორე მხრივ, აზერბაიჯანელები, ისევე როგორც ქართველები, "სეპარატისტების" წინააღმდეგ იბრძვიან. ამიტომ საქართველოში უმრავლესობა მოითხოვს ნეიტრალიტეტს მეზობლებთან დაპირისპირებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი აზერბაიჯანს წარმატებულ სამხედრო შურისძიებას უსურვებენ, რის შემდეგაც მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება "ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენა. აფხაზეთის პოზიცია გაცილებით ერთმნიშვნელოვანი და მკაფიოა: ჩვენ მხარს ვუჭერთ არცახს და სომხეთს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი სომხური დიასპორაა აფხაზეთში, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ პრიორიტეტად მიგვაჩნია ხალხთა თვითგამორკვევის უფლება და ვაღიარებთ ერთმანეთის დამოუკიდებლობას”.

სტატია მომზადებულია ჟურნალისტ ვიტალი შარიასა და „ეხო კავკაზას“ მასალების მიხედვით.

ტექსტი შეიძლება შეიცავდეს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG