Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში აღშფოთებულები არიან ვიქტორ ეროფეევის მონანიებით


რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი
რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი

ავტორი: ვიტალი შარია, „ეხო კავკაზა“

გუშინწინ სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტი ააფორიაქა ინფორმაციამ, რომელიც რამდენიმე რუსულმა ინტერნეტ-გამოცემამ გაავრცელა. საქმე იყო შემდეგში:

რუსმა მწერალმა ვიქტორ ეროფეევმა ქართულ გამოცემა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გულწრფელად ბოდიშს უხდის ქართველ ხალხს აფხაზეთში ჩასვლისთვის. გასული წლის ნოემბერში ქართველმა მესაზღვრეებმა ეროფეევი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად აფხაზეთში ჩასვლის გამო, რომელსაც ოფიციალური თბილისი საკუთარ ტერიტორიად თვლის.

მაშინ, ნოემბერში ეროფეევი აპირებდა მონაწილეობის მიღებას კინოფესტივალში - „პაემანი რუსეთთან - კინორომანი“. მის გარდა, საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად აფხაზეთში ჩასვლის გამო, ქვეყანაში არ შეუშვეს რუსეთის დელეგაციის კიდევ სამი წევრი, მათ შორის - ღონისძიების დირექტორი, ვლადიმირ პიროჟოკი და ჟურნალ „ერალაშით“ ცნობილი კინორეჟისორი, ბორის გრაჩევსკი.

„თუ შეცდომა დავუშვი, გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ქართველ ხალხს, რადგან ძალიან მინდა, თანამშრომლობა გავაგრძელო საქართველოსთან და ქართველებთან“, - თქვა ახლანდელ ინტერვიუში ეროფეევმა - „საქართველოს მთავრობის მიმართ პრეტენზია არ მაქვს. მხოლოდ ის მინდა, ურთიერთობა გავაგრძელო ჩემს ქართველ მეგობრებთან და ჩემი წიგნები ქართულ ენაზე გამოვცე“, - ამბობს მწერალი. მან აღნიშნა, რომ 2017 წელს უპრობლემოდ ჩავიდა საქართველოში მოქანდაკე ზურაბ წერეთელთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ორჯერ იყო აფხაზეთში. თვითონ აფხაზები ეროფეევმა სეპარატიზმში დაადანაშაულა:

„ეს ისეთი სეპარატიზმია, რომლის წინაშე დგას ზოგი ევროპული ქვეყანაც, მაგალითად, ესპანეთი“, - ასე თვლის მწერალი. ის დასძენს, რომ აფხაზეთში „ყველაფერს რუსეთი მართავს“, მაგრამ ასეთი ვითარება იქ ყველას არ აწყობს. რეგიონის შემდგომი იზოლაცია გააუარესებს ვითარებას: „საკითხი ასე დგას - რაც უფრო დიდხანს იქნება საქართველოს ეს ნაწილი, აფხაზეთი, იზოლაციაში, მით მეტია შანსი, რომ საბოლოოდ ჩაუვარდეს ხელში მოსკოვს“, - მიიჩნევს ეროფეევი.

მოვიყვან „ფეისბუკის“ მუდმივი მომხმარებელი აფხაზების რამდენიმე ტიპურ კომენტარს: „სწრაფად კი აჭიკჭიკებულა სხვანაირად“; „ასე დაიმცირა თავი...“; „ეს რა არის, აწამეს იქ?“; „შემდეგ აფხაზებს მოუხდის ბოდიშს საქართველოში ყოფნის გამო“. სხვათაშორის, აზრთა ამ გაზიარებაში რამდენიმე ქართველი მომხმარებელიც შემოიჭრა: „ბოდიში მიღებულია“, „თანდათან (არა მალე) რუსებს მადა დაეკარგებათ...“ და ასეთი ირონიული კომენტარიც - „მორჩა, ჯუმკოვიჩი მაგას აფხაზეთში აღარ შემოუშვებს“.

თვალში მომხვდა რუსი ფორუმელების კომენტარებიც. ისინი დიდწილად ემთხვეოდა აფხაზების შეფასებებს, მაგრამ ზოგიერთიმომხმარებლის მხრიდან იყო გამოხტომები ზოგადად, ლიბერალების მიმართ, ეროფეევს კი მისსავე სხვა გამონათქვამებს შეახსენებდნენ, რომლებსაც „რუსოფობიულად“ აფასებდნენ.

მცირე ექსკურსი წარსულში. ვიქტორ ვლადიმიროვიჩი, ცნობილი რუსი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, რადიო და ტელეწამყვანი, 1947 წლის სექტემბერში მოსკოვში დაიბადა, საბჭოთა დიპლომატის ოჯახში. სხვათაშორის, 1979 წელს, როცა ის, ახალგაზრდა ლიტერატურათმცოდნე ცენზურას დაუქვემდებარებელ ალმანახ „მეტროპოლის“ ორგანიზატორი გახდა, ძალიან განიცდიდა, რომ ხელისუფლებისგან წამოსული რეპრესიების გამო „მამამ სამსახური დაკარგა“. ამის შესახებ ის ყვებოდა 2017 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში ბოლოს ყოფნის დროსაც.

„ბავშვობაში ბიჭვინთაში დავდიოდით და უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. შემდეგ იყო პაუზა“, - უყვებოდა ის მაშინ ადგილობრივ მედიასაშუალებას. საქართველო-აფხაზეთის ომიდან ათი წლის შემდეგ გერმანულმა გეოგრაფიულმა ჟურნალმა Il mare-მ ვიქტორ ეროფეევს შესთავაზა აფხაზეთში გამგზავრება და იქაურობაზე დაწერა. „უკვე ომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც იქ მოხდა, მე წმინდად გეოგრაფიული განზრახვებით ჩამოვედი, თუმცა, სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, მათ შორის - პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში არის რაღაც ისეთი საინტერესო, რისი გაზიარებაც მე მკითხველთან მსურდა“, - ყვებოდა მწერალი. თავდაპირველად ეროფეევმა გერმანული ჟურნალისთვის დაწერა დიდი სტატია, მაგრამ ამას მოჰყვა მეორე სტატია - უკვე უფრო დიდ და ცნობილ გამოცემაში - „ნიუ-იორკ ტაიმსში“. ამასთან, დასაწყისში, როცა ამ გაზეთის რედაქციაში დარეკა, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობდა, „იქ შენელებული რეაქცია იყო, რადგან აფხაზეთის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ არავინ არასდროს წერდა“.

მაშინ, 2017 წლის 28-29 ოქტომბერს აფხაზეთში პირველად ჩატარდა ფესტივალი „პაემანი რუსეთთან. პაემანი მოსკოვთან“ რუსეთის კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების, კომპოზიტორების, მსახიობებისა და მწერლების მონაწილეობით, რომელთა შორის ისიც იყო. 29 ოქტომბერს აფხაზეთის ფილარმონიაში გამოსვლისას, ვიქტორ ეროფეევმა, კერძოდ, განაცხადა: „ფაზილ ისკანდერი აფხაზეთის მიმართ ჩემი სიყვარულის საწყისია. მასთან ნაცნობობა დაიწყო ფაზილის ნაწარმოების გამოქვეყნებით ალმანახ „მეტროპოლში“. მე მიყვარს აფხაზეთი და ეს არ არის ცარიელი სიტყვები“.

დღეს თემაზე - „ვიქტორ ეროფეევი და აფხაზეთი“ - პუბლიკაციების შესარჩევად „იანდექსში“ შესული გადავაწყდი მის ასეთ სიტყვებს, რომლებიც 2006 წელს „რადიო თავისუფლებაში“ წამყვანის როლში წარმოთქვა და სადაც იხილებოდა ე.წ. ცხელი წერტილებისა და თანამედროვე „მითების თხზვის“ თემა.როცა ჟურნალისტი ალექსანდრ პოკლადი შეუდგა იმაზე ლაპარაკს, საქართველოს პროპაგანდის (მართლმადიდებელი საქართველოს ბრძოლა მუსულმანურ აფხაზეთთან) მიერ გავრცელებული რომელი მითები გაუქარწყლდა მას საქართველო-აფხაზეთის ომში „ენტევეს“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მუშაობისას, ეროფეევი ჩაერთო: „ჩემთვის ძალიან ახლოსაა თქვენი აზრები, რადგან სულ ახლახან გერმანულ ჟურნალ „მორეს“ რეკომენდაციით მე ჩავედი აფხაზეთში.უამრავი მითი მქონდა თავს მოხვეული მასობრივი ინფორმაციის სრულიად სხვადასხვა საშუალებისგან. მე იქ ჩავედი და ვნახე მშვენიერი, შესანიშნავი ხალხი, რომელმაც დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა და რომელსაც ქართველები თვლიდნენ მეორეხარისხოვან ხალხად, იცინოდნენ იმაზე, როგორ ჟღერდა აფხაზურად „ლენინი იყო, ლენინი არის და ლენინი იქნება“ – „ლენინ ხარა, ლენინ ხურუ, ლენინ ხარა ხურუ“. ქართული ხუმრობები... მე ვნახე ეს ცხელი წერტილი, ის გაცივდა მიწაზე, თუმცა არ გაციებულა ადამიანების გულებში...“

რაც შეეხება გამოთქმას „ლენინი იყო...“, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა ენაზე გაისმოდა ყველა საბჭოთა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე: თუკი ეროფეევი გადაწყვეტდა ბოლომდე გარკვეულიყო, გაიგებდა, რომ აფხაზურად ეს ფრაზა აბსოლუტურად სხვაგვარად ჟღერს და არავითარი „ხარახურუ“ არ იყო. ანუ, ეს ხუმრობა ყველაფრის გარდა, ტყუილზე იყო დაფუძნებული...

აფხაზურ ინტერნეტ-ბიბლიოთეკაში განთავსებულია ვიქტორ ეროფეევის რამდენიმე პუბლიცისტური ტექსტი. ერთ-ერთი - „აფხაზეთი: სცილასა და ქარიბდას შორის“ 2010 წლით თარიღდება და ასე იწყება: „აფხაზეთის პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების შესახებ ამბავმა ფიქრებით კვლავ ამ გამომწვევად მშვენიერ ქვეყანაში გადამისროლა, ნიცის მსგავსი კლიმატითა და ბედკრული ისტორიით. აფხაზეთში ვიყავი ცოტა ხნით ადრე რუსეთ-საქართველოს ომამდე და მისი მხარე დავიკავე ქართველ მეზობელთან კონფლიქტში. ეს თავისთავად მოხდა, დასაწყისში უფრო აფხაზეთის დასადანაშაულებლად ვიყავი მზად, უაზრო სეპარატიზმის გამო. მზად ვიყავი ის წარმომედგინა ბანანის რესპუბლიკად ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. თუმცა, ჩემი უშუალო შთაბეჭდილებები სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. მე ვნახე პატარა, გეოპოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენილი ქვეყანა, რომელიც სასოწარკვეთილი, საქართველოსთან კონფლიქტით დასისხლიანებული, ცდილობდა ეპოვა დამოუკიდებლად ცხოვრების ღირსეული საშუალება. ქვეყნის დამცველი, მოკლული ბიჭები ედგათ აფხაზებს ცრემლით სავსე თვალების წინ“.

ვიხსენებ აგრეთვე როგორ აღიქვა აფხაზურმა საზოგადოებამ ეროფეევის ადრინდელი ვიზიტი აფხაზეთში, გერმანული ჟურნალის ინიციატივით. იმის შესახებ, რომ ეს ჟურნალიდან მივლინება იყო, ცოტამ თუ იცოდა, თუმცა, აფხაზეთის შემოქმედებით ინტელიგენციასთან შეხვედრა და მასზე აფხაზეთის ხალხისა და მისი ბრძოლის მიმართ სიმპათიით წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა, საზოგადოების მიერ ენთუზიაზმით იყო აღქმული. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოხდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობამდე და საკმაოდ ბუნდოვანი იყო ამის პერსპექტივა, არამედ იმის გამოც, თუ რუსეთის ინტელექტუალური ელიტის რომელ ნაწილს ეკუთვნოდა და ეკუთვნის ვიქტორ ეროფეევი.

...როცა საუკუნის მეოთხედზე მეტი ხნის წინ ქართულ-აფხაზური ომი გაჩაღდა, ცნობილია, რომ რუსეთის საზოგადოებაში აზრები გაიყო. თანაც, ეს უმარტივესი პრინციპით ხდებოდა: იმის მიხედვით, ვის ჰყავდა ადრე მეგობრები ქართველებს და ვის აფხაზებს შორის. ხშირად კი - სხვაგვარად, პოლიტიკური, მაგრამ ასევე გამარტივებული პრინციპით: რუსეთის საზოგადოების ერთ ნაწილს სიმპათია ჰქონდა ქართველების მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელისუფლო და ინტელექტუალური ელიტის ლიბერალურ ნაწილს ეკუთვნოდნენ და „დემოკრატ“ ედუარდ შევარდნაძეში თავისიანს ხედავდნენ, სხვები კი სიმპათიით იყვნენ განწყობილი აფხაზების მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ იყვნენ საბჭოთა სახელმწიფოს მომხრეები და ვერ იტანდნენ შევარდნაძესა და „ქართველ სეპარატისტებს“, რომლებიც აქტიურად არყევდნენ საბჭოთა კავშირს. ცოტანი თუ იყვნენ ისეთები, რომლებიც თავს კონკრეტულ ვითარებაში თუ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინა ისტორიაში გარკვევით და ამაზე დაფუძნებით დასკვნების გამოტანით იწუხებდნენ.

სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოებაში ყოველთვის ძალიან აფასებდნენ ლიბერალურად მოაზროვნე იმ რუსებს, რომლებსაც ესმოდათ აფხაზების და რომლებიც მორალურად მხარს უჭერდნენ მათ. დაწყებული ანდრეი სახაროვით, გალინა სტაროვოიტოვათი, ვლადიმირ პოზნერით... და, ვიქტორ ეროფეევმა, ჩვენდა სასიხარულოდ, თითქმის თხუთმეტი წლის წინ მათი რიგები შეავსო.

და აი, ასეთი ამბავი. ჩემს თავს ლიბერალურად მოაზროვნედ ვთვლი, თუმცა, ამავდროულად ვიცი, რომ არის ისეთი გაგება, როგორიცაა „ლიბერალთა წრე“ რუსეთში. ნებისმიერი ასეთი ერთობა აუცილებლად ცდილობს მოახდინოს მასში შემავალი ადამიანების შეხედულებების ნიველირება და დაუქვემდებაროს ისინი დომინანტურ მოსაზრებებს.

ვერ განვსჯი, აისახა, თუ არა ეს ვიქტორ ეროფეევის დამოკიდებულებაზე აფხაზეთის ხალხისა და მისი თვითგამორკვევის უფლების მიმართ, მაგრამ უდაო ფაქტია, რომ მას მოუხდა სხვა სამწუხარო მოვლენასთან შეჯახება. ეს იმას ჰგავს, შარიანი მეზობელი ერთ მეზობელს რომ წაეჩხუბება და სხვა მეზობელს, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს, პრეტენზიებს უყენებს - „იმას გამარჯობას რატომ ეუბნები“-ო. ასე იქცევიან შარიანი ადამიანებიც, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან - თავს ესხმიან მათ, ვინც „თავს უფლებას აძლევს“ ეურთიერთოს ბარიკადების მეორე მხარეს აღმოჩენილებს.

„ეხო კავკაზაზე“ 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში - „ევგენი ევტუშენკო და აფხაზეთი“ - ამ დიდი რუსი პოეტის გარდაცვალების შემდეგ ვიხსენებდი ვითარებას, რომელშიც ის აღმოჩნდა 2010 წელს აფხაზეთში მოგზაურობის შემდეგ. თბილისურმა ინტერნეტ-გამოცემამ - „ჩვენი აფხაზეთი“ - სიტყვასიტყვით გადაიტანა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაცია და ასეთი სათაური წაუმძღვარა: „ევგენი ევტუშენკომ საქართველოს სახეში შეაფურთხა“. აშკარაა, რომ „შეფურთხებად“ ჩაითვალა თბილისის ნებართვის გარეშე ევტუშენკოს მოგზაურობა აფხაზეთში. „უნდა ვაღიარო, რომ ამ ველურმა, ამორალურმა გამოხდომამ მეც კი შემძრა, ადამიანი, რომლის გაოცებაც დიდი ხანია ძნელია ჩემი ხალხის მიმართ უსაფუძვლო გამოხდომებით“, - წერდა მაშინ საქართველოს შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთ-ერთი ქალი წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ევტუშენკოს, რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავს როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის სამწერლო წრეებში, არავისთვის მოუხდია ბოდიში და თავის ქართველ „განმაქიქებლებს“ საკმაოდ მკვახედ პასუხობდა. ამასთან, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი აფხაზი პოეტიც გამოთქვამდა მის მიმართ პრეტენზიებს იმის გამო, რომ „მან თავის დროზე არ დაგმო საქართველოს აგრესია“.

ასე რომ, ვიქტორ ეროფეევს მე უპირველეს ყოვლისა, ვხედავ ჭეშმარიტად აბსურდული ვითარების მსხვერპლად. კაცს, რომელიც საჯაროდ, ერთდროულად ორ ქალს უხსნის სიყვარულს, ჩვენს მონოგამურ საზოგადოებაში სამართლიანად დასდებენ ბრალს ამორალურობასა და იმაში, რომ მთლად დალაგებული ვერ არის. მაგრამ, განა, ადამიანს არ აქვს უფლება უყვარდეს, აფასებდეს სხვადასხვა ხალხს და ურთიერთობა ჰქონდეს ორი ხალხის წარმომადგენლებთან?

დიახ, ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც მას სჭირდება. ისეთი კანონებიც, რომლებიც ვიღაცის აზრით, აზრსმოკლებულია ან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. მაგალითად, საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლითაც ნებისმიერს, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისისთვის შეტყობინებისა და იქიდან თანხმობის გარეშე ჩასვლის შემთხვევაში ემუქრება ჯარიმა ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. დიახ, როგორც ვიცი, კანონი შერჩევით მუშაობს: ამუშავდება ბიუროკრატიული მანქანა - დამრღვევს დააკავებენ და მკაცრად დასჯიან; არ ამუშავდება - გაატარებენ. კანონის ეს შერჩევითად მოქმედება სრულებითაც არ ამცირებს მის უაზრობას. მისი მოქმედების ათწლეულის განმავლობაში კანონს იოტისოდენადაც არ მიუახლოვებია საქართველო „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან“, ბევრ ადამიანს ნერვები კი მოუშალა, აგრეთვე საქართველოს მიმართ ბრაზი შემატა მათ, ვინც ციხეში იჯდა და უბრალო ტურისტებს, რომლებსაც ჯარიმის გადახდა მოუხდათ.

არც ის ვიცი, დაეხმარება თუ არა ვიქტორ ვლადიმიროვიჩს ბოდიშის მოხდა მათთვის, ვინც მას გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს, განახორციელოს დაგეგმილი ვიზიტი წინანდალში, გამოსცეს წიგნი ქართულ ენაზე, მაგრამ, მაპატიეთ კალამბური, სახის დაკარგვა კი სახეზეა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG