Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ნარკოტიკების გამსაღებლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ


კანონის პირველი მოსმენით დამტკიცება პარლამენტში. სოხუმი
კანონის პირველი მოსმენით დამტკიცება პარლამენტში. სოხუმი

ავტორი: ანაიდ გოგორიანი

აფხაზეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ნარკოტიკების გასაღებისთვის სიკვდილით დასჯის ან სამუდამო პატიმრობის შესახებ. ძირითადი შესწორება შედის სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლის მესამე ნაწილში. დღევანდელი რეგულაციით, კოდექსი ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელის ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვით.

აფხაზეთის პარლამენტის სახელმწიფო სამართლის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი აგრბა იმედოვნებს, რომ კანონის გამკაცრება, კერძოდ, შესაძლებლობა იმისა, რომ ნარკოტიკის გასაღებისთვის ადამიანს სამუდამო პატიმრობა ან სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა - შეეფარდოს, შეაჩერებს აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პროცესს. სისხლის სამართლის კოდექსის შესწორების თანახმად, იკრძალება ასევე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული პირის ვადამდე გათავისუფლება საპატიმროდან.

პარლამენტის შენობა სოხუმში
პარლამენტის შენობა სოხუმში

კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან ის პირებიც, რომლებიც ნარკოტიკული თრობის დროს მართავენ სატრანსპორტო საშუალებას. ამ დანაშაულისთვის სასჯელი ითვალისწინებს 600 000 მანეთის ოდენობით ჯარიმას და ერთი წლით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას.

ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის ეფექტურობის მაგალითებად ვალერი აგრბას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილება მოაქვს. იგი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში პრაქტიკულად აღარ არსებობს ნარკოტიკების არალეგალური მიმოქცევის პრობლემა.

სოხუმი
სოხუმი

კანონპროექტი ნარკოტიკების გასაღებისთვის სიკვდილით დასჯის ან სამუდამო პატიმრობის შესახებ აფხაზეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით 26 ივლისს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე ერთხმად მიიღო.

ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო გავრცელებისთვის აფხაზეთის პარლამენტში სპეციალური კომისია 2017 წელს შეიქმნა. სწორედ ამ კომისიის ფარგლებში მომზადდა კანონპროექტი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG