Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოსაცვლელია თუ არა თქვენი პასპორტი? - რა [ვერ] გავარკვიეთ

რა ხარვეზი აღმოაჩნდა ქართულ პასპორტებს?
რა ხარვეზი აღმოაჩნდა ქართულ პასპორტებს?

ხარვეზიან პასპორტებს, იუსტიციის სახლებში, უფასოდ, ერთ დღეში ცვლიან. ვისაც ძალიან ეჩქარება - რამდენიმე საათშიც. თუმცა ზოგს პრობლემები იქამდე შეექმნა, ვიდრე ხარვეზზე შეიტყობდა - საზღვარზე არ გაატარეს, ზოგი გაატარეს, მაგრამ არ იციან, რა ელით უკვე საზღვარგარეთ, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლის დროს.

რადიო თავისუფლება 23 თებერვალს თბილისის იუსტიციის სახლში შეხვდა ადამიანებს, რომლებსაც პასპორტების გამოცვლის საჭიროების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით წინა კვირის მიწურულს აცნობეს. ახალგაზრდა კაცი და სტუდენტი გოგო გვეუბნებიან, რომ მათ გაუმართლა, რადგან - ერთს ხვალ-ზეგ აშშ-ის საელჩოში მოუწევს შესვლა; მეორე კი - ოთხ დღეში ავსტრიის დედაქალაქში უნდა იყოს.

შეატყობინეს თუ არა ყველას ამ დრომდე? მოკლე პასუხია - არა.

სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ არავინ დაკავშირებია, ხოლო როცა თავად მოიკითხეს - მათი პასპორტები შესაცვლელი აღმოჩნდა.

“ვისაც შესაცვლელი აქვს, სამსახური ეტაპობრივად უკავშირდება”, - გვითხრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე. ოპერატორს ვკითხეთ, შესაცვლელია თუ არა ყველა პასპორტი სერიით 25AB - რის შესახებაც ფეისბუკის ჯგუფებში წერენ. „ყველა არ არის...უნდა შევამოწმოთ“, - გვპასუხობს ოპერატორი.

გავიგეთ ასევე, რომ ხარვეზიანი პასპორტები არ არის მიბმული გამოცემის თარიღზე, რომ აი, ვთქვათ, 4, 5 ან 6 თებერვალს გამოცემული ყველა ხარვეზიანია და ვთქვათ, 7 თებერვალს გამოცემულ პასპორტებს ხარვეზი არ უფიქსირდებათ - ანდა პირიქით.

შემოწმება ცხელი ხაზის საშუალებითაც არის შესაძლებელი - დარეკავთ, უკარნახებთ სერიას, ნომერს და გიპასუხებენ - უნდა გამოცვალოთ თუ არა. ფეისბუკში წერენ, რომ ზარს 20-25 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ. ჩვენ გაცილებით ნაკლებ დროში გვიპასუხეს.

ნათესავი გვიყვება ახალგაზრდა გოგოს - ნათიას [სახელი შეცვლილია] ამბავს, რომელიც გასული კვირის დასაწყისში ქუთაისის აეროპორტიდან ევროპისკენ ვერ გაფრინდა, ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით - რომლებმაც დასვენება ერთად დაგეგმეს. „ბაზაში არ იძებნებოდა მისი პასპორტი“ - გათენებისას გოგო ქუთაისის აეროპორტში მარტო დარჩა, ვიდრე ოჯახის წევრებს შეეხმიანებოდა. გაუმართლა იმ მხრივ, რომ - ქუთაისში დასარჩენი ჰქონდა და ბინის დაქირავების ან სასტუმროს ხარჯი აღარ დასჭირდა.

შუადღისას - ქუთაისის იუსტიციის სახლში პასპორტი „უპრობლემოდ, სწრაფად გამოუცვალეს“, „ზედ გადაყვნენ“ - მაგრამ მეგობრების ჯგუფს ის მხოლოდ მესამე დღეს დაეწია - როცა ახალი ბილეთის აღება მოახერხა; მაგრამ გზა გაუგრძელდა და გაუძვირდა.

„იმ ქალაქში ვერ ჩავიდა პირდაპირ, სადაც მისი მეგობრები იყვნენ. ავტობუსიც დასჭირდა, თვითმფრინავის გარდა. ავტობუსით 4 საათი იმგზავრა. სამი დღე დაკარგა ბავშვმა. ბილეთი დაუჯდა ოთხმაგი. ის პირველი ბილეთი თუ სადღაც 100 ლარად ჰქონდა ნაყიდი, მეორე მგზავრობა დაუჯდა 400 ლარზე მეტი - მარტო თვითმფრინავი და ავტობუსი კიდევ ცალკე ხარჯი იყო - დაახლოებით 40 ევრო“, - ნათიას ნათესავები გვეუბნებიან, რომ შესაბამისი განცხადება ქუთაისის იუსტიციის სახლში დაატოვებინეს და შეიტყვეს, რომ 10 დღიდან ერთ თვემდე ვადაში განიხილავენ.

„თუკი არ აგვინაზღაურებენ ყველაფერს, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. მორალური ზიანის, დისკომფორტისაც უნდა გადაიხადონ, წესით. ნერვიულობა და სტრესი როგორია?!“, - გვეუბნება ნათიას ნათესავი.

„აქვე შეიძლება განცხადების დაწერა - თუკი პასპორტის წუნის გამო საზღვარგარეთ ფრენა ვერ შეძლო ადამიანმა?!“ - ვიკითხეთ 23 თებერვალს თბილისის იუსტიციის სახლში. საინფორმაციო ბიუროში გვითხრეს, რომ - ზოგადად, განცხადების და საჩივრის დაწერა, თუკი ეს საჭიროა, ყველას შეუძლია.

გახანგრძლივებულია თუ არა იუსტიციის სახლის სამუშაო საათები, პასპორტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო? არა. მაგრამ, ჩვეული პრაქტიკით, ვინც შენობაში საღამოს 6 საათამდე შევა და ნომერს აიღებს - ყველას ბოლომდე ემსახურებიან.

ხარვეზიანი პასპორტებით შექმნილ პრობლემებზე სოციალურ ქსელებში სხვებიც წერენ - ძირითადად ზედმეტსახელებით. წერენ, როგორ დაიტოვეს პასპორტი ქუთაისის აეროპორტში, ვერ გაფრინდნენ და რომ მესაზღვრეებმა არაერთი ადამიანი გამოაბრუნეს. ვარაუდების მიხედვით - ჩიპები არ იკითხებოდა, სერია იყო „გაორებული“ და ა.შ. ზუსტი პასუხი არავინ იცის.

ჩანს, რომ ადამიანებს ამ ეტაპზე ისევ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა აქვთ.

მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ:

  • “ვინც უკვე გადაკვეთა საზღვარი თებერვალში გაცემული პასპორტით, პრობლემა გვექნება?!”
  • „იქნებ მივფრინავ ხვალ, რა უპასუხისმგებლობაა?!“
  • “ვისაც ვიზა აქვს მაგ ხარვეზიანით აღებული, იმის საქმე როგორ იქნება?!”
  • “ჩემმა შვილმა გადაკვეთა და მაინც გამოსაცვლელიაო, რომ დავრეკე”.
  • “9 თებერვალს აღებულ პასპორტზე არავინ დარეკა. ჩემით მივედი და დახარვეზებული აღმოჩნდა. ათ დღეზე მეტია არავინ შემხმიანებია”.
  • “ჩვენც დღეს ვიკითხეთ იუსტიციაში და ხარვეზი აქვს, არავის დაურეკავს ჩვენი ინიციატივით გავარკვიეთ და მოიტანეთო გვითხრეს”.


ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხების მოსაძიებლად რადიო თავისუფლებამ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაც და იუსტიციის სამინისტროსა. სააგენტოში საერთოდ არ გვიპასუხეს, ხოლო იუსტიციის სამინისტროში გვითხრეს, რომ - 21 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას ვერაფერს დაამატებენ.

21 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ “თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს” და რომ “მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ”.

“იუსტიციამ გააკეთა განცხადება ცრუ ინფორმაციააო” - ზოგიერთებმა ასე გაიგეს ეს განცხადება და სხვებსაც ურჩევენ, რომ - ნუ აღელდებიან, რადგან სინამდვილეში პრობლემა არ არსებობს.

“მაშინ რატომ ცვლიან ამ პასპორტებს ასე დაჩქარებული ტემპით?!”, “რადგან ხალხს ეტაპობრივად იბარებენ, ე.ი. საკმაოდ ბევრი პასპორტია ხარვეზიანი?!”, “შეიძლება საქართველოდან გაგვიშვან, მაგრამ გვაძლევენ გარანტიას, რომ სხვა ქვეყნის საზღვარზე არ შეგვექმნება პრობლემები?!”- კითხულობენ სხვა მოქალაქეები.

დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. გვითხრეს, რომ გაგვირკვევენ - ექმნებათ თუ არა პრობლემები მოქალაქეებს საზღვრის გადალახვის დროს და რა სახის პრობლემებია ეს. ქუთაისის აეროპორტის ვებსაიტზე მითითებულ ნომრებზე არავინ გვპასუხობს, მათ შორის - პასპორტის კონტროლისთვის განკუთვნილ ნომერზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მოქალაქეებიც ეუბნებიან - რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მიმართულებით ინფორმაციის დისტანციურად გარკვევა.

“უახლოეს მომავალში აპირებთ ფრენას - აუცილებლად უნდა მიხვიდეთ იუსტიციის სახლში ან დარეკოთ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში. გაარკვიეთ” - ურჩევენ ადამიანები ერთმანეთს. მოგზაურებს ტურისტული კომპანიებიც აფრთხილებენ -- დროულად გადაამოწმონ პასპორტების ვალიდურობა, რათა გზაში პრობლემები არ შეექმნათ.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG