Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულიგნობა თუ პროტესტი?


საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კონსტანტინე ჩაჩანიძის სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქმე ეხება სამოქალაქო აქტივისტის პროტესტს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული არქიტექტურული პროექტის წინააღმდეგ.

2015 წელს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას აქტივისტს ხელში ეჭირა ტრანსპარანტი, რომელზეც „თბილისის პანორამა“ მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.

აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტანტინე ჩაჩანიძემ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა. დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რომელიც ასე განიმარტება:საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეების შეურაცხყოფა და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

სამოქალაქო აქტივისტს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2015 წელს არქიტექტურული პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე ორი აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დაისაჯა.
2015 წელს არქიტექტურული პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე ორი აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დაისაჯა.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, უხამსობად არ ითვლება გამონათქვამი იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს პოლიტიკური, კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღირებულება. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს აზრით კი სამოქალაქო აქტივისტის მიერ საპროტესტო აქციაზე გამოყენებული უცენზურო სიტყვა ყოველგვარ ღირებულებას იყო მოკლებული და, ამდენად, უხეშად არღვევდა საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

მოსარჩელე მხარე სწორედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს მიიჩნევს სადავოდ, რადგან, მისი აზრით, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას.

მოსარჩელის ინტერესს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე. ის ფიქრობს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა უცენზურო სიტყვაზე და არა საკითხზე, რომლის წინააღმდეგაც ეს სიტყვა იყო მიმართული.

გარდა ამისა, იურისტი შეშფოთებას გამოთქვამს კანონის ამგვარი განმარტების შესაძლებლობით, რომლითაც იკრძალება კაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სიტყვის ნებისმიერ კონტექსტში და ნებისმიერ ადგილზე გამოყენება.

გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე
ასეთი განმარტებით გამოდის, რომ, მაგალითად, ლექტორს არ აქვს შესაძლებლობა სტუდენტს ესაუბროს სულხან-საბა ორბელიანზე და ახსნას ამ სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა.
გიორგი გოცირიძე

„ასეთი განმარტებით გამოდის, რომ, მაგალითად, ლექტორს არ აქვს შესაძლებლობა სტუდენტს ესაუბროს სულხან-საბა ორბელიანზე და ახსნას ამ სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა. ასეთი ტიპის განმარტებას იძლევა ეს კანონი. მათ შორის უსულო საგნებიც შეიძლება იყვნენ ღირსების, უფლების დაცვის ობიექტი - ასეთია სასამართლო პრაქტიკა, იმიტომ რომ, ზოგადად, ამ სიტყვის გამოხატვა პასიურად და არააგრესიულად მიიჩნია დასჯად ქმედებად, როდესაც ნახატზე იყო წარწერის სახითაც. თუმცა არის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონკრეტულ პირს აყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა არ ჩანს, ვის აყენებდა შეურაცხყოფას. ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ წარწერაზე არქიტექტურული პროექტი იყო სიტყვით გამოხატული“ - ამბობს იურისტი.

მოპასუხე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტია, რომელსაც წარმოადგენს ქრისტინე კუპრავა. იგი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმით კანონმდებლებმა დაუტოვეს სასამართლოს შესაფასებლად, კონკრეტული შემთხვევა არღვევს თუ არა საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს:

„სასამართლოს გადაწყვეტილება, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, კარგი მაგალითია, თუ როგორ მოხდა გამოხატვის თავისუფლების და სხვა დაცული ინტერესების შეწონადება ერთმანეთთან. სასამართლომ იმსჯელა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოხატული ლანძღვა-გინება უხამსი სიტყვების მეშვეობით რამდენად ითვალისწინებდა პოლიტიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო კონტექსტს. ამის შემდეგ შეაფასა, ახდენდა თუ არა გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის, რაც, ვფიქრობთ, რომ არის დამკვიდრებული სტანდარტი, რასაც ითვალისწინებს ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და აღნიშნული ნორმა, სისტემური განმარტებით, არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და 21-ე მუხლით დაცულ უფლებებთან“.

2015 წელს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში „პაNOრამა“ მონაწილეობისას აქტივისტს ხელში ეჭირა ტრანსპარანტი, სადაც „თბილისის პანორამა“ მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.
2015 წელს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში „პაNOრამა“ მონაწილეობისას აქტივისტს ხელში ეჭირა ტრანსპარანტი, სადაც „თბილისის პანორამა“ მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.

2015 წელს არქიტექტურული პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ათი მონაწილე დააკავეს, მათგან შვიდი აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დაისაჯა. მათ შორის ერთი იყო იმ ტრანსპარანტის ავტორი, რომელზეც „პანორამა თბილისი“ სიტყვიერად მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.

წვრილმანი ხულიგნობისთვის მისი დაკავების შემდეგ ტრანსპარანტით საპროტესტო აქციაზე კონსტანტინე ჩაჩანიძე, გავიდა, რომელიც იმავე ბრალდებით დააკავეს. სწორედ მან შეიტანა სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG