Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია დუისში „ხადორი 3“-ის წინააღმდეგ და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე


აქციის მონაწილეები პანკისის ხეობაში
აქციის მონაწილეები პანკისის ხეობაში

პანკისის ხეობაში ჰესის, „ხადორი 3“-ის, მშენებლობის სამუდამოდ შეჩერებას მოითხოვენ. მოსახლეობამ სპეციალური განცხადებით მიმართა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და მათგან ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე დახმარება ითხოვა. განცხადებას ხელს აწერს 3 000 ადგილობრივი მცხოვრები. დუისში გამართულ აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილი საქმის დროული გამოძიება და დამნაშავეების დასჯაც მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებელი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა უპასუხა.

ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობა დროებით შეჩერებულია, თუმცა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მშენებლობა არა დროებით, არამედ სამუდამოდ უნდა შეჩერდეს. ხეობაში დღეს გამართულ აქციაზე ითქვა, რომ მას შემდეგ, რაც მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის, ადგილობრივებს პოლიციაში იბარებენ და მათ გადაბირებას ცდილობენ. აქციის მონაწილე შენგელი ტოხოსაშვილის თქმით, პოლიციის კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაბარებულ პანკისელებს ფსიქოლოგიურად ამუშავებენ, რომ პოზიცია შეიცვალონ და ჰესის მშენებლობაზე დათანხმდნენ. ტოხოსაშვილი იმ საფრთხეზეც ლაპარაკობს, რომელიც, მისი აზრით, ჰესის აშენების შემთხვევაში ხეობას ემუქრება.

აქციის მონაწილეები პანკისის ხეობაში
აქციის მონაწილეები პანკისის ხეობაში

„ვაპროტესტებთ სახელმწიფოს პოლიტიკას პანკისის მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი პოლიციის ენით გვესაუბრებიან და მოსახლეობას ყოველდღიურად იბარებენ კახეთის სამხარეო პოლიციაში. ანუ ისინი ცდილობენ ადგილობრივები დაარწმუნონ, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესები და ჩვენ არ უნდა გავაპროტესტოთ ჰესის მშენებლობის საკითხი. თუკი ჰესი აშენდება, საფრთხე იქნება ის, რომ მთლიანად ალაზანი მოექცევა მილებში, დაშრება მდინარე და შედეგად გამოიწვევს სხვადასხვა ზიანს, მათ შორის ეკოსისტემისა და სიმწვანის განადგურებას. ასევე, ტურბინებიდან გამოსული წყალი შევა იმ ბასეინში, საიდანაც სოფელი წყალს იღებს. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა“.

პანკისის ხეობაში რიგით მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 5,4 მეგავატი იქნება. მშენებლობა 29 ივნისს დაიწყო, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები შეჩერდა.

მოსახლეობის ნაწილის პროტესტს არ ეთანხმება ჰესის მშენებელი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილი.

სახელმწიფოს არ უნდა თემირლანის საქმეზე საუბარი, მე კი ევროპიდან ხალხი მიკავშირდება და ამბობენ, რომ თემირლანის საქმეზე აპირებენ ევროპაში აქციების ჩატარებას. რამდენადაც მე იქიდან მაქვს ინფორმაცია, ვიცი, რომ ამ სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ აქციებისთვის ემზადებიან ბელგიაში, ნორვეგიასა და ავსტრიაში...
მალხაზ მაჩალიკაშვილი

მისი განცხადებით, ხეობას არც სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება და არც ეკოსისტემა განადგურდება. იორდანიშვილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი.

„ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი შეხვედრები ამ დრომდე გრძელდება იმის ასახსნელად, რომ ჰესი „ხადორი 3“ უსაფრთხოა, რომ ჰიდროელექტროსადგურს არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ იგეგმება არც ერთი ხის მოჭრა და არც ერთი ოჯახის გასახლება. ლაშა იორდანიშვილის თქმით, მდინარე ალაზანი ადიდების შედეგად ბევრჯერ გადმოსულა ნაპირებიდან და მოსახლეობა დაუზარალებია, ახლა კი, პროექტის ფარგლებში, ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა იგეგმება:

„მე, მაგალითად, მომისმენია ისეთი არგუმენტები, რომ ჰესი რომ აშენდება, აღარ მოვა თოვლი, გადამცემი ხაზი აგვატკიებს წელს, განადგურდება გარემო. როცა მათ ვეკითხები, კონკრეტულად რა განადგურდება, აი, მანდ უკვე ჩერდებიან ან ამბობენ, რომ ჰაერი აღარ იქნებაო. ჩემი ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებაა: არ არსებობს არგუმენტი გარდა იმისა, რომ რაკი თავიდან თქვეს უარი, ახლაც უარზე არიან. ეს აქცია არის გეგმაზომიერი ნამუშევარი რამდენიმე არასამთავრობოსი, რომ გამოეწვიათ ეს უარყოფითი მუხტი, რომ, აი, ხალხო, თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ და გატყუებენო. დღეს პროექტს სტატუსი აქვს ასეთი, რომ არის შეჩერებული მთავრობის მიერ დროებით და ველოდები მთავრობის გადაწყვეტილებას განახლებასთან დაკავშირებით“.

სოფელ დუისში დღეს გამართულ აქციაზე პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯაც მოითხოვეს. თემირლანის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში კონკრეტული მოთხოვნებით რამდენჯერმე გამოვიდა, ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას ევროპიდან ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ დ უთხრეს, რომ ევროპის ქვეყნებში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება.

აქციის მონაწილეები პანკისში
აქციის მონაწილეები პანკისში

„როგორც კი რამე აქტივობას წამოვიწყებ, რაღაც ტყუილებს და ათას ჭორებს იგონებენ ჩემს საწინააღმდეგოდ. დანარჩენი ჩემს მიმართვა-მოთხოვნებზე არანაირი სიახლე და გამოხმაურება არ არის. ერთადერთი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაა, რომელიც რაღაც საკითხებს აყენებს. სახელმწიფოს არ უნდა თემირლანის საქმეზე საუბარი, მე კი ევროპიდან ხალხი მიკავშირდება და ამბობენ, რომ თემირლანის საქმეზე აპირებენ ევროპაში აქციების ჩატარებას. რამდენადაც მე იქიდან მაქვს ინფორმაცია, ვიცი, რომ ამ სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ აქციებისთვის ემზადებიან ბელგიაში, ნორვეგიასა და ავსტრიაში“.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბოლო ხანებში პანკისის ხეობაში რამდენიმე აქცია გაიმართა. აქციები იმართება ჰესის მშენებლობის წინააღმდეგაც. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა „ხადორი 3"-ის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა და სარჩელით სასამართლოს მიმართა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG