მაშინ, როცა თეთრი სახლი „თავისუფლების პროექტში“ პაუზას აცხადებს და ამავდროულად ამტკიცებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის საკვანძო ფაზა დასრულდა, კონფლიქტის ფართო ტრაექტორია გაურკვეველი რჩება. ეს განმუხტვისკენ გადადგმული ნამდვილი ნაბიჯია თუ უბრალოდ ტაქტიკური პაუზა შემდეგ ფაზამდე?
რადიო თავისუფლებასთან (RFE/RL) ინტერვიუში ბერი პაველი, - ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის ყოფილი უფროსი დირექტორი, რომელიც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწედ მუშაობდა, - ბოლოდროინდელი მოვლენების სტრატეგიულ მნიშვნელობას განმარტავს.
ჰორმუზის სრუტეში სამხედრო პოზიციების ცვლილებით დაწყებული - ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ცვლილებებით - და ისეთი გლობალური მოთამაშეების როლით, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, დამთავრებული, პაველი კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობას აღწერს.
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „თავისუფლების პროექტში“ პაუზა გამოაცხადა და თვლის, რომ წარმატება მიღწეულია. ეს კონფლიქტის ბოლოა თუ უბრალოდ ერთი თავის დასასრული?
ბერი პაველი: რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფლიქტის დასასრულია, თუმცა ვფიქრობ, მხარეთა წახალისებისა და სავარაუდო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს უბრალოდ კიდევ ერთი თავიც იყოს. ჩვენ არ ვიცით ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების დეტალები, მაგრამ ირანელები ცნობილი მომლაპარაკებლები არიან და ეს ადმინისტრაციაც ამაყობს მოლაპარაკებების წარმოების უნარით.
ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ ტრამპს, ცხადი მიზეზების გამო, სავარაუდოდ, არ სურს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციების განახლება. თუმცა არაერთი სხვადასხვა საკითხია განსახილველი და არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი ერთბაშად მოგვარება ადვილი იქნება.
რადიო თავისუფლება: სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ეპიკური მრისხანების“ ფაზა დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები კვლავ აქტიურად მოქმედებენ ჰორმუზის სრუტეში. რას ნიშნავს „დასრულდა“ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით?
ეს შეიძლება კონკრეტული ფაზის დასასრულს ნიშნავდეს და არა შესაძლო სამხედრო ოპერაციების დასასრულს სხვადასხვა სფეროში...
ბერი პაველი: შესანიშნავი შეკითხვაა -- და ის პირდაპირ მას უნდა დაუსვათ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, სტრატეგიულად თუ რა ბერკეტებს ფლობს თითოეული მხარე კონფლიქტში. ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელსაც შეერთებული შტატები ფლობს, სამხედრო ოპერაციების შესაძლო განახლებაა.
ამგვარად, შესაძლებელია, სახელმწიფო მდივანი გულისხმობდა, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება “, თავისი ადრინდელი ფორმით, დასრულდა. თუმცა ეს არ ნიშნავს შესაძლო სამხედრო მოქმედებების დასასრულს.
თუ ირანი გემებზე თავდასხმას დაიწყებს, ან თუ ირანი არ შეასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას ისე, როგორც ამას აშშ-ის ადმინისტრაცია ითხოვს, მაშინ შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სამხედრო ინსტრუმენტი პოტენციურად გადამწყვეტი მიზნით, რათა ირანის იძულებით მიაღწიოს თავის მიზნებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს შეიძლება კონკრეტული ფაზის დასასრულს ნიშნავდეს და არა შესაძლო სამხედრო ოპერაციების დასასრულს სხვადასხვა სფეროში და იმ საკითხებში, რომლების გამოც იბრძვიან მხარეები.
საზღვაო მოძრაობა, რეგიონული ძალაუფლების ცვლილებები
რადიო თავისუფლება: აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების ესკორტზეა ორიენტირებული. ეს ცვლილება დეესკალაციის სიგნალია, თუ კონფლიქტის გაღრმავების შესაძლო საფრთხე?
ბერი პაველი: არა მგონია, რომ ის აუცილებლად გააღრმავებს კონფლიქტს. ადრე უკვე ვიხილეთ გეოგრაფიული გაფართოება, მაგალითად, როგორც მახსოვს, აშშ-ის საზღვაო ძალების დარტყმა შრი-ლანკასთან ახლოს. ეს კონკრეტული ოპერაცია შეზღუდული ჩანს და როგორც ჩანს, ხანგრძლივი მოქმედების ვადა არ უნდა ჰქონდეს. ახლა, როცა ის შეჩერებულია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის არ იყო ჩაფიქრებული, როგორც ხანგრძლივი ესკალაცია.
რადიო თავისუფლება: უკვე შეცვალა თუ არა ამ კონფლიქტმა ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში, თუ ჩვენ მხოლოდ უფრო ხანგრძლივი გეოპოლიტიკური გადაჯგუფების ადრეულ ეტაპებს ვხედავთ?
ის დღეები, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროები უბრალოდ ითვალისწინებდა რეგიონულ კონსენსუსს ყველა საკითხზე, ალბათ, დასრულდა...
ბერი პაველი: ეს მართლაც მნიშვნელოვანი კითხვაა და მსურს, უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სურათს მივაქციო ყურადღება. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო სისტემის მიმდინარე, მრავალწლიანი რეორგანიზაციის ნაწილია. ეს გადასვლა - იმ მდგომარეობიდან, რაც ხუთი ან ათი წლის წინ უფრო კომფორტულად გვეჩვენებოდა, იმ მდგომარეობამდე, საითაც მსოფლიო მიემართება, გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება.
ეს გავლენას ახდენს ყველა რეგიონსა და დიდი სახელმწიფოების ურთიერთობებზე. ახლო აღმოსავლეთში ჩვენ უკვე ვხედავთ ცვლილებებს. მაგალითად, როგორც ჩანს, არაბთა გაერთიანებული საამიროები აღრმავებს კავშირებს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან, მათ შორის - თანამშრომლობას სარაკეტო თავდაცვაში, ასევე აფართოებს ეკონომიკურ და დიპლომატიურ კავშირებს.
ასევე ვიხილეთ, თუ როგორ გამოაცხადა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ის დატოვების შესახებ და, სავარაუდოდ, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო ნაკლებად ერთიანი იქნება, ვიდრე იყო. ის დღეები, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროები უბრალოდ ითვალისწინებდა რეგიონულ კონსენსუსს ყველა საკითხზე, ალბათ, დასრულდა.
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ უფრო დანაწევრებულ რეგიონულ ლანდშაფტს, უფრო ფართო, გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად.
სცენარები, სიგნალები და გლობალური ძალების როლი
რადიო თავისუფლება: თქვენ და თქვენმა კოლეგებმა ომის შემდგომი ოთხი სცენარი აღწერეთ. რომელი ჩანს ახლა ყველაზე სავარაუდო?
ბერი პაველი: დიახ, მე და ჩემმა კოლეგამ, ჯეფ ჩიმინომ, ომის შემდგომი ოთხი სცენარი გამოვკვეთეთ, რომლებიც ძირითადად აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზეა ორიენტირებული, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპზე, უფრო მეტად ვხედავთ იმას, რასაც „აშშ-ის უპირატესობის მართულ შესუსტებას“ ვუწოდებთ, სადაც შეერთებული შტატები შეზღუდულ როლს ასრულებს და ფართო დაძაბულობაზე არ გადადის, ხოლო ჩინეთი შედარებით პასიური რჩება და ირანის მხარდასაჭერად ღიად არ მოქმედებს.
ეს არსებული ტენდენციების გაგრძელებაზე მიუთითებს. არა მგონია, რომ ჩინეთი ამიერიდან უფრო აქტიურ როლს ითამაშებს.
ეს შეიძლება გადაიზარდოს ერთგვარ გაყინულ კონფლიქტში, განსაკუთრებით საზღვაო და სხვა გადაუჭრელ საკითხებში...
უკან დახევის შემთხვევაში, ამ ყველაფრიდან რეალურად ვერავინ წარმოჩნდება უკეთესად. თუმცა ყველა მხარე სწავლობს ვითარებიდან გამომდინარე. ჩინეთისა და რუსეთისთვის ერთ-ერთი ადრეული გაკვეთილი შეიძლება იყოს ის, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ოპერატიულად მაღალეფექტურია - შეუძლია მოკლე დროში ათიათასობით სამიზნეზე თავდასხმა - მაგრამ სტრატეგიულად შეზღუდულია იმ პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, რასაც ეს ოპერაციები იწვევს.
რადიო თავისუფლება: რა ძირითად ინდიკატორებს უნდა დავაკვირდეთ უახლოეს დღეებში, რათა გავიგოთ, საით მიდის ეს ყველაფერი?
ბერი პაველი: ერთ-ერთი აშკარა ინდიკატორია, განახლდება თუ არა სამხედრო ოპერაციები რომელიმე მხრიდან. ირანმა უკვე გაუშვა რაკეტები არაბთა გაერთიანებულ საამიროებისკენ, რამაც გარკვეული ზიანი მიაყენა მათ და ასეთი შემდგომი ქმედებები მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.
ასევე უნდა დავაკვირდეთ შეერთებული შტატების უფრო ფრთხილ ქმედებებს, ასევე იმას, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გრძნობს თუ არა რომელიმე მხარე, რომ მისი მიზნები მიღწეულია.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არაერთი საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ იმედი მაქვს, რომ მათი მოგვარება მოლაპარაკებების გზით იქნება შესაძლებელი, ეს რთულია. ეს შეიძლება გადაიზარდოს ერთგვარ გაყინულ კონფლიქტში, განსაკუთრებით საზღვაო და სხვა გადაუჭრელ საკითხებში.
რადიო თავისუფლება: წარმომადგენელთა პალატამ გამოთქვა ოპტიმიზმი შეთანხმებისკენ მიმავალ პროგრესთან დაკავშირებით. ეს ნამდვილი დიპლომატიური სიახლეა თუ ზეწოლის ტაქტიკა?
ბერი პაველი: შეიძლება ორივე იყოს. პრეზიდენტი ძალიან კარგად იყენებს ამ ტიპის ბერკეტებს მოლაპარაკებების შედეგების მისაღწევად.
აქვე შეშფოთებული ვარ ირანის ხელმძღვანელობაში შიდა დინამიკით. არსებობს მინიშნებები, რომ ის შეიძლება იყოს ფრაგმენტული და შეზღუდული. მათ, სავარაუდოდ, სურთ შეთანხმება და შესაძლოა, ის სჭირდებათ, თუმცა ბოლომდე ნათელი არ არის, ვინ არის პასუხისმგებელი ან როგორ მიიღება გადაწყვეტილებები.
ირანი მდგრადი სახელმწიფოა - ყოფილი იმპერია მდიდარი კულტურით და ღრმად ფესვგადგმული პოლიტიკური სისტემით...
ეს გაურკვევლობა მოლაპარაკებებს უფრო ართულებს და შესაძლოა, ახსნას ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები იმაზე, მიღწეულია თუ არა პროგრესი.
რადიო თავისუფლება: როგორ უყურებენ ჩინეთი და რუსეთი ამ პაუზას? ცვლის თუ არა ეს მათ სტრატეგიულ გათვლებს?
ბერი პაველი: არ მგონია, რომ პაუზა ფუნდამენტურად ცვლიდეს მათ გრძელვადიან სტრატეგიულ გათვლებს. ორივე გრძელვადიან თამაშს თამაშობს.
ჩინეთი, სავარაუდოდ, უპირატესობას ანიჭებს, რომ შეერთებული შტატები ახლა ახლო აღმოსავლეთითაა დაკავებული და სამხედრო რესურსები და ყურადღება იქითაა მიმართული. ეს აშშ-ს ყურადღებას უშუალო რეგიონზე ადუნებს.
რუსეთი არასტაბილურობითა და ნავთობის ფასების ზრდით სარგებლობს და ხშირად ცდილობს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა ის ასევე შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ომით, რამაც ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვს გარკვეული სირთულეები გაუჩინა.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ყურადღებით აკვირდება ვითარებას, თავისთავად ეს პაუზა მნიშვნელოვნად არ ცვლის მათ უფრო ფართო სტრატეგიებს.
მშვიდობა ამოძრავდა თუ კონფლიქტი შეჩერდა?
რადიო თავისუფლება: საბოლოო ჯამში: მშვიდობა ამოძრავდა თუ კონფლიქტი შეჩერდა?
ბერი პაველი: ეს ორივეს ჰგავს ცოტა, როგორც ეს ხშირად ხდება რეალურ სამყაროში.
უკან რომ დავიხიოთ, ეს არის მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ს ომი ჰქონია, კორეის შემდეგ. მხოლოდ ესეც კი მეტყველებს იმაზე და თავიდან ჩანდა, რომ მარტივი კონფლიქტი არ იქნებოდა.
ირანი მდგრადი სახელმწიფოა - ყოფილი იმპერია მდიდარი კულტურით და ღრმად ფესვგადგმული პოლიტიკური სისტემით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას შეუძლია ზეწოლის ატანა და მოქმედების გაგრძელება.
ეს გამძლეობა ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოგვარება იქნება რთული და მშვიდობასა და პაუზას შორის ზღვარი, სავარაუდოდ, ბუნდოვანი დარჩება.