Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარას COVID-19-ის წინააღმდეგ რესურსები არ ჰყოფნის - რა ითქვა კლინიკის მენეჯერების შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრთან


ბოლო დღეებია, რაც ბათუმში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. დღეს, 17 სექტემბერს, ქვეყანაში დაადასტურებული შემთხვევების 71% აჭარიდან იყო, გუშინ - 74%. შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ელის აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. მზად არის თუ არა ამისთვის რეგიონის ჯანდაცვის სისტემა? თავად სისტემა საჯაროდ აცხადებს, რომ სიტუაციას გაუმკლავდება, ჯანდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრიდან ირკვევა, რომ აჭარას რესურსები არ ჰყოფნის.

მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გუშინ, 16 სექტემბერს, ბათუმშის კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. რადიო თავისუფლება გთავაზობთ ამ შეხვედრიდან რამდენიმე ფრაგმენტს, რომელიც აღწერს რეგიონში შექმნილ ვითარებას.

რამდენ კლინიკას შეუძლია კომპიუტერული ტომოგრამის გადაღება

როგორც შეხვედრაზე აღმოჩნდა, ათეულობით კლინიკიდან ბათუმში მხოლოდ ორს აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ტომოგრამა გადაუღოს. მათ შორისაა ჰოსპიტალი „მედალფა“, თუმცა კლინიკის მენეჯერმა რეანიმაციის ექიმების დეფიციტზე ისაუბრა.

„16 საათის განმავლობაში 54 პაციენტის მიღება მოგვიწია. ჩვენთან ის პრობლემა წარმოიშვა, რომ რეანიმაციული დარბაზი გადავაქციეთ [მისაღებად] თერაპიული პაციენტებისთვის. რეანიმატოლოგიც ერთი გვყავს, იმიტომ რომ ამის საჭიროება მანამდე არ იყო. მე მაქვს თხოვნა: თუ დამძიმდა რომელიმე პაციენტი, რომელიმე კლინიკა უნდა დაგვეხმაროს, რომ მოხდეს ასეთი პაციენტის გადაყვანა“, - თქვა ჰოსპიტალ „მედალფას“ დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ.

ჩვენი კლინიკა გახსნილია 40 საწოლზე და დღეს 45 პაციენტი წევს. ჩვენ კატეკვლევა არ გვაქვს...
ციური აბულაძე

„მედალფას“ გარდა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშიც მკურნალობენ.

„ჩვენი კლინიკა გახსნილია 40 საწოლზე და დღეს 45 პაციენტი წევს. ჩვენ კატეკვლევა არ გვაქვს. ამიტომ გამოკვლევისთვის პაციენტები გადაგვყავს ხან რესპუბლიკურში და ხან „მედალფაში”, - თქვა ციური აბულაძემ, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერმა.

რა ხდება ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც ორსულ კოვიდპაციენტებს მკურნალობენ? - დაინტერესდა რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა.

„ჩვენ 22 საწოლზე გავხსენით [კლინიკა], მეორე დღესვე დავამატეთ 8 და ახლა 30 საწოლი გვაქვს ორსულებში დადასტურებული კოვიდშემთხვევებისთვის. კატეკვლევა არ გვაქვს“, - ამბობს ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა.

„თქვენთან მოყვანილი პაციენტები კატეკვლევისთვის სად მიგყავთ?“ - დაინტერესდა ზაალ კაპანაძე.

რაღაც გაუგებრობაა... კატეკვლევასთან დაკავშირებით მზაობას გამოვთქვამთ, მაგრამ კლინიკის დაცლაზე ჯერ ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს...
ირაკლი ხახვა

„ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ პაციენტი დამძიმებულიყო და კატეკვლევა დასჭირვებოდა“, - უპასუხა ნუგზარ პაპავამ.

„ერთი წამით! პაციენტს, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, გარკვეული კვლევა უნდა ჩაუტარდეს და, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრამა. არ უტარებთ?!” - იკითხა ზაალ კაპანაძემ და თავადვე უპასუხა: „არ უტარებთ!”

შეხვედრიდან გაირკვა ისიც, რომ კერძო კლინიკებთან მიღწეული შეთანხმებების ნაწილი მხარეებს სხვადასხვანაირად ესმით. მაგალითად, გაუგებრობაზე მეტყველებდა ეს დიალოგიც.

ზაალ კაპანაძემ განაცხადა, რომ ბათუმში კოვიდპაციენტებისთვის აუცილებელი კვლევის - კომპიუტერული ტომოგრამის - ჩატარების შესაძლებლობის მქონე კლინიკებთან მიღწეულია შეთანხმება. „[კერძო კლინიკა „ბაუმ“] კოვიდპაციენტების მიღების სურვილი თავად გამოთქვა. ეს კლინიკა 48 საათის განმავლობაში სრულად დაიცლება იქ არსებული პაციენტებისგან“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ ბრძოლის ხაზზე.
ზაალ კაპანაძე

თავის მხრივ, კლინიკა „ბაუს“ დირექტორმა ირაკლი ხახვამ შეხვედრაზე „გაუგებრობა“ უწოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ამ განცხადებას: „რაღაც გაუგებრობაა... კატეკვლევასთან დაკავშირებით მზაობას გამოვთქვამთ, მაგრამ კლინიკის დაცლაზე ჯერ ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ამ ეტაპზე რთულია ჩვენი დაცლა, იმიტომ რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენ ვართ, კარდიოქირურგიულ ოპერაციებს ვინც აკეთებს დღეში მინიმუმ ორს. ამასთან, 150 მშობიარე გვყავს“.

„ერთი წუთით! - შეაწყვეტინა გამომსვლელს ზაალ კაპანაძემ, - დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ ბრძოლის ხაზზე“.

კოვიდკარანტინის ეფექტიანობა და რესურსები

აჭარაში ამ დროისთვის 345 კოვიდპაციენტი მკურნალობს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ყველაზე მეტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. საავადმყოფოს 187 პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვს, საწოლების დამატების შემდეგ კი 190-ის ექნება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგიონში კოვიდპაციენტებისთვის 400 საწოლია მობილიზებული და უახლოესი 48 საათის განმავლობაში ამას კიდევ 170 საწოლი დაემატება.

ბათუმი, რიგი PCR ტესტირებაზე
ბათუმი, რიგი PCR ტესტირებაზე

ბათუმში 187 უსიმპტომო პაციენტი სასტუმროებში მოწყობილ კოვიდკარანტინში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა, როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გია კიკაბიძემ თქვა, მათ 35 %-ს პნევმონია აღენიშნება და ამიტომ საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა შემცირდა:

„პროტოკოლით, ასეთი პაციენტების გადაყვანა არ შეგვიძლია. ამიტომ ასეთი პაციენტი დარჩა კლინიკაში. ამ მიზეზით, შემოსული პაციენტებიდან კარანტინში გადასაყვანთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. დღეს 10 პაციენტი გადავიყვანეთ. თუ პაციენტებში პნევმონიის შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, საერთოდ ვერ გადავიყვანთ“.

კოვიდპაციენტების სახლში მკურნალობის ხარვეზები

აჭარაში კორონავირუსის ინფიცირების მზარდ შემთხვევებთან გასამკლავებლად კოვიდპაციენტების ბინაზე მკურნალობის აუცილებლობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. ამ პროცესში კი ინტენსიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის პირველადი ჯანდაცვა.

„არსებობს კოვიდპაციენტების ბინაზე მართვის პროტოკოლი. იცით, ხომ, ეს პროტოკოლი? ტრენინგი ხომ გაიარეთ?“ - იკითხა შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და, როცა პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებისგან ჟესტით უარყოფითი პასუხი მიიღო, კითხვას თავადვე უპასუხა: „არა ჯერ... ჩვენ კონკრეტულად ამ საკითხებზე ტრენინგებს დავგეგმავთ თქვენთვის. დადგება მომენტი, როცა აქტიურად მოგვიწევს პაციენტის ბინაზე მართვა“, - უთხრა პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს თამარ გაბუნიამ.

ბათუმის პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენელმა ლუიზა ფალავანდიშვილმა მზაობასთან ერთად წუხილიც გამოთქვა:

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მზად ვართ. ერთადერთი, რაც ყველა ჩვენთაგანს აწუხებს, ეს არის ის, რომ ჩვენ აბსოლუტურად არ ვართ დატრენინგებული ასეთი პაციენტების ბინაზე მართვასთან დაკავშირებით“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ პრობლემები, მართლაც, არსებობს და მათზე საუბარი სირცხვილი არაა, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სირთულეები.

ეკატერინე ტიკარაძე (ცენტრში)
ეკატერინე ტიკარაძე (ცენტრში)

„მაშინ როცა ჩვენ ვითვლით სასუნთქ აპარატებს, მნიშვნელოვანია, რომ დავთვალოთ ექიმები და ექთნები... ჩვენ ვიცით, ეს არის ის რესურსი, რომლის მობილიზება ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება ერთ წელიწადში. სამედიცინო განათლება საჭიროებს არაერთ წელს და, მით უმეტეს, კვალიფიციური ექიმი საჭიროებს ძალიან დიდ შრომას და განვითარებას“, - თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

17 სექტემბერს ბათუმში კორონავირუსი 126 პირს დაუდასტურდა. მათ შორის, „ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკის სამ თანამშრომელს. ამის გამო პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა. კორონავირუსის გამო სასამართლო პროცესები გადაიდო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მიზეზი ორი ადვოკატის ინფიცირება გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG