Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი წულაია: არ მეშინია კონკურენციის - გაიცანი აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები


გიორგი წულაია
გიორგი წულაია

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატი გიორგი წულაია ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც აჭარის ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა და მაშინ "მოიწამლა" ამ სფეროთი:

ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ ეს ტელევიზია მისი ჯიბიდან ფინანსდება, ხოლო ტელევიზია არ დებს იმ პროდუქტს, რაც რეალურად უნდა დადოს.

“12 წელი ვიმუშავე აჭარის რადიოსა და ტელევიზიაში. ამის მერე, შემიძლია გითხრათ, მოწამლული ვარ ამ სფეროთი. 2015 წელს დავტოვე აჭარის ტელევიზია და გავემგზავრე სასწავლებლად ბუდაპეშტში და შემდეგ მოვხვდი ლონდონის ბუკინგემის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში მომენიჭა. ახლახან დავბრუნდი საქართველოში, დაემთხვა დირექტორობის შესარჩევი კონკურსი და გადავწყვიტე, რატომაც არა? ამდენი წელია ამ ტელევიზიაში ვიმუშავე, მაქვს ხარისხი მენეჯმენტში და მინდა მოვსინჯო ჩემი ძალები. არ მეშინია კონკურენციის“, - ამბობს გიორგი წულაია.

დირექტორობის კანდიდატი გიორგი წულაია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს განვითარების გარდა სხვა შანსი არ აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადების გადამხდელი მოქალაქეები მას აღარ დააფინანსებენ:

„ხშირად მოისმენთ ბათუმში, მე ამ ტელევიზიას ვაფინანსებ და ის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოსო. ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ ეს ტელევიზია მისი ჯიბიდან ფინანსდება, ხოლო ტელევიზია არ დებს იმ პროდუქტს, რაც რეალურად უნდა დადოს. აქ ხარისხზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ან უნდა გადადგას ნაბიჯი წინ, ან, შესაძლოა, ადამიანებმა ერთ დღეს თქვან, რომ ეს ჩვენი ტელევიზიაა, არ აკმაყოფილებს სტანდარტს, ვერ გვაწვდის იმას, რაც გვჭირდება და რა საჭიროა მისი არსებობა? ამიტომ ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. დღეს ადამიანები პატარა ოფისებში, საკუთარ ოთახებში აკეთებენ ტელე და რადიოეთერებს და საოცრად ტოპრეიტინგულები არიან. ამ ადამიანების ფონზე კი, წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თავისი გავრცელების არეალით და, რა თქმა უნდა, თავისი 9-მილიონიანი დაფინანსებით“.

გიორგი წულაია ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პრობლემა მართვასა და მენეჯმენტშია:

მე მენეჯმენტის იმ ფორმას ავიღებ, რომელიც გავრცელებულია დღევანდელ წარმატებულ ტოპორგანიზაციებში. ჩემი მიმართულება ტელევიზიასა და რადიოში იქნება დაფუძნებული მუშაობის თავისუფალ სტილზე.

“თუ მენეჯმენტი ვერ დებს კარგ შედეგს, ვფიქრობ, პრობლემა სწორედ საკუთარ თავში უნდა ეძიოს. გარეძალების ჩარევას გამოვრიცხავ ერთადერთი მიზეზის გამო: ჩვენი კანონმდებლობა, მაუწყებლის შესახებ კანონმდებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ თავისუფლები. ხოლო თუ ჩვენ სისუსტეს გამოვიჩენთ, იქ ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაგვიცავს. დღევანდელ პოლარიზებულ გარემოში, როდესაც მედიაზე პოლიტიკური და კომერციული გავლენებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება ერთადერთ სფეროდ, სადაც ჩვენ სათქმელი შეგვიძლია მივიტანოთ ობიექტურად“.

გიორგი წულაია მისი დირექტორად არჩევის შემთხვევაში აპირებს მაუწყებლის ონლაინმედიის განვითარებას და ვებგვერდის გაძლიერებას, ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების გადამზადებას, რადგან ფიქრობს, რომ დღეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და, შესაბამისად, მედისაშუალებებს შორის დიდი კონკურენციაა. ამიტომ მაუწყებლის თანამშრომლებმა უკეთ უნდა წარმოაჩინონ ტელევიზია და რადიო:

“მე მენეჯმენტის იმ ფორმას ავიღებ, რომელიც გავრცელებულია დღევანდელ წარმატებულ ტოპორგანიზაციებში. ჩემი მიმართულება ტელევიზიასა და რადიოში იქნება დაფუძნებული მუშაობის თავისუფალ სტილზე. მე ისიც მესმის, რომ ახლა ტელევიზიაში დამონტაჟებულია თითის ანაბეჭდებით შესვლა, იმისთვის რომ დილით სამსახურში გამოცხადებულიყვნენ თანამშრომლები. მე ვფიქრობ, ეს არასწორია. მე ტელევიზიაში თავისუფალი ადამიანები მჭირდება. რა თქმა უნდა, ადამიანებმა სამსახურში უნდა იარონ, მაგრამ შებოჭილი ადამიანები ტელევიზასა და რადიოში საქმეს ვერ გააკეთებენ. არ არის აუცილებელი თანამშრომელი 9 საათიდან 6-მდე გამოცხადდეს სამსახურში, მთავარია თანამშრომელმა შედეგი დადოს და თუ ვერ დადებს, აი, მერე მოვთხოვ პასუხს“, - ამბობს გიორგი წულაია.

განათლება

2016-2018 - მაგისტრი. ლონდონის ბუკინგემის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნესსკოლა,საერთაშორისო მენეჯმენტი.

2004-2008 - ბაკალავრი.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

2018 წლიდან დღემდე - სამშენებლო კომპანია „ანაგი“, პროექტების მენეჯერის თანაშემწე.

2007-2015 - აჭარის ტელევიზია და რადიო, საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი, საინფორმაციო გადაცემის წამყვანი.

2013-2016 - სამშენებლო კომპანია შპს „ინსტაილი“, პროექტების მენეჯერი.

2014 - სადაზღვევო კომპანია „უნისონი“, რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში თავდაპირველად 12 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 ივლისს გასაუბრებაზე არ გამოცხადდა დირექტორობის კანდიდატი დავით დიასამიძე. გასაუბრება 8 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. 10 ივლისს მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრი ფარული კენჭისყრით ხმას მისცემს კონკურსანტებს. დირექტორის გამოსავლენად კონკურსანტს მრჩეველთა სამი ხმა სჭირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი უკვე მეორედ იმართება. პირველად კონკურსი 31 მაისს ჩატარდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა, რის გამოც კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

მეორე ჯერზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა წინა კონკურსში მონაწილე ექვსმა და ახალმა ექვსმა კანდიდატმა, რომელთაგან ერთი კონკურსს გამოეთიშა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG