Accessibility links

თინა ცისკარაძე გასაუბრებაზე გავიდა - აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევა დაიწყო


თინა ცისკარაძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატებთან გასაუბრება 8 ივლისიდან დაიწყო. დირექტორობის მსურველი 12 კანდიდატიდან ოთხმა დღეს მრჩეველთა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხეს. მათ შორის იყო მედიამენეჯერი და მედიატრენერი თინა ცისკარაძე, რომელმაც პრეზენტაციისას თქვა, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამართული ორგანიზაციული სტრუქტურის, ასევე ინტეგრირებული ნიუსრუმის შექმნა იქნება მისი მთავარი საქმე დირექტორის პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში.

თითქმის 2-საათიანი გასაუბრების დროს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა კითხვები დაუსვეს ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებსა და მათი განხორციელების გზებზე, ასევე რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობაზე.

თინა ცისკარაძემ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე შეიტანა განაცხადი და ფიქრობს, რომ თუ მრჩეველთა საბჭო მას ნდობას გამოუცხადებს, მისი მრავალწლიანი მენეჯერული და მედიატრენერის გამოცდილება დაეხმარება რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაში.

„მრავალი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში მუდმივად საუბარია, რომ ქართული მედია პოლარიზებულია, ორ მხარედაა დაყოფილი - სახელისუფლებო და ოპოზიციურ მედიად. მთავარი გამოწვევა კი ამ პოლარიზებულ მედიაგარემოში აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამიტომ ის უნდა დადგეს იქ, სადაც მისი ადგილია. მისი ადგილი კი არის არა რომელიმე მხარეს ყოფნა, არამედ საზოგადოების ინფორმირებულობა, სიღრმისეული ანალიზი, რეალური სურათის კვლევა, ფაქტებზე დაფუძნებული ამბების გაშუქება, არა მხოლოდ ორი დაპირისპირებული მხარის დაკავშირება და პირისპირ წარმოჩენა, არამედ უნდა გაიხსნას სადისკუსიო სივრცე ყველა მოსაზრებისთვის, რაც კი არსებობს ქვეყანაში, ბუნებრივია, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ანუ ნებისმიერი აზრი, რაც საზოგადოებაში არსებობს და ადამიანებს აწუხებთ, უნდა ითქვას“.

დირექტორობის 12 კანდიდატს შორის თინა ცისკარაძეს მედიამენეჯერის პოზიციაზე მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. 15 წელია, სხვადასხვა მედიაორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ამჟამად მუშაობს „დოიჩე ველე აკადემიაში“ (DW Akademie) მედიატრენერად და კონსულტანტად.

წლის დასაწყისში თინა ცისკარაძე ბათუმში დაბრუნდა საცხოვრებლად და დაიწყო პროექტი „სფერო“, რომელიც რეგიონში ახალი, არაფორმალური განათლების და სადისკუსიო სივრცეების შექმნას ისახავს მიზნად.

თინა ცისკარაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა შეიქმნას ისეთი მართვის სტრუქტურა, როგორიც ნებისმიერი დირექტორის პირობებში სწორად და გამართულად იმუშავებს.

„უმთავრესია ორგანიზაციული სტრუქტურისა და მკაფიო მმართველობის შემუშავება. ამ მექანიზმის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ თითოეულმა თანამშრომელმა ორგანიზაციაში - აჭარის ტელევიზიაში, რადიოსა და ვებგვერდზე - უნდა იცოდეს, რას აკეთებს, რისთვის დადის სამსახურში. რა იდეებიც აქვს მას, ამის გამოხატვის თავისუფლება უნდა ჰქონდეს მუდმივად და უნდა იყოს მოსმენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება - ეს არის მენეჯერის მთავარი ფუნქცია. მე თუ გავხდები ამ მედიაორგანიზაციის მენეჯერი, ეს იქნება მთავარი”, - ამბობს თინა ცისკარაძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატი.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2012-2018 წლებში - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, რადიო GIPA-ს მენეჯერი.
  • 2012-2013, 2016-2018 წლებში - OSCE/ODIHR არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მედიამონიტორი.
  • 2010-2012 წლებში - „ტრანზიშლ ონლაინ“ (TOL), მედიატრენერი.
  • 2009-2012 წლებში - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი (PIK TV), დოკუმენტური ფილმების დეპარტამენტი, პროდიუსერი.
  • 2008-2009 წლებში - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი.
  • 2008-2010 წლებში - ფონდი „ინტერნიუს საქართველო“, მედიატრენერი.
  • 2005-2006 წლებში - რადიო „მწვანე ტალღა“, ბათუმის ბიუროს მენეჯერი.
  • 1995-1996 წლებში - კინოსტუდია „აჭარა“, მოკლემეტრაჟიან ფილმ „მონატრების“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.

განათლება:

  • 2004 წელს - ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის მაგისტრი, GIPA
  • 1999-2000 წლებში - ნიაგარის კოლეჯი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ-ის სერტიფიკატი მედიახელოვნებასა და კომუნიკაციებში.
  • 1996-2001 წლებში - კინომცოდნეობის ბაკალავრი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჯილდოები:

  • მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, რომელიც 16 წლის ასაკში გადაიღო, გახდა გინესის რეკორდის მფლობელი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი მსოფლიოში. ამავე ფილმისთვის 1995 წელს მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ფორტ ლოუდერდეილის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალზე, აშშ.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში 12 კონკურსანტი მონაწილეობს. გასაუბრება კანდიდატებთან 8 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება. 10 ივლისს კი მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრი ფარული კენჭისყრით ხმას მისცემს კონკურსანტებს. დირექტორის გამოსავლენად კონკურსანტს მრჩევლების სამი ხმა სჭირდება.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი უკვე მეორედ იმართება. პირველად კონკურსი 31 მაისს გაიმართა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა, რის გამოც კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
  • მეორე ჯერზე კონკურში მონაწილეობას იღებს წინა კონკურსში მონაწილე ექვსი და ახალი ექვსი კანდიდატი.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG