Accessibility links

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი, თანამშრომელთა გათავისუფლების ფონზე


აჭარის ტელევიზიის სტუდია

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, უკვე მესამე თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. შორენა ღლონტს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ეს თანამდებობა კოხრეიძემ 28 თებერვალს დაატოვებინა და რეგიონალური მაუწყებლის ონლაინსამსახურის კონსულტანტად გადაიყვანა სამი თვის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება ღლონტს აღარ გაუგრძელეს. მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე ამბობს, რომ შორენა ღლონტს სჯიან სასამართლო სარჩელის გამო, რომელიც მან, აჭარის ტელევზიიის 9 ჟურნალისტის მსგავსად, დირექტორის წინააღმდეგ შეიტანა შრომითი უფლებების დასაცავად:

„შორენა გაათავისუფლეს 28 თებერვალს, 2 მარტს კი ახალი ბრძანება გამოსცეს, სადაც ვადა არ ეწერა. ანუ, იგი ითვლებოდა მუდმივ თანამშრომლად სხვა პოზიციაზე. მაგრამ როცა მარტში შორენამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, 22 აპრილს მას მიუვიდა დირექტორის ბრძანება, ახალი კონტრაქტი რომ გაგიფორმეთ, სამთვიანია და 2 ივნისს იწურებაო. 4 ივნისს ჩააბარეს ბრძანება გათავისუფლების შესახებ. შორენას ეუბნებოდნენ, რომ თუ იგი არ გაასაჩივრებდა, მას მუდმივი კონტრაქტი ექნებოდა, მაგრამ გაასაჩივრა და დირექტორმა შური იძია“.

მეტი რა უნდა ქნას დირექტორმა? ფიზიკურად ვერ შეეხება თანამშრომლებს და მაუწყებელს ვერ გადაწვავს, სხვას ყველაფერს აკეთებს კანონგარეშე...
გია ქარცავა

გია ქარცივაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორ გოგა კოხრეიძისათვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს.

მან ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაცაა, 3 ივნისს წერილით მიმართა და მოითხოვა სხდომის მოწვევა და იმპიჩმენტის საკითხის განხილვა. ქარცივაძე ოფიციალურ წერილშივე დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების 4 მიზეზს ასახელებს: მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დევნა, მაუწყებლის სტრუქტურულ ერთეულთა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა, მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და კოლექტიური დავის მიმდინარეობისას მედიაციის პროცესის შეწყვეტა.

„მეტი რა უნდა ქნას დირექტორმა? ფიზიკურად ვერ შეეხება თანამშრომლებს და მაუწყებელს ვერ გადაწვავს, სხვას ყველაფერს აკეთებს კანონგარეშე. ამაზე რეაქცია არ აქვს მაკონტროლებელ მრჩეველთა საბჭოს. ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს შორენას მაგალითით ჩანს მარტივად. ის არ იქნება უკანასკნელი მსხვერპლი და დირექტორი გააგრძელებს მიუღებელი თანამშრომლების დევნას“, - ამბობს გია ქარცივაძე.

დირექტორისთვის „მიუღებელი თანამშრომლები“ მაუწყებლის 70-ზე მეტი ჟურნალისტია, რომლებმაც შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ალტერნატიული პროფკავშირები შექმნეს და მარტში გაფიცვის უფლება მიიღეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ეს განზრახვა გადადეს. დირექტორმა კი მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა, ხოლო ნაწილი საქმიანობას ჩამოაშორა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა.

გოგა კოხრეიძე
გოგა კოხრეიძე

გოგა კოხრეიძეს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი ზეწოლაში თავიდანვე ადანაშაულებდა - მას შემდეგ, რაც იგი გასული წლის შემოდგომაზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად აირჩიეს. მას ხმა მისცა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ კვოტით არიან წარდგენილნი.

ხუთწევრიან მრჩეველთა საბჭოში ორი ოპოზიციის წარდგინებითაა - იმპიჩმენტის ინიციატორი, გია ქარცივაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტითაა, და თამარ წილოსანი, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის წარდგინებით. იგი მაუწყებლის დირქტორისთვის, გოგა კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ ახლა კონსულტაციას გადის ჟურნასლიტებსა და მედიაორგანიზაციებთან:

ამ საჯარო დისკუსიაში ყველაზე დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის სიტუაციის სათანადოდ ახსნის დეფიციტი. ანუ, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და საზოგადოებრივი საჯარო მსჯელობა - ესაა ყველაზე დიდი პრობლემა მენეჯმენტის...
გიგა ჩხარტიშვილი

„განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს პირდაპირ დევნის. რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან გაუშვა. დღეს შორენა ღლონტის გათავისუფლებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. დირექტორმა პანდემიის დროს გადაცემები დახურა ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხა. არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს. არ უპასუხა საზოგადოების და თანამშრომლების კითხვებს. ჩაშალა მედიაციის პროცესი. ეს ყველაფერი მყარ საფუძველს იძლევა, რომ დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს“, - თქვა თამარ წილოსანმა.

ორ მრჩეველს მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიცირება შეუძლია. თუმცა დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმაა საჭირო. იმპიჩმენტისთვის საკმარის არგუმენტებს ვერ ხედავს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ჩხარტიშვილი. რომელიც წარსულში რეგიონალური მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტის ინიციატორია. რაც შეეხება მის მიერ არჩეულ გოგა კოხრეიძეს, ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა აქვს:

„კრიტიკულად ვაფასებ ბევრ პროცესს. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ამ საჯარო დისკუსიაში ყველაზე დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის სიტუაციის სათანადოდ ახსნის დეფიციტი. ანუ, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და საზოგადოებრივი საჯარო მსჯელობა - ესაა ყველაზე დიდი პრობლემა მენეჯმენტის. უნდა შეასრულოს, რაც მას კანონით ავალია და რასაც მას დაავალებს მრჩეველთა საბჭო პროგრამული პრიორიტეტებით, რაზეც შეთანხმდა არჩევისას მრჩეველთა საბჭო და დირექტორი და რა პირობითაც იგი ჩამოვიდა აქ. თუ ეს ყველაფერი არ შესრულდა, ბუნებრივია, ყველას ექნება თავისი პოზიცია“.

საკუთარ პოზიციას რადიკალური პროტესტით გამოხატავს ბათუმელი აქტივისტი ალექსანდრე მილორავა. იგი აჭარის ტელევიზიასთან, მეშვიდე დღეა, შიმშილობს, დირექტორის გადადგომის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG