Accessibility links

logo-print logo-print

ახალგორელების დილემა: ყოფნა-არყოფნა იზოლაციაში


ახალგორი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ ოკუპირებული ახალგორიდან მოსახლეობის ნაწილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადის საცხოვრებლად.

არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება რადიო თავისუფლებისა და პროექტ „ეხო კავკაზას“ მიერ მომზადებული იმ მასალების პასუხად გაავრცელა, რომლებიც ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებას და იქიდან მოქალაქეების გაქცევას ეხებოდა. სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგორიდან მოსახლეობის მასობრივ გადასახლებას საგარეო უწყება უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ბოლო დროს 46-მა მოქალაქემ ისარგებლა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროგრამით, რომელიც ოჯახების გაერთიანებისთვის მუშაობს და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ნათესავებთან გადასახლდა. კიდევ 2 ადამიანს დეკემბერში გადაიყვანენ. გარდა ამისა, დამატებით მუშავდება 16 ადამიანის მიმართვა.

„აქედან საქართველოში გადასვლაზე 12 მიმართვაა 14 ადამიანზე, ხოლო სამხრეთ ოსეთში დაბრუნებაზე 4 მიმართვა 7 ადამიანზე“, - განაცხადეს დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, წითელი ჯვრის პროგრამით სარგებლობის სურვილი სამასამდე ადამიანმა გამოთქვა. ნაწილი დაბიდან უკვე გავიდა, ნაწილი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება, ნაწილმა კი ტყის და მთის ბილიკებით დატოვა ახალგორი. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო, 30 წლის კაცი, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა და დაბაში მშობლების ნახვას ვერ ახერხებდა, იმ გზებზე გვესაუბრა, რითიც გამოუვალ სიტუაციაში დაბის მოსახლეობა სარგებლობს.

„გამთენიისას, როცა რუსებიც იშვიათად დადიან ტყეში, ბილიკებით გადავიპარე ახალგორში და მშობლების სახლამდე მივაღწიე. რაღაცები ჩავუტანე, მერე ბებიის მოსანახულებლად მეორე სახლში წავედი და შემამჩნიეს. შეუძლებელი იყო, ვინმეს არ დავენახე. რამდენიმე წლის წინ წასული და უკან დაბრუნებული, შეუძლებელი იყო, რომ არ შევემჩნიე. ორი დღის შემდეგ სახლში მომადგნენ და კაგებეში დამიბარეს. მივხვდი, რომ იქ ან დამაკავებდნენ, ან ჯარიმას გამომიწერდნენ. იმავე ღამით ისევ გამოვიპარე. სიბნელეში ტყეში გზაც ამებნა და ვიდრე არ ინათა, ვერ გამოვაღწიე. გაყინული ვიყავი, წეროვნამდე ძლივს ჩამოვაღწიე. ახლა იქ, დაბაში, ალბათ, ძებნა გამოაცხადეს ჩემზე და ვეღარასოდეს დავბრუნდები“.

ახალგაზრდა კაცმა ახალგორში შექმნილი მდგომარეობის შესახებაც გვიამბო.

პირველი მოხმარების წამლები მშობლებს და ბებიას აქედან ჩავუტანე. იქაურ აფთიაქებში ნორმალური წამლის შოვნა შეუძლებელია. ადამიანები წამლებს ახლა რუსეთში მყოფ ნათესავებს სთხოვენ, რომ იქნებ იქიდან როგორმე გამოუგზავნონ, ან მეორე ვარიანტს ირჩევენ და ჩემსავით იქცევიან, თუმცა მე ეს ერთხელ გავაკეთე და ტყის გზით გავრისკე. ზოგი უფრო ხშირად რისკავს, მაგრამ ეს ძალიან საშიშია. გუშინ გავიგე, რომ ორი ადამიანი დაიჭირეს ამ ბილიკებზე და ჯერ საავადმყოფოს საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს, ამის შემდეგ კი საზღვრის დარღვევის ბრალდებით გაასამართლებენ. იცლება დაბა ადამიანებისგან. იქ დარჩენილებმა არ იციან, ზამთარს როგორ გადაიტანენ. ექიმი რომ დასჭირდეთ, სად წავიდნენ? ცხინვალს და ახალგორს რეალურად ჯანდაცვა არ გააჩნია, ონისე ექიმის სიკვდილმა კი კიდევ უფრო შეაშინა ახალგორელები: აბა, ექიმს თუ ვერ შველიან და მკურნალობენ, ჩვენ ვინ მოგვაქცევს ყურადღებასო?“ - ამბობს, რადიო თავისუფლების წყარო, რომლის ვინაობასაც მისი და ახალგორში დარჩენილი მშობლების უსაფრთხოებისათვის ვერ ვასახელებთ.

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს ახალგორის დაცლის შესახებ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ოჯახების გაერთიანების პროგრამის სიაში 280-მდე ადამიანი ირიცხება. წამსვლელ ოჯახს 500 კილოგრამი ბარგის წაღება შეუძლია. ამიტომ სოფლების მცხოვრებლები ყიდიან საქონელს, ფრინველს, სხვადასხვა ქონებას. გაყიდვაც რთულია, რადგან მოსახლეობაც ცოტაა და მყიდველიც ნაკლებია, ამიტომ თითქმის უფასოდ გასცემენ. პროცედურებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა. წამსვლელებმა უნდა დაფარონ საგადასახადო ვალები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ეს საბუთები უნდა მიიტანონ კაგებეში, წასვლის წინ კი დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან და საკუთრებაზე პრეტენზია აღარ ექნებათ. ბევრი ადამიანი ამაზე თანხმდება, ხელს აწერენ იმაზე, რომ რაიონში დარჩენილ მათ ქონებაზე პრეტენზიები აღარ ექნებათ. ესე იგი, სახლებზე. ეს ყველაზე რთული პროცედურაა ახალგორიდან წამომსვლელი მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი თხოვნა გზის გახსნის თაობაზე არ შეისმინა. გასული წლის დეკემბრიდან, როცა დაბაში დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, ახალგორელებმა დამაიმედებელი ინფორმაცია ვერ მოისმინეს და მიხვდნენ, რომ იზოლაციაში დიდხანს მოუწევდათ ცხოვრება. თამარ მეარაყიშვილის თქმით, ბოლო ერთი წელია, ადგილობრივები ლეგალური თუ არალეგალური გზებით დაბის დატოვებას ცდილობენ.

რაიონის მოსახლეობა არის განახევრებული. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ნაწილი ტყის გზას ირჩევს, ნაწილს კი წითელი ჯვარი ეხმარება. არსებობს ოჯახების გაერთიანების პროგრამა და მცირე ნაწილი ამ პროგრამით სარგებლობს იმისთვის, რომ ნათესავები მოინახულოს. ამ დროს გადამსვლელ ოჯახს თან შეუძლია 500 კილოგრამი ბარგი წაიღოს. დანარჩენ ქონებას, რაც ამ 500 კილოგრამში არ ეტევა, ადამიანები ყიდიან. ყიდიან იმას, რაც აქ წლების განმავლობაში შეუძენიათ. ეს არის პირუტყვი, შემოდგომის მოსავალი და სხვა მოძრავი და უძრავი ქონება. აი, ასე ტოვებენ საკუთარ საცხოვრებლებს ომიდან 12 წლის შემდეგ და ამას ვერავინ აჩერებს. სოფლებში თითო-ოროლა ადამიანია დარჩენილი“.

დაბა ახალგორი, 1 წელი და 2 თვეა, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონერებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ. ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG