Accessibility links

logo-print logo-print

სიცოცხლისთვის საშიში დაბა - ახალგორიდან მოქალაქეები გარბიან


ახალგორი, ფოტო არქივიდან.

ოკუპირებული ახალგორის რაიონი, წელიწადზე მეტია, ჩაკეტილია, იზოლაციაში მოქცეული მოსახლეობა კი ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობს. ყოველთვიურად იზრდება იმ გარდაცვლილთა რაოდენობა, რომლებმაც იზოლაციის გამო ვერ მიიღეს მაღვალკვალიფიციური სამედიცინო სერვისი.

დე ფაქტო ხელისუფლება ავადმყოფების ტრანსპორტირებას აყოვნებს, რაც მათი დამძიმების და ხშირ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ხდება. ბოლო ასეთი შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა, როცა ახალგორელი ცნობილი ქირურგი, ონისე გათენაშვილი, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ცხინვალიდან თბილისისკენ დაგვიანებით გადმოჰყავდათ. ექიმი გზაში დაიღუპა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაცემებით, იზოლირებულ დაბაში, ჯანდაცვის სერვისზე ხელმიუწვდომლობის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16 ადამიანი დაიღუპა, თუმცა რადიო თავისუფლების წყაროები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 25-ს აჭარბებს. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ახალგორელები დახმარებას როგორც საქართველოს, ისე დე ფაქტო ხელისუფლებას სთხოვენ, თუმცა მათი არავის ესმის, ამიტომ დაბაში დარჩენილი მოქალაქეების ნაწილმა შემოვლითი ტყის ბილიკებით დაიწყო სარგებლობა. საკუთარი რისკის ფასად ისინი დაბიდან გადიან ან, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, უკან ბრუნდებიან ისე, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა არ შეამჩნიონ და ჯარიმა ან პატიმრობა არ შეუფარდონ.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი 30 წლამდე კაცია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საზღვარგარეთ

შეიძლება ითქვას, თავიდან იშორებენ მომაკვდავებს, როცა თბილისში გამოგზავნის გადაწყვეტილებას იღებენ. ასეთი შემთხვევები ბევრია, როცა გზაში იღუპებიან ავადმყოფები.

სამუშაოდ იყო წასული. მსოფლიოში კოვიდპანდემიის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მას კოტეჯი აქვს, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში მშობლები და ბებია ჰყავს. ჩაკეტილი გზის გამო იგი დაბაში დაბრუნებას ლეგალური გზით ვერ ახერხებდა, ამიტომ გადაწყვიტა ტყის გზით ესარგებლა.

„მშობლები და ბებია წლები არ მყავდა ნანახი, ჩამოვედი საზღვარგარეთიდან და სახლში მისვლას ვერ ვახერხებდი. წეროვანში თვეზე მეტხანს გავჩერდი. ძალიან მინდოდა ახალგორში დაბრუნება, მაგრამ გზა ჩაკეტილია და არც ერთი მიმართულებით არავის უშვებენ. ამიტომ ნაცნობების გამოცდილებას ვენდე და გავრისკე. გამთენიისას, როცა რუსებიც იშვიათად დადიან ტყეში, ბილიკებით გადავიპარე ახალგორში და მშობლების სახლამდე მივაღწიე. რაღაცები ჩავუტანე, მერე ბებიის მოსანახულებლად მეორე სახლში წავედი და შემამჩნიეს. შეუძლებელი იყო ვინმეს არ დავენახე. რამდენიმე წლის წინ წასული და უკან დაბრუნებული შეუძლებელი იყო რომ არ შევემჩნიე. ორი დღის შემდეგ სახლში მომადგნენ და კაგებეში დამიბარეს. მივხვდი, რომ იქ ან დამაკავებდნენ, ან ჯარიმას გამომიწერდნენ. იმავე ღამით ისევ გამოვიპარე. სიბნელეში ტყეში გზაც ამებნა და ვიდრე არ ინათა, ვერ გამოვაღწიე. გაყინული ვიყავი, წეროვნამდე ძლივს ჩამოვაღწიე. ახლა იქ, დაბაში, ალბათ, ძებნა გამოაცხადეს ჩემზე და ვეღარასოდეს დავბრუნდები“.

ახალგაზრდა კაცმა ახალგორში შექმნილი მდგომარეობის შესახებაც გვიამბო.

„პირველი მოხმარების წამლები მშობლებს და ბებიას აქედან ჩავუტანე. იქაურ აფთიაქებში ნორმალური წამლის შოვნა შეუძლებელია. ადამიანები წამლებს ახლა რუსეთში მყოფ ნათესავებს სთხოვენ, რომ იქნებ იქიდან როგორმე გამოუგზავნონ, ან მეორე ვარიანტს ირჩევენ და ჩემსავით იქცევიან, თუმცა მე ეს ერთხელ გავაკეთე და ტყის გზით გავრისკე. ზოგი უფრო ხშირად რისკავს, მაგრამ ეს ძალიან საშიშია. გუშინ გავიგე, რომ ორი ადამიანი დაიჭირეს ამ ბილიკებზე და ჯერ საავადმყოფოს საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს, ამის შემდეგ კი საზღვრის დარღვევის ბრალდებით გაასამართლებენ. იცლება დაბა ადამიანებისგან. იქ დარჩენილებმა არ იციან, ზამთარს როგორ გადაიტანენ. ექიმი რომ დასჭირდეთ, სად წავიდნენ? ცხინვალს და ახალგორს რეალურად ჯანდაცვა არ გააჩნია, ონისე ექიმის სიკვდილმა კი კიდევ უფრო შეაშინა ახალგორელები: აბა, ექიმს თუ ვერ შველიან და მკურნალობენ, ჩვენ ვინ მოგვაქცევს ყურადღებასო?“ -ამბობს, რადიო თავისუფლების წყარო, რომლის ვინაობასაც მისი და ახალგორში დარჩენილი მშობლების უსაფრთხოებისათვის ვერ ვასახელებთ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ დაბაში დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას აღარ აინტერესებს და ახალგორელები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ტრაგიკული შემთხვევები ფიქსირდება. მეარაყიშვილი იმ ბარიერებსა და ბიუროკრატიაზე ლაპარაკობს, რომლებსაც დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებს თბილისში სამკურნალოდ გადმოსვლისას უქმნის.

„როდესაც ადამიანი ავად ხდება, ოჯახი ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართავს, სადაც შექმნილია საექიმო კომისია. ამ კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სჭირდება თუ არა პაციენტს ტრანსპორტირება თბილისში. ამ კომისიის დასკვნას უნდა გაეცნონ ჯერ ცხინვალში, ჯანდაცვის სამინისტროში. ცხინვალის ჯანდაცვის სამინისტრომ კი ასეთი წესი შემოიღო, რომ ავადმყოფი ჯერ ცხინვალში უნდა გადაიყვანონ და რამდენიმე დღე იქ უნდა გაატაროს, ცხინვალელი ექიმების ჯგუფი უნდა დააკვირდეს, მათ უნდა გამორიცხონ სიმულაცია და ამის შემდეგ უკვე ხდება გადაწყვეტილების მიღება, პაციენტი იმკურნალებს ცხინვალში თუ გადმოიყვენენ თბილისში. გვიან იღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, თავიდან იშორებენ მომაკვდავებს, როცა თბილისში გამოგზავნის გადაწყვეტილებას იღებენ. ასეთი შემთხვევები ბევრია, როცა გზაში იღუპებიან ავადმყოფები“.

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი თხოვნა გზის გახსნის თაობაზე არ შეისმინა. გასული წლის დეკემბრიდან, როცა დაბაში დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, ახალგორელებმა დამაიმედებელი ინფორმაცია ვერ მოისმინეს და მიხვდნენ, რომ იზოლაციაში დიდხანს მოუწევდათ ცხოვრება. მეარაყიშვილის თქმით, ბოლო ერთი წელია, ადგილობრივები ლეგალური თუ არალეგალური გზებით დაბის დატოვებას ცდილობენ.

„რაიონის მოსახლეობა არის განახევრებული. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ნაწილი ტყის გზას ირჩევს, ნაწილს კი წითელი ჯვარი ეხმარება. არსებობს ოჯახების გაერთიანების პროგრამა და მცირე ნაწილი ამ პროგრამით სარგებლობს იმისთვის, რომ ნათესავები მოინახულოს. ამ დროს გადამსვლელ ოჯახს თან შეუძლია 500 კილოგრამი ბარგი წაიღოს. დანარჩენ ქონებას, რაც ამ 500 კილოგრამში არ ეტევა, ადამიანები ყიდიან. ყიდიან იმას, რაც აქ წლების განმავლობაში შეუძენიათ. ეს არის პირუტყვი, შემოდგომის მოსავალი და სხვა მოძრავი და უძრავი ქონება. აი, ასე ტოვებენ საკუთარ საცხოვრებლებს ომიდან 12 წლის შემდეგ და ამას ვერავინ აჩერებს. სოფლებში თითო-ოროლა ადამიანია დარჩენილი“.

ნანა ჩქარეული, ხელმძღვანელი წეროვანში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციისა „უკეთესი მომავლისთვის“, ამბობს, რომ ამჟამად, არაოფიციალური ინფორმაციით, დაბა ახალგორში 700-დან 1000 -მდე მოსახლეა დარჩენილი.

„წეროვანში გადმოსახლებულ ყოველ მეორე ოჯახს თითო ოჯახის წევრი მაინც ჰყავს დარჩენილი ახალგორში, ამიტომ იქ ნებისმიერი ფაქტი თუ ინციდენტი წეროვანში ძალიან მტკივნეულად აღიქმება და ამ საზოგადოებას შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ხელოვნურად და ტრაგიკულად გაყოფილი საზოგადოება. ახლა იქ ყველაზე მწვავედ ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა დგას, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის ფონზე. ადგილზე არ არის სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. იქ მედიკამენტები რუსეთიდან შედის და დაბაში პროდუქტების და მედიკამენტების შეტანა სეზონზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, მე ძალიან ვღელავ იმაზე, რომ ზამთრის პერიოდში, როცა ჩაიკეტება რუსეთთან დამაკავშირებელი გვირაბი დიდთოვლობის გამო, როგორ იქნება შესაძლებელი ახალგორის მომარაგება, როცა ცხინვალსაც გაუჭირდება პროდუქტით და მედიკამენტებით მომარაგება. არავინ ვიცით, ხვალ რა მოხდება“, - აცხადებს ნანა ჩქარეული.

ახალგორშიც და წეროვანშიც კარგად იციან, რომ უმძიმესი ზამთრის გადატანა მოუწევთ, ამიტომ ახალგორელების დიდი ნაწილი საკუთარ კერას ტოვებს და გამოსაზამთრებლად წეროვნის დევნილთა დასახლებაში გადადის. დაბა სიცოცხლისთვის საშიშია და ამას ოკუპაციის პირობებში მცხოვრები მოქალაქეები, დიდი ხანია უკვე, აცნობიერებენ, თუმცა სულ ჰქონდათ იმედი, რომ გზა გაიხსნებოდა და თბილისთან დაკავშირება მათ პრობლემებს შეამსუბუქებდა ჯანდაცვის სერვისის მიღების, მედიკამენტების და პროდუქტის მომარაგების, პენსიების აღებისა და ნათესავების მონახულების თვალსაზრისით, მაგრამ ეს მოლოდინი, წელიწადზე მეტია, უშედეგოდ გრძელდება.

დაბა ახალგორი, 1 წელი და 2 თვეა, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონრებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ. ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო

პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG