Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორი დაცლის საფრთხის წინაშე. ახალი რეკომენდაციები მთავრობას


ახალგორის ერთ-ერთი ქუჩა
ახალგორის ერთ-ერთი ქუჩა

ახალგორში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. გამშვები პუნქტი 25 დეკემბრიდან შეიძლება 5 დღით გახსნან და მძიმე ავადმყოფებსა და პენსიონერებს გადაადგილების უფლება მისცენ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ეს ინფორმაცია დაბაში გავრცელდა, დაბიდან კი წეროვანში მცხოვრებმა ახალგორელებმაც მიიღეს. ნანა ჩქარეული სამოქალაქო აქტივისტია და მას მუდმივი კონტაქტი აქვს დაბაში დარჩენილებთან, მათ შორის სასულიერო პირებთან, რომლებიც ახლა ახალგორში იმყოფებიან. სწორედ მათგან შეიტყო ამ სიახლის შესახებ, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ამას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.

ჩვენი წყაროების ცნობით, ახლა ახალგორის საავადმყოფოში იმ პაციენტების აღრიცხვა მიმდინარეობს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ თბილისის კლინიკებში. ეს ძირითადად ონკოლოგიურ ავადმყოფებს ეხებათ. გარდა ამისა, იმ პენსიონერების სიაც დგება, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნული პენსიით სარგებლობს. როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტის ნაწილობრივ გახსნის შესახებ. დე ფაქტო ხელისუფლება რაზდახანს ახალგორის შესასვლელთან არსებულ პუნქტს უწოდებს. ნაწილობრივ გახსნილი პუნქტით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები და პენსიონერები ისარგებლებენ.

ბოლო პერიოდში ახალგორში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საოკუპაციო ძალების ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე იზრდება.
უჩა ნანუაშვილი


თუმცა დაბის მოსახლეებს არაერთი კითხვა აწუხებთ. მაგალითად, როგორ, რა ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი გადაადგილება თბილისის მიმართულებით. მიკროავტობუსების მძღოლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან, ისინი კი შერბილებულ გადაადგილების რეჟიმში ვერ ხვდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, პენსიონერებს მიიყვანენ გამშვებ პუნქტამდე, გარკვეულ მანძილს ისინი ფეხით გაივლიან და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სხვა ავტობუსი დახვდებათ. თუმცა ზოგი პენსიონერი 80 წელს გადაცილებულია და დაუხმარებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. გაურკვეველი რჩება პაციენტების ტრანსპორტირების საკითხიც. ნანა ჩქარეული რადიო თავისუფლებას იმ მექანიზმის შესახებ უამბობს, რომელიც პენსიონერების ტრანსპორტირებისას აქამდე მოქმედებდა. მისი ვარაუდით, შეიძლება მოქალაქეების ნაწილმა ახალგორში შექმნილი მდგომარეობის გამო უკან, დაბაში, დაბრუნება აღარ მოისურვოს და ამიტომ სახელმწიფო მზად უნდა იყოს დევნილთა ახალი ნაკადის მიღებისა და მათი განსახლებისთვის.

ახალგორი მოსახლეობისგან დაცლის საშიშროების წინაშეა, ასე ფიქრობს ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ახალგორის მიმართულებით უნდა გააქტიურდეს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბა დაიცლება:

„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მუდმივად დგანან გადაადგილების თავისუფლების, უსაფრთხოების და ფინანსური ხასიათის პრობლემების წინაშე. ბოლო პერიოდში ახალგორში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საოკუპაციო ძალების ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე იზრდება."

არაოფიციალური ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პენსიონერებს, რომლებიც მხოლოდ ქართულ პენსიას იღებენ, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს კი, რომელიც ამ კატეგორიას არ ეკუთვნის, სრულიად შეზღუდული ექნება თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ახალგორი
ახალგორი

ახალგორის მიმართ საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული ე. წ. „შემარბილებელი“ დაშვებები უნდა შეფასდეს როგორც პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული უმცირესი ნაბიჯი, რომელზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო დონეზე, რათა ახალი პრაქტიკა მისაღებ ნორმად არ დამკვიდრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ახალგორის მოსახლეობისგან სრულიად დაცლის რეალური საშიშროება.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის დამატებითი მექანიზმები შემუშავდეს.

აუცილებელია ოკუპირებული რეგიონების მიმართ ხელისუფლების ქმედებები გახდეს პროაქტიული. ახალგორის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია მსგავსი კრიზისების დროს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორიც არის, მაგალითად, ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე ადამიანთა სიის შექმნა, ასევე, საკვებისა და მედიკამენტების დროული შეტანა მოსახლეობისთვის, რომლის განხორციელების რამდენიმე მიმართულება უნდა არსებოდეს.

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან. შესაბამისად, მათთვის განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმებია შესამუშავებელი. კონკრეტულად კი, არსებულ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად, აუცილებელია სპეციალური ფინანსური დახმარების სახელმწიფო პროგრამაც შეიქმნას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ე. წ. „შემარბილებელი“ რეჟიმის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრება და მოითხოვოს ახალგორის მოსახლეობისთვის შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა“, - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რეაგირება სასწრაფოდ უნდა მოახდინოს.

ახალგორში ახლა გამშვებ პუნქტზე გადაადგილების ახალი მექანიზმების ამოქმედებას ელოდებიან, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, რომ ეს მალე განხორციელდება და ბიბილოვის ხელისუფლება ახალ მიზეზს არ მოძებნის ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების კიდევ ერთხელ შესალახავად. დაბა ახალგორი 4 სექტემბრიდან ჩაკეტილია. ბიბილოვის ხელისუფლება გამშვები პუნქტის ჩაკეტვას წნელის-ჩორჩანის საგუშაგოების კრიზისს უკავშირებს და ამ საკითხის მოგვარებამდე გზის გახსნას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG