Accessibility links

ახალი დეზინფორმაცია ჩორჩანა-წნელისის კრიზისზე, ანალიტიკოსები ესკალაციის საფრთხის მოლოდინში


წნელისი

ოსურმა მედიამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი საგუშაგო განათავსა სოფელ ჩორჩანას ჩრდილო-აღმოსავლეთით, უისტას (წნელისის) სიახლოვეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში ისაუბრეს, ასევე, ახალგორის სიახლოვეს საქართველოს ვერტმფრენის სადაზვერვო ფრენის შესახებ. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება ამ კონტექსტში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმოქმედობაზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ სადაზვერვო ფრენის დროს აამოქმედეს ცხელი ხაზი, მაგრამ სადამკვირვებლო მისიას ამ საკითხზე რეაქცია არ ჰქონია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მორიგი აბსურდი და დეზინფორმაცია უწოდეს ცხინვალის კაგებეს მიერ გავრცელებულ განცხადებას და ყველა ჩამოთვილი საკითხი კატეგორიულად უარყვეს.

საქართველოს ძალოვანი უწყებები, თითქმის ერთი წელია, ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს საოკუპაციო ხაზთან აღარ უშვებენ. ამიტომ შეუძლებელია რეალური ინფორმაციის მიღება თუნდაც ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით განვითარებული მოვლენების შესახებ.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება კი თითქმის ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას ოკუპაციის ხაზთან შექმნილი ვითარების შესახებ და საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის მისიას ხან თითქოს ლუგარის ცენტრში შექმნილი ბიოლოგიური იარაღით, კოღოებითა და მწერებით ცხინვალის მოსახლეობის მოწამვლის მცდელობაში, ხან სადაზვრევო საქმიანობასა და ხანაც საგუშაგოების მოწყობაში ადანაშაულებს. დეზინფორმაციული კამპანია უფრო მეტად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გააქტიურდა და როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ისე ოკუპირებული რეგიონიდან დაიწყო საინფორმაციო შეტევა ლუგარის ცენტრზე.

რაც შეეხება ჩორჩანა-წნელისის კრიზისს. ეს პრობლემა გასული წლის აგვისტოში დაიწყო, როცა სოფლის ტყეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგუშაგო განათავსა და იქ განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმი შეიყვანა. ამის პასუხად, შარშან, 29 აგვისტოს, დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განსაკუთრებული ზომების გატარებით დაიმუქრა. 30 აგვისტოს ბიბილოვის ხელისუფლებამ წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა. ვითარება დაიძაბა. მას შემდეგ რამდენიმე ტექნიკური შეხვედრაც ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ. ბიბილოვმა წნელისის კრიზისის მოგვარებამდე ახალგორი ჩაკეტა და, ფაქტობრივად, იქაური მოსახლეობა მძევლად აიყვანა. გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი, გამონაკლისის სახით, რამდენჯერმე გაიხსნა, ჩორჩანის ტყეში კი ოკუპირებული წნელისიდან დე ფაქტო უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტყეში გზა გაიყვანა და იქ ორი საგუშაგო მოაწყო. ამ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 16 სექტემბრის განცხადება იყო.

განცხადების ტექტში ვკითხულობთ:

„20-დან 24 აგვისტომდე მონაკვეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ახალი სადამკვირვებლო საგუშაგო იქნა აღმართული სოფელ წნელისის შემოგარენში. EUMM-ის მონაცემებით, საგუშაგო აღმართულია, დაახლოებით, 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და მდებარეობს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე, ამ სივრცეში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მდებარეობის ტრადიციული აღქმის გათვალისწინებით.

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გასულ კვირაში აღმართეს ახალი პოზიციები და განათავსეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ნიშანი, მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები თბილისის მიერ ადმინისტირებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან, როგორც ეს ტრადიციულადაა აღქმული ამ ადგილებში.

ჩორჩანა, საოკუპაციო ზოლი
ჩორჩანა, საოკუპაციო ზოლი

ეს ნიშნები მდებარეობს 1,3 კილომეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს დანაყოფებმა ასევე გააძლიერეს წარმომადგენლობა ჩორჩანის სატყეო სივრცეში.

მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე უსაფრთხოების სფეროს შეიარაღებული მოთამაშეების მნიშვნელოვან კვლავ მიმდინარე ყოფნას. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რამდენიმე ახალი პოზიციის დაარსება და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ზრდის შეჯახების პოტენციალს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას“.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ მანამდეც არაერთხელ დააფიქსირა ინტერესი და პრეტენზია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ჩორჩანას ტყეზე.იქ საპოლიციო საგუშაგოს განთავსების შემდეგ კი მათი გეგმები აირია და ამ თემას დღის წესრიგიდან არ ხსნიან.

საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილე, უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციიდან და ოკუპირებული ცხინვალიდან დაწყებული დეზინფორმაციის კამპანია ორ მიზანს ემსახურება და ის საქართველოს უსაფრთხოებისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის:

„პირველი მიზანი არის ამ თემის ტემპერატურის აწევა და, პანდემიის მიუხედავად, ამ თემის მიმართ მუდმივად მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება. ამ თემის მომხმარებელი, პირველ რიგში, არის შიდა აუდიტორია, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა. მეორე მიმართულება არის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და წინასაარჩევნო პერიოდში ამ თემების არგაციება. რისკები, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ხელმძღვანელი, გიორგი მოლოდინი, ბოლო დროს აკვირდება რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოს უკავშირდება. მისი აზრით, ეს ემსახურება როგორც შიდა აუდიტორიის მომზადებას, ასევე გარკვეულ ჩანაფიქრს საქართველოს წინააღმდეგ. მისი აზრით, ოკუპირებული რეგიონიდან სამედიცინო დეზინფორმაციულ კამპანიას უკვე სამხედრო ჟანრიც დაემატა და ეს საინფორმაციო ზეწოლა გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლებაზე.

„საყურადღებოა ის გზავნილები, რომლებსაც ეს დეზინფორმაციული ნაკადი შეიცავს. პირველი - ეს არის დასავლეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მიტაცება და მეორე - ეს არის საქართველოს სამხედრო ძალების თითქოს მობილიზება რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან. მნიშვნელოვანია ეს პატარა ინფორმაციული გამოხტომები მთლიანი პოლიტიკის კონტექსტში დავინახოთ. გავიხსენოთ, რა ტიპის პროპაგანდისტული კამპანიები ვრცელდება ცხინვალიდან ბოლო თვეებში. თუ აქამდე სამედიცინო მიმართულება იყო, ახლა უკვე სამხედრო პროპაგანდისტული ჟანრი დაემატა. ამას დავუმატოთ რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილება პარიზში ქართული სამრევლოს დაარსების შესახებ. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, დავინახავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ნორმალიზების პოლიტიკას, ჩვენდა სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. კრემლში არა აქვთ თბილისის მიმართ პოზიტიური დღის წესრიგი. მათ ერთადერთი რამ სურთ - ეს არის დამონებული, შეშინებული და ყველაფრის დამთმობი საქართველო, რომელიც თავის პოლიტიკურ ცხოვრებას კრემლის მკლავებში დაასრულებს“.

დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს წინააღმდეგ როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ასევე ოკუპირებული რეგიონებიდან, უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რისკები სათანადოდ უნდა შეაფასოს და მზად იყოს შემდგომი ესკალაციისთვის. ექსპერტების აზრით, საქართველოში მოახლოებული არჩევნების ფონზე კიდევ არაერთ ინფორმაციულ თავდასხმას უნდა ველოდოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG