Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელ პატიმრებს გააძევებენ - რას ითვალისწინებს და ვის შეეხება ახალი კანონპროექტი?

ახალი პროცედურები სავალდებულო წესით შეეხება თითქმის ყველა მსჯავრდებულს.
ახალი პროცედურები სავალდებულო წესით შეეხება თითქმის ყველა მსჯავრდებულს.

მსჯავრდებული უცხოელები საქართველოდან შესაძლოა სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე გააძევონ და ამისათვის მათი თანხმობა არ იქნება საჭირო. გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიღებს. 

ადვოკატები შიშობენ, რომ საქართველოს ციხეებში მყოფ უცხოელ პატიმრებს არასასურველ და სახიფათო შედეგებს ვეღარ აარიდებენ.

სოციალურ ქსელებში, ამ ცვლილებებს საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ - უკრაინის მოქალაქეს.

პროექტის თანახმად - “უცხოელი მსჯავრდებული არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი“.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 10-მდე კანონში შესატან ცვლილებებს აერთიანებს, პარლამენტში შსს-ს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. "სახელმწიფოს რესურსი დაიზოგება", “გააძლიერებს მიგრაციული კონტროლის ეფექტიანობას” - აღნიშნავენ ავტორები.

პარლამენტი ცვლილებების დაჩქარებული წესით განიხილავს გეგმავს - ნორმები 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

გაძევება - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები

სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს უცხოელებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას “საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით”.

ამ ზომის ამოქმედებისთვის უცხოელების თანხმობა არ არის საჭირო.

გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იღებს, სასამართლოს ჩარევის გარეშე.

საბჭოს გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აღასრულებს.


შარშან დამტკიცებული ცვლილებებით - უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა სასჯელის სახედ განისაზღვრა. გაადვილდა და გამკაცრდა უცხოელების საქართველოდან გაძევების პროცედურები.

ახალი პროცედურები სავალდებულო წესით შეეხება თითქმის ყველა მსჯავრდებულს.

პენიტენციურ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, “პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია”, რომ საბჭოს “დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა” ყველა იმ უცხოელ მსჯავრდებულზე, რომელიც განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან კონკრეტულ ვადას მოიხდის.

საპატიმრო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, ქვეყნიდან გაძევებითა და შემოსვლის აკრძალვით, შეიძლება შეეცვალოს მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული ფაქტობრივად მოიხდის:

  • ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთ მესამედს,
  • მძიმე დანაშაულისათვის - არანაკლებ ნახევარს,
  • განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის - არანაკლებ ორ მესამედს.
  • ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში - 15 წელიწადს.

“ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე” ნაკლები.

სასჯელის შეცვლა არ გამოიყენება - “თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები“ და არ ვრცელდება - უცხოელზე, რომელიც “განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში” იმყოფება.

პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მაგრამ ეს არ აჩერებს აღსრულების პროცესს.

რას მოიტანს ეს ცვლილება?

"წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების მართვის ეფექტიანობის ამაღლების საჭიროებიდან გამომდინარე", - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თმით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის გაძევებით შეცვლა - სახელმწიფოს “რესურსის დაზოგვაში” დაეხმარება.

იურისტი, ადვოკატი რუსუდან მჭედლიშვილი, რომელიც არაერთი უცხოელი მიგრანტის უფლებებს იცავს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახელმწიფო რესურსები შესაძლოა მართლაც დაიზოგოს და ცვლილებები შესაძლებელია გამართლებული იყოს - უსაფრთხოების კუთხითაც, თუმცა ის საკანონმდებლო ცვლილებებში არაერთ საფრთხეს ხედავს.

  • “ეს კანონპროექტი უცხოელ და ქართველ მსჯავრდებულებს არათანაბარ პირობებში აყენებს. თუკი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოს მოქალაქის თანხმობა ესაჭიროება, თანხმობა არ არის საჭირო უცხოელის შემთხვევაში”.
  • “როდესაც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას - გასაჩივრება შეუძლია მხარეს, მაგრამ ეს არ აჩერებს გაძევების აღსრულებას და თუკი ადამიანი უკვე გაძევებული იქნება, მერე რაღა აზრი აქვს”.


“პროექტში პირდაპირ არ ჩანს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური გარემოებების სრულ შეფასებას - მაგალითად, როგორიც არის ოჯახურ კავშირებს საქართველოში, არასრულწლოვანი შვილების ყოლა, საქართველოში ხანგრძლივად ცხოვრება… პრაქტიკაში ვხედავ რისკებს”, - ეუბნება რუსუდან მჭედლიშვილი რადიო თავისუფლებას.

ცვლილებების თანახმად, საბჭოსთვის დამატებითი ინფორმაციის წარდგენის უფლება აქვთ: თავად მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს; “თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან/უცხოელი მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია”, ჩაატარებს ზეპირ მოსმენას; “შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს: მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს.

ახალი პროექტით, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 47-ე სეკუნდა მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას - სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მათ შორის - არაადამიანური მოპყრობა და წამება.

არის თუ არა ასეთი საფრთხეები - ამას საქართველოს შს სამინისტრო შეაფასებს, საბჭოს მიმართვის საფუძველზე, 30 დღის ვადაში.

ადვოკატები არასახარბიელო პრაქტიკაზე მიუთითებენ და რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მიგრანტების გაძევების დროს საფრთხეების შეფასება არასათანადოდ ხდება.

“ადამიანს უნდა მისცე საშუალება, თვითონ, თავისი ნებით აარჩიოს - დაბრუნდეს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანაში. მქონია სამწუხარო პრაქტიკა, როცა ამ ცვლილებებზე ლაპარაკიც არ იყო, რომ პირდაპირ მოკიდეს ხელი ადამიანს და გადასცეს სხვა ქვეყანას - რუსეთია ძირითადად პრობლემა… რამდენიმე შემთხვევა იყო და ახლა ვისაც ვიცავ, საპატიმროშია ეს ადამიანი და მსგავსი საფრთხის წინაშეა [აქციების ფარგლებში დაკავებული] - თავშესაფარზე უარი გვითხრა სასამართლომ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

ნოზაძე ერთ-ერთი ადვოკატი იყო რუსი აქტივისტის - ვლადიმირ დუბოვსკის საქმეშიც. ის რუსეთში „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრშია შეყვანილი, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უყვებოდა - ეს საფრთხეები საქართველოში, თავშესაფრის მოთხოვნისას, არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინეს.

დუბოვსკი ჰყვებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაბირების მცდელობაზე, შანტაჟზე და რუსეთში გაძევების მუქარებზეც. პენიტენციურმა სამსახურმა მისი მონათხრობი "კატეგორიულად უარყო". დუბოვსკის თბილისში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოუსწრო - რომელიც რუსეთში მის გაძევებას კრძალავდა. საბოლოოდ, ის და მისი ამჟამინდელი ცოლი [ასევე გასამართლებული] ალინა საველიევა საქართველოდან სერბეთში გაუშვეს.

ახალი პროექტის ავტორები ქვეყნიდან გაძევებასა და შემოსვლაზე აკრძალვას - “თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელად” განიხილავენ.

ადვოკატების თქმით კი, არიან უცხოელი მსჯავრდებულები - რომლებსაც, საფრთხეების გამო, თავისუფლებას გაძევებით ისევ ციხეში ყოფნა ურჩევნიათ.

შეეხება თუ არა სააკაშვილს?

“სააკაშვილის უკრაინაში დეპორტაციისთვის ამზადებენ ნიადაგს”, “ერთი კაცისთვის მოგონილი კანონი”, “მიშას პიროვნებას ნამდვილად არ ეკუთვნის იმ სახელმწიფოდან გაძევება, რომლის თანამედროვე სახის შემქმნელი სწორედ თავადაა”, “გაძევებულის იარლიყის მიწებება უნდათ, რომ დაამცირონ” -- სოციალურ ქსელებში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ.

სააკაშვილი ამ ეტაპზე მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა - პატიმრობა მას ოთხ საქმეზე აქვს მისჯილი:

  • სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის) – 2018 წლის იანვარში [დაუსწრებლად] მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
  • დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე - 2018 წლის ივნისში [დაუსწრებლად] მიესაჯა 6 -წლიანი პატიმრობა;
  • საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე [ე.წ. პიჯაკების საქმე] - 2025 წლის მარტში მიესაჯა 9-წლიანი პატიმრობა;
  • საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმე - 2025 წლის მარტში მიესაჯა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით.


იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის, ჯამში 9-წლიანი, პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ბოლო საქმის მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.

სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო და ოქტომბერში 5 წელი შესრულდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ ისევ განიხილება განიხილება ე.წ. “7 ნოემბრის საქმე”. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით.

რადგან უცხოელი მსჯავრდებულების საქმის განხილვა - სავალდებულოა, ადრე თუ გვიან, ახალი ცვლილებები სააკაშვილსაც შეიძლება შეეხოს. მისი ადვოკატები ამ საკითხზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა “tv პირველთან” განაცხადა, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის დაბრუნებით არის დაინტერესებული და გათავისუფლება „ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან“.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილის საკითხი არ იქნება ფაქტორი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში.

უკუძალა

ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ - დაგეგმილი ცვლილებები “არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას”.

“წესით, ეს ცვლილებები არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანზე, რომელიც უკვე ზის [საპატიმროში]” - შესაბამისად ვარაუდობს რუსუდან მჭედლიშვილი, თუმცა იმასაც ამატებს, რომ - მიგრანტების საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით შარშან გამკაცრებული კანონმდებლობის კუთხით - “პრაქტიკაში არის არაერთი ფაქტი, როდესაც გარკვეული საკითხები მანამდე მომხდარ შემთხვევებსაც შეეხო”.

“შეეხება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები პატიმრებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებებში” - ეს საკითხი პაკეტის ავტორ შსს-შიც მოვიკითხეთ. კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

  • საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უკუძალა არ შეიძლება ჰქონდეს კანონს - “თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას”.
  • სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული და სასჯელი განისაზღვრება “კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს”; ხოლო ახალ კანონს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის “აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის”.


2025 წლის ივლისში, ერთ-ერთი კანონპროექტის განხილვისას, უკუძალასთან დაკავშირებული დავის ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ მას „კლასიკური უკუძალა, რომელიც კონსტიტუციით არის აკრძალული, რა თქმა უნდა, არ იქნება“, მაგრამ - „გამომდინარე იქიდან, რომ პროცესუალური საკითხებია, მათ შორის გავრცელდება მიმდინარე საქმეებზეც“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG