Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსი და ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე


ახალგორი
ახალგორი

არის თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევები? რას აკეთებს სახელმწიფო იქ მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად? - ეს კითხვები სულ უფრო ხშირად ისმის სოციალური ქსელებით. საქართველოს ხელისუფლებაცა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც დახმარების სურვილის შესახებ განცხადებებს აკეთებენ.

ინფორმაციული და მედიკამენტური დახმარება აფხაზეთის მიმართულებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სახელმწიფო მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.

ამირან გამყრელიძის თქმით, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში კორინავირუსის დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკვე შესთავაზა დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დაავადების დიაგნოსტირებასა და სათანადო მკურნალობაში.

მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია... ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, ავადმყოფის გადმოყვანასა და მკურნალობაში
ამირან გამყრელიძე

„მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია... ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში, იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ“, - განაცხადა 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

რადიო თავისუფლების წყარომ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მიმართულებით ბევრ ინფორმაციას ფლობს, გვიამბო, რომ თებერვლის ბოლოს, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენამდე, აფხაზურმა მხარემ სასწრაფოდ მოითხოვა გალში ტექნიკური შეხვედრის ჩატარება. ამ შეხვედრის დეტალები არც ქართულ და არც აფხაზურ მხარეებს არ გაუხმაურებიათ. წყარო კი გვიყვება, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასთან ბრძოლის და პრევენციის მეთოდები აინტერესებდათ.

„ამ თემის მიმართ აფხაზურ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რადგან იქ შიდსის, ცე-ჰეპატიტის და ტუბერკულოზის შემთხვევები ძალიან მაღალია. იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები კი რისკჯგუფში არიან. ამიტომ თებერვლის ბოლოდან სოხუმისთვის მედიკამენტების და სხვა სამედიცინო მასალის მიწოდება მიმდინარეობდა. აფხაზებს ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გარკვეული დახმარება გაუწიეს“, - გვიყვება წყარო.

მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ განცხადება თებერვლის ბოლოს გააკეთა, ენგურის ხიდზე მიმოსვლა 2 კვირის განმავლობაში მაინც იყო. საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე წყაროს ინფორმაცია და მისი სანდოობა სრულად დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უწყებაში მომუშავე კიდევ ერთმა წყარომ, თუმცა ვინაობის გამხელა იმის გამო არ ისურვა, რომ აფხაზებთან ტექნიკური შეხვედრის გაუხმაურებლობის შესახებ პირობა წინასწარ ჰქონდათ მიცემული.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ უფრო გაამკაცრა. სოხუმმა 11 მარტს გაკეთებული განცხადება სისრულეში დღეს, 15 მარტს მოიყვანა და ენგურის ხიდი ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტა, გარდა „ენგურჰესის“ თანამშრომელთა ნაწილისა, რომლებზეც ჰესის მუშაობაა დამოკიდებული და მათი ადგილზე ყოფნა აუცილებელია.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

სოხუმის მიერ დაწესებული აკრძალვა შეეხო სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში ჩასვლა თითქმის ყოველდღე უწევთ ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისის მისაღებად. მათ შორის, საუბარია დიალიზის პროგრამაში ჩართულებზე, რომლებსაც შეზღუდვების მოხსნამდე ზუგდიდში დარჩენა მოუწევთ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობისთვის ე.წ. საზღვარი უკვე ორ კვირაზე მეტია დაკეტილია. 15 მარტამდე საზღვარზე ატარებდნენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის მქონეებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ე.წ. განკარგულებით, 14 მარტის 20 საათიდან იკეტება „აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“.

მიზეზად დასახელებულია საქართველოში COVID-19 დაავადებულთა რიცხვის გაზრდა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ე.წ. განკარგულება გამოსცა 26 თებერვალსაც, როცა საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა ახალი სახეობის კორონავირუსის პირველი შემთხვევა.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე დღეს ჰესის რამდენიმე თანამშრომელი გაატარეს „მესაზღვრეებმა“. მათი თქმით, ე.წ. გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც დანარჩენ საქართველოში წამოსვლის სურვილი ჰქონდათ, თუმცა არ გაატარეს.

თებერვლის ბოლოს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებს საქართველოს კლინიკებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაბრკოლებების შექმნის გარეშე გადაიყვანს.

სრულად ჩაკეტილი ცხინვალი და წინასწარ შეთანხმებული შეხვედრის ჩაშლა.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა, თებერვალში ცხინვალში ვიზიტისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების აღდგენის თაობაზე. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეხვედრა უკვე იგეგმებოდა და მხარეებს შორის დღის წესრიგში შეტანილი საკითხებიც გაიცვალა, ოსურმა მხარემ კი ქართული დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემის საკითხის ამოღება და ამ თემის საერთოდ დახურვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლით დაიმუქრა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნეს და შეხვედრა არ შედგა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ კი ე.წ გამშვებ პუნქტებზე რეჟიმი უფრო გაამკაცრა. ჩაკეტილი ახალგორის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა. მიზეზად კი კორონავირუსის მიერ შექმნილი საფრთხე და მისი პრევენცია დაასახელა.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს, რადგან მოსახლეობა პროდუქტისა და მედიკამენტებისთვის პერევში გადადიოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაადასტურეს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტი.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები, მათ შორის, გადასასვლელების დახურვა, მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და არღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ე.წ. საზღვრის გახსნის დრო არაა დაზუსტებული.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რათა თავიდან აიცილონ საქართველოდან დაავადების ქვეყანაში შეღწევა“.

სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს. საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყოს გადაადგილება“, - აღნიშნავს მედოევი.

ამასთან, დე ფაქტო მინისტრი აცხადებს, რომ ცხინვალს საქართველოს დახმარება არ სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყოს გადაადგილება
დიმიტრი მედოევი

„უცნაურია მოისმინო მსგავსი განცხადებები. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანურობის გამოვლინება და თვით ისეთ თემაზეც კი, როგორიც კორონავირუსია, ცდილობენ, პოლიტიკური პიარი ააგონ. ამის ნაცვლად უმჯობესია საკუთარი მოქალაქეების მკურნალობით დაკავდნენ“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მედოევის განცხადებას განხილვა მოჰყვა სოცალურ ქსელებში, კომენტატორების დიდმა ნაწილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება არაადეკვატურად შეაფასა და მას რუსეთთან არსებული ე.წ. საზღვრის დაკეტვა ურჩია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 15 მარტის ინფორმაციით, რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების 59 შემთხვევაა გამოვლენილი, ორჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას კი ინტენსიური მიმოსვლა სწორედ რუსეთის ფედერაციაში აქვს.

ამჟამად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 5 ადამიანი კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ახალგორი
ახალგორი

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული კომიტეტის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევის განცხადებით, ისინი ინფექციურ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.

ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობდნენ საქართველოს. გაირკვა, რომ ერთ ქალს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები. შინ დაბრუნების შემდეგ 14 დღის განმავლობაში მოხდა მისი იზოლირება. ქალის ოჯახი ასევე იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევ ერთი საეჭვო შემთხვევა, ეს მოქალაქე ასევე დარჩება ინფექციურ საავადმყოფოში 14 დღის განმავლობაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ყველა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ინფორმირებული იყოს.

არის მასალები აფხაზურ ენაზე, ოსურ ენაზე იმის თობაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას თავი. ბუნებრივია, [რეკომენდაციები] შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა ამაზე და ცხადია, ჩვენ გვაქვს მზაობა იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას სხვა სერვისებითაც, იგივე დიაგნოსტიკით თუ მკურნალობით დავუდგეთ გვერდით და, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მიტოვებას ასეთ სიტუაციაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გადაუდებელი და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების დასახმარებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცხინვალის მიმართულებითაც განაგრძობს მუშაობას. რამდენიმე დღის წინ კომიტეტის მანქანით ოკუპირებულ რეგიონში დედა-შვილი დააბრუნეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები კი ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად რუსეთის მედიით იღებენ, თუმცა სოხუმშიც და ცხინვალშიც ეჭვობენ, რომ რუსული პროპაგანდა ახალი გამოწვევის შესახებ სრულ ინფორმაციას არ იძლევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG